28

ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში 2015 წლის მდგომარეობით 189 ქვეყნის ბიზნესგარემო შეფასდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო 24-ე ადგილზეა. კვლევაში ცვლილებები 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდში გატარებული რეფორმების შესწავლის შედეგად განხორციელდა.

ამ შედეგების კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,

 რომ საქართველოს მე-15 ადგილიდან 24-ე ადგილზე გადანაცვლება მხოლოდ მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობეს. ასევე, მან განაცხადა, რომ ბიზნესის კეთების გაიოლების მიზნით რეფორმები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გატარდა, თუმცა ორი და მეტი რეფორმა მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა და საქართველო ამ 18 ქვეყანაშია.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, თუ სად არის ყველაზე იოლი ბიზნესის კეთება. საქართველომ რეიტინგში 24-ე ადგილი დაიკავა, გასულ წელს კი 15-ე ადგილი ეკავა. საქართველოს პოზიციის ცვლილება ძირითადად ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოს გასულ წელსაც 24-ე ადგილი შეესაბამებოდა. ეს, აღნიშნული ინდექსის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციითაც დასტურდება. ასევე აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგია 2014 წელსაც შეიცვალა, რის შედეგადაც საქართველომ მე-9 ადგილიდან მე-15-ზე გადაინაცვლა (რეალურად კი, საქართველოს პოზიცია ერთით გაუარესდა), რის შესახებაც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ქვეყნის ადგილის ცვლილება როგორც ამ ქვეყანაში განხორციელებულ, ისე სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებზეცაა დამოკიდებული. ანუ, თუ სხვა ქვეყნები ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაამარტივებენ და საქართველო რეფორმებს არ გააგრძელებს, საქართველო იმავე ადგილზე არ იქნება და სხვა ქვეყნები უკეთეს პოზიციას დაიკავებენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეგულაციების შემცირების კუთხით 2 და მეტი რეფორმა მხოლოდ 18 ქვეყანაში გატარდა და მათ შორის საქართველოც იყო. თუმცა, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2 და მეტი რეფორმა 63 ქვეყანაში გატარდა (ცხრილი 1), აქედან 26 ქვეყანაში 3 და მეტი რეფორმა განხორციელდა. ყველაზე მეტი, 7 რეფორმა, ყაზახეთმა განახორციელა, მეორე ადგილზეა რუანდა 6 რეფორმით. 5 რეფორმა განახორციელა რუსეთმა, კვიპროსმა და ვიეტნამმა.

ცხრილი 1:

ქვეყნების რაოდენობა 2014-2015 წლებში გატარებული რეფორმების რაოდენობის მიხედვით

რეფორმების რაოდენობა ქვეყნების რაოდენობა
2 რეფორმა 37
3 რეფორმა 14
4 რეფორმა 7
5 და მეტი რეფორმა 5

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე ბიზნესის კეთების გაიოლების კუთხით საქართველოში 2 რეფორმა განხორციელდა, ესენია: მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადის შემცირება 10-დან 5 დღემდე და სასამართლოში საქმის წარმოებისთვის საბუთების ელექტრონულად ატვირთვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 3 წელიწადში (2013-2015) საქართველოში ბიზნესის კეთების გამარტივებაზე მიმართული რეფორმების რიცხვი შემცირდა. 2013-2015 წლებში სულ 3 რეფორმა განხორციელდა. 2007-2012 წლებში (2009 წლის გარდა) 4 და მეტი რეფორმა ტარდებოდა (ცხრილი 2). ბოლო 12 წლის (2003-2015 წლები) განმავლობაში კი, ჯამში, საქართველოში უფრო მეტი რეფორმა განხორციელდა, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში.

ცხრილი 2:

ბიზნესის კეთების ხელშემწყობი რეფორმების რაოდენობა საქართველოში

წლები რეფორმების რაოდენობა
2007 6
2008 4
2009 2
2010 4
2011 4
2012 6
2013 1
2014 0
2015 2

ბოლო კვლევის თანახმად, ინდექსში შემავალი ბიზნეს რეგულაციების შემფასებელი ათი კრიტერიუმიდან საქართველოს პოზიცია გაურესდა 2 კრიტერიუმში, გაუმჯობესდა 3-ში, ხოლო უცვლელი 5 კრიტერიუმში დარჩა.

ხრილი 3:

საქართველოს პოზიციის ცვლილება ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით

2014 2015 ცვლილება
საქართველოს რეიტინგი 24 24 -
ბიზნესის დაწყება 4 6 -2
სამშენებლო ნებართვების აღება 11 11 -
ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა 70 62 8
ქონების რეგისტრაცია 3 3 -
კრედიტზე ხელმისაწვდომობა 6 7 -1
მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა 20 20 -
გადასახადები 40 40 -
საგარეო ვაჭრობა 78 78 -
კონტრაქტის პირობების აღსრულება 18 13 5
გადახდისუნარიანობის აღდგენა 105 101 4

ახალი მეთოდოლოგიით, ინდექსს ისეთი ახალი ქვეკრიტერიუმები დაემატა როგორებიცაა: სამშენებლო რეგულაციების ხარისხი, ელექტროენერგიის მიწოდების სანდოობა და სატარიფო პოლიტიკის გამჭვირვალობა, მიწის ადმინისტრირების სისტემის ხარისხი და სამართლებრივი პროცესების ხარისხი. ასევე, შეიცვალა ზოგიერთი უკვე არსებული კრიტერიუმის შეფასების მეთოდოლოგია.

როგორც ძველი, ისე ახალი მეთოდოლოგიითაც, მსოფლიოში ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ადგილად ისევ სინგაპური ითვლება, მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა, ხოლო მესამეზე კი - დანია.

დასკვნა

ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის 2015-2016 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო 24-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო მე-15 ადგილზე იყო. მართალია, რეფორმების ტემპის შენელების (გატარებული რეფორმების რიცხვი) გამო საქართველოს რეიტინგში წინ აღარ წაუწევია, თუმცა რეიტინგში პოზიციის გაუარესება მეთოდოლოგიის ცვლილებამ განაპირობა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გასულ წელს მსოფლიოში მხოლოდ 18-მა ქვეყანამ განახორციელა 2 და მეტი რეფორმა და მათ შორის საქართველოცაა. საქართველომ ნამდვილად ორი რეფორმა განახორციელა, თუმცა 2 რეფორმა განახორციელა ასევე სხვა 36-მა ქვეყანამაც, ხოლო 2-ზე მეტი რეფორმა 26-მა ქვეყანამ გაატარა.

შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება: "ორი და მეტი რეფორმა მსოფლიოს მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა, საქართველო კი ამ 18 ქვეყანაშია", არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი