ავტობანის არსებობის შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, როდესაც სააკაშვილმა კომპანია "მილენიუმ ტრანსი" საგანგებოდ შექმნა, რათა გურიისა და ქობულეთის ტერიტორიაზე, სადაც ავტობანი უნდა გასულიყო, მიწები წინასწარ შეეძინა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ძვირად მიეყიდა".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს ინფორმაციით, "მილენიუმ ტრანსის" საქმეში შესაძლო დარღვევების შესახებ წერილი და თანდართული მასალები 2012წლის 21 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. საქმე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (გვარა, ოჩხამური და კვირკე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 59.6773 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ეხებოდა, რომელიც შპს "მილენიუმ ტრანსზე" მიზერულ ფასად გასხვისდა, შემდეგ კი 17 000%-იანი ფასნამატით სახელმწიფომ უკან შეისყიდა.
2007წლის 19 ნოემბერს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის "საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის" დაფინანსებაზე მოლაპარაკება დაიწყო, ხოლო 2008 წლის 28 იანვარს, აზიის განვითარების ბანკის მიერ გრანტი გამოიყო, რომელმაც ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთება (პროექტის ღირებულება, პროექტის აღწერა, შედეგი) დააფინანსა. აღნიშნული ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე, 2009 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება დაიდო.
2007წლის 2 მაისს, კომპანია "მილენიუმ ტრანსი" შეიქმნა, რომლის დირექტორი, დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მესაკუთრე თამაზ ნიჟარაძე იყო. აღსანიშნავია, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალი 500 ლარით და მობილური ტელეფონის - "ნოკიას" შენატანით განისაზღვრა. 2008 წლის 10 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N490 განკარგულება გამოსცა, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული 596 773 კვ.მ მიწა, მასზე არსებული ნარგავებით, პირდაპირი მიყიდვის წესით "მილენიუმ ტრანსს" გადაეცა (30 000 ათას აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. შესაბამისად, იმ პერიოდში არსებული კურსით, ერთი კვადრატული მეტრი - 7 თეთრად).
აღნიშნული განკარგულება 2009 წლის ბოლომდე ძირითად საშუალებებში 300 000 ლარის ინვესტიციას, მიწის დამუშავებასა და ჩაის პლანტაციების ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში მოყვანას ითვალისწინებდა. ასევე, ის ითვალისწინებდა მუდმივად 15, ხოლო სეზონურად 200 ადამიანის დასაქმებას. 2012 წლის 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 ივლისის N490 განკარგულებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელშეკრულებო ვალდებულებები 2012 წლის 1 აპრილამდე გადავადდა, ხოლო ადამიანების დასაქმების ვალდებულება საერთოდ გაუქმდა.
2011წლის 25 მარტს შპს "მილენიუმ ტრანსის" კრების ოქმის საფუძველზე წილების გადანაწილება მოხდა, რის მიხედვითაც, მოქალაქე ჯემალ ინაიშვილმა მისი დეიდაშვილისგან, თამაზ ნიჟარაძისაგან, 500 ათასი ლარად, "მილენიუმ ტრანსში" 50%-იანი წილი შეისყიდა. 2011 წლის 5 სექტემბერს კომპანიაში წილების ხელახალი გადანაწილება დაიწყო, რომლის შედეგადაც, თამაზ ნიჟარაძემ და ჯემალ ინაიშვილმა თავიანთი წილებიდან 16.6-16.6%, ჯამში 33.2%, თეიმურაზ ჯაშზე 330 ათას ლარად გაასხვისეს. წილების რეალიზაცია სახელმწიფოს მიერ გასხვისებული ქონების უკან შესყიდვამდე მოხდა.
სახელმწიფომ შპს "მილენიუმ ტრანსზე" გასხვისებული ქონება პირველად 2011 წლის სექტემბერში გამოისყიდა. ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთის შემოვლითი გზის 0-12.4 კმ მშენებლობისთვის 123 769 კვ.მ მიწა 1 239 790 ლარად შეისყიდა. ამის შემდგომ, 2012 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იგივე მონაკვეთის მშენებლობისთვის "მილენიუმ ტრანსისგან" 37 152 კვ.მ მიწა 446 976 ლარად მეორედ შეისყიდა. შესაბამისად, 1 კვ.მ მიწის გამოსყიდვა 12 ლარად განხორციელდა, მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის N490 განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, შ.პ.ს "მილენიუმ ტრანსს" 1 კვ.მ მიწა 7 თეთრად გადაეცა.
იმისთვის, რომ კვლევაში ორივე მხარის პოზიცია სრულყოფილად აგვესახა, ფაქტ-მეტრი კომპანია "მილენიუმ ტრანსს" დაუკავშირდა. ჩვენ კომპანიის იურისტს ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს "მილენიუმ ტრანსმა" ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. სწორედ ამ ვალდებულებების შესრულების შემდეგ მოხდა სახელმწიფოს მიერ მიწის შესყიდვა. ამასთან, ჩვენ კითხვაზე, თუ რატომ მოეხსნა კომპანიას პრეზიდენტის N490 განკარგულებით გათვალისწინებული ადამიანების დასაქმების ვალდებულება, პასუხი ვერ მივიღეთ. კომპანიის იურისტის თქმით, ყველა საჭირო დოკუმენტი საგამოძიებო სისტემაშია გადაგზავნილი. ფაქტ-მეტრის თხოვნაზე, გადმოეგზავანათ "მილენიუმ ტრანსის" საქმეში არსებული დოკუმეტაცია და წარმოედგინათ კომპანიის პოზიცია, იურისტმა გვითხრა, რომ საჭირო იყო დამფუძნებელთა კრების პასუხი, რის შემდეგაც დაგვიკავშირდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა და "მილენიუმ ტრანსიდან" არავინ დაგვკავშირებია და აღარც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობენ.
დასკვნა 2008
წლის 28 იანვარს აზიის განვითარების ბანკის გრანტით აჭარის შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დაფინანსდა. 2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება დაიდო. 2008 წლის 10 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა N490 განკარგულება გამოსცა, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული 59.6773 ჰა მიწა, მასზე არსებული ნარგავებით, პირდაპირი მიყიდვის წესით "მილენიუმ ტრანსს" გადაეცა.
2008წლის მაისში შ.პ.ს "მილენიუმ ტრანსისთვის" გადაცემული მიწა 2011 წლის სექტემებერში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკან 1 239 790 ლარად შეისყიდა (15 000%-იანი ფასნამატი), ხოლო 2012 წლის 17 სექტემბერს კი 37 152 კვ.მ მიწა - 444 976 ლარად (17 000%-იანი ფასნამატი).
სახელმწიფოს მხრიდან ზემოაღნიშნული მიწის შესყიდვამდე კომპანია "მილენიუმ ტრანსში" წილები გადანაწილდა (2011 წლის 25 მარტი). კომპანიის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი იყო. ჩვენ კვლევაში მეორე მხარის, "მილენიუმ ტრანსის" პოზიციის ასახვასაც შევეცადეთ, თუმცა კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ფაქტ-მეტრი იმის განხილვაში ვერ შევა, თუ რამდენად არსებობს ამ საქმეში კორუფციული გარიგების ნიშნები, თუმცა კვლევაში დეტალურად ავსახეთ ამ საქმის გარშემო არსებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რის შედეგადაც, ვასკვნით, რომ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადების ის ნაწილი, რომ კომპანია "მილენიუმ ტრანსს" წინა ხელისუფლებამ მინიმალურ ფასად მიჰყიდა სახელმწიფო ქონება და შემდეგ 17 000% ფასნამატით უკან შეისყიდა, არის სიმართლე.