მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სასამართლო დავაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, "რუსთავი 2" დაატარებს 2000 კაცს აქციაზე, ზოგს ფულს უხდის, ზოგიც ნათესავია, ზოგიც მეგობარი. განსაკუთრებული არაფერი ხდება და არავითარი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს. საუბრისას, ივანიშვილმა პრეზიდენტიც გააკრიტიკა და განმარტა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა სწორედ იქ დაუშვა, როდესაც "რუსთავი 2"-ის საქმის კონტექსტში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზე ისაუბრა. ყოფილი პრემიერის თქმით, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, "ნაციონალური მოძრაობის" "გაპრავება" სურს. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი "დაუძლურებული" "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტირებას ცდილობს და გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საფუძვლად სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა ედო. "აბა ნახეთ, მისი განცხადების შემდეგ, 2 საათში "New York Times" აქვეყნებს სტატიას და აქებს პრეზიდენტის განცხადებას" - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი აზრით, სტატიის გამოქვეყნებაში პრეზიდენტ მარგველაშვილს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი ან ვინმე "მსგავსი" დაეხმარა.
ფაქტ-მეტრმა საკითხში გარკვევა სცადა და ბიძინა ივანიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
22 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ბრიფინგზე განაცხადა,რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია მოახდინა და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები შექმნა. პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ კონსტიტუციური წესრიგის დაცვა მათი პირდაპირი მოვალეობაა. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლაც შეაფასა და განმარტა, რომ მან სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა. პრეზიდენტმა ასევე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება სთხოვა.
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა თბილისის დროით შუადღის 12:20 საათზე და შესაბამისად, ნიუ-იორკის დროით დილის 04:20 საათზე დაიწყო. "New York Times"-მა საკუთარ ვებგვერდზე სააგენტო "Associated Press"-ის მორიგი ნიუსისახელწოდებით - "საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო სივრცეში შექმნილი სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებს" - დილის 08:30 საათზე, ანუ პრეზიდენტის განცხადებიდან ოთხ საათში განათავსა.
ნიუსში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ყველა პოლიტიკურ პარტიას დახმარება სთხოვა. ასევე, აღნიშნულია, რომ გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენები პირველი დიდი პოლიტიკური კრიზისია საქართველოში. სააგენტო "Associated Press"-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზეც მიუთითა და სასამართლოს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება ურჩია. მასალაში ასევე მოყვანილია მარგველაშვილის ციტატა: "შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სამოქალაქო სტაბილურობის, მშვიდობისა და საკონსტიტუციო წესრიგის შესანარჩუნებლად, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამათავრობო სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან". ნიუსში ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც ბიძინა ივანიშვილის მოკავშირემ გაიმარჯვა, შემდეგ კი, კოალიციისგან დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გაზეთი "NewYork Times" თავის ონლაინ გამოცემაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, სააგენტო "Associated Press"-ის მასალა უცვლელად გამოაქვეყნა. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს სარედაქციო სვეტს, ბლოგს და ან გამოცემის რომელიმე ავტორის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც გამომცემლობის გარკვეული პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პრაქტიკა პრესაში აპრობირებული მეთოდია, როდესაც ერთი მედიაგამოცემა, შესაბამისი წყაროს მითითებით, საინფორმაციო სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალას უცვლელად იმეორებს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ "New York Times"-ის ამ მასალის გამოქვეყნების დღეს (22 ოქტომბერს), ზემოხსენებული ნიუსის გარდა, საინფორმაციო სააგენტოების: "Associated Press"-სა და "Reuters"-ის კიდევ რამდენიმე მასალა აქვს გამოქვეყნებული. ერთ-ერთი ასეთი, სააგენტო "Reuters"-ის მიერ მიწოდებული ნიუსია,რომელიც ეუთოს მედიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებასაც ეხმიანება.
დასკვნა 22
ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგის შემდეგ, ოთხ საათში, "News York Times"-ის ვებგვერდზე გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებული ნიუსი მართლაც განთავსდა. "New York Times"-ის მასალა ინფორმაციული ხასიათისაა და ის სააგენტო "Associated Press"-იდან უცვლელად არის გადატანილი. მასში საქართველოს პრეზიდენტის "მაქებარ" პასაჟებს ვერსად ვხვდებით. ამასთან, ის არ არის სარედაქციო სვეტი, ბლოგი ან "New York Times"-ის ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა. იმავე დღეს, 22 ოქტომბერს, "New York Times"-ს აღნიშნული და სხვა სააგენტოების არაერთი მასალა აქვს გამოყენებული, რაც პრესაში გავრცელებული პრაქტიკაა. შესაბამისად, დაკვეთილი სტატიის შესახებ საუბარი, რასაც ყოფილი პრემიერის განცხადების კონტექსტი გულისხმობდა, არასწორია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.