შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით, კომერციული ბანკების მიერ აგრობიზნესზე გაცემული საკრედიტო პორტფელი 60-დან 800 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ შეღავათიანი კრედიტების პროგრამა შეიმუშავა. პროგრამა აგროსექტორში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოებისთვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს. კრედიტის მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი საწარმოს ზომასა და დაფინანსების სახეზეა დამოკიდებული. ამასთან, სესხზე დარიცხული პროცენტის გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა 2013 წლის 27 მარტიდან ამოქმედდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხის ოდენობა 56 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, აგროსექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 6.4-ჯერ გაიზარდა და 358 მილიონი ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ 2013-2015 წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ჯამში მართლაც გაიცა 800 მლნ ლარზე მეტი სესხი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბანკების საკრედიტო პორტფელი 800 მლნ ლარზე მეტია. შესაბამისად, 60 მილიონს (2013 წელს არსებული სესხის მოცულობა) სესხის ის მოცულობა უნდა შედარდეს, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამჟამადაა გაცემული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სექტემბრის ბოლოს საკრედიტო პორტფელი 358 მლნ ლარი იყო.
გრაფიკი 1:
აგროსექტორზე ყოვეწლიურად გაცემული სესხის მოცულობა (ნაკადები)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში გამოშვებისა და დასაქმების ზრდა წარმოადგენს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მართლაც მნიშვნელოვანი მოცულობის სესხები გაიცა, თუმცა, რამდენად შეუწყო აგროკრედიტებმა სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი, ამისათვის უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ გაიზარდა აგროსექტორში პროდუქციის წარმოება.
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ორ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა და 3 848 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 2 051 მლნ ლარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ღირებულებაა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დარგში გაცემულ სესხებს, 2015 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში აგროსექტორში გაცემული სესხების მოცულობამ 125 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 47%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
გრაფიკი 2:
აგროსექტორზე გაცემული სესხებისა და აგროსექტორში გამოშვებული პროდუქციის ზრდა
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, სოფლის მეურნეობაში წარმოების ზრდის ტემპი 2010-2011 წლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2013-2014 წლებში, როდესაც აგროკრედიტების პროგრამა ამოქმედდა. 2014 წლის მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 2012 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 7 911 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 4 533 მლნ ლარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ღირებულებაა. სოფლის მეურნეობის წილმა მშპ-ში 9.2%- შეადგინა, 2012 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 8.6% იყო.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა დაახლოებით ორი წელია მოქმედებს, შესაბამისად პროგრამის ეფექტის შესაფასებლად გადავწყვიტეთ შეგვედარებინა აგროსექტორის წარმოების დინამიკა პროგრამის ამოქმედებამდე და პროგრამის ამოქმედების შემდგომ, 2 წლიან პერიოდში.
ცხრილი 1:
სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2010-2014 წლებში
2011-2012 | 2013-2014 | |||
სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები (მლნ ლარი) | 141 | 438 | ||
1 | 1 | 1 | 1 | 1 |
ზრდა | აბსოლუტური (მლნ ლარი) | % | აბსოლუტური (მლნ ლარი) | % |
სოფლის მეურნეობის გამოშვება | 565,4 | 25,2% | 570,9 | 20,3% |
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება | 788,5 | 26,8% | 798,4 | 21,4% |
აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება სულ | 1353,9 | 26,1% | 1369,3 | 20,9% |
2013-2014
წლებში სოფლის მეურნეობის დარგში 438 მლნ ლარის ოდენობის სესხი გაიცა. 2014 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2012 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა. 2010-2012 წლებში სოფლის მეურნეობაზე 178 მლნ ლარის სესხი გაიცა, ხოლო აგროსექტორის პროდუქციის გამოშვების ზრდა 2010 წელთან მიმართებით 26%-ს შეადგენდა. ამასთან, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ზრდას აბსოლუტურ მაჩვენებლებში შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2012 და 2014 წლების მაჩვენებლები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2014 წლებში სოფლის მეურნეობაზე გაცემული კრედიტების რაოდენობა 2011-2012 წლებში გაცემული კრედიტების მოცულობას დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა, აგროსექტორის პროდუქციის გამოშვების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
დასკვნა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა 2013 წლის მარტიდან ამოქმედდა და მის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით დარგში მოქმედი ფირმების შეღავათიანი კრედიტებით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. 2013 წლის აპრილის მონაცემებით სოფლის მეურნეობის დარგში გაცემული სესხების მოცულობამ 56 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2015 წლის სექტემბრის ბოლოს სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა 6.4-ჯერ გაიზარდა და 358 მლნ ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ აგროსექტორზე გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2013-2014 წლების პერიოდში აგროსექტორის გამოშვება 21%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით იგივე ზრდის ტემპია, რაც პროგრამის ამოქმედებამდე იყო.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.