პარლამენტის სხდომაზე, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა: "კატასტროფა ხდება ენერგეტიკაში. ეს არის შედეგი მთავრობის 3 წლიანი პოპულიზმისა. 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, როცა ეს დარგი ყველაზე მიმზიდველი იყო".

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ენერგეტიკის სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას, საპირისპიროგანცხადებაგააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ: "საქართველოს უახლეს ისტორიაში ენერგეტიკის დარგში ასეთი აღმავლობა, ასეთი ინვესტიციები არ ყოფილა".

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება გააანალიზა.

სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 19.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირველ და მეორე კვარტალში შესაბამისად - 10.9 და 8.9 მილიონის ინვესტირება განხორციელდა. შედეგად, მიმდინარე წლის ექვსი თვის მაჩვენებელი ხუთჯერ ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს და 2007 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 2010 წლის მაჩვენებელს აღემატება. როგორც გრაფიკ 1-ზე მოცემული სტატისტიკა გვიჩვენებს, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მაქსიმუმი (ექვს თვიანი პერიოდისთვის), 212.5 მლნ დოლარი, 2008 წელს დაფიქსირდა. რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში ინვესტიციების შემცირება დაიწყო და 2010 წელს მან 10.3 მილიონი შეადგინა. 2011 წლიდან 2014 წლამდე ინვესტიციები (პირველ 6 თვეში) მუდმივად მზარდი იყო, ხოლო შემდეგ კვლავ შემცირების ტენდენციას დაუბრუნდა.

გრაფიკი 1:პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, 2007-2015 წლები (მლნ. დოლარი)

image001

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, ამ მხრივ გამორჩეული 2007-2008 წლები იყო, შესაბამისად - 363 და 295 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. პოსტკრიზისული პერიოდის ჩავარდნის შემდგომ, 2011 წელს, ინვესტიციები 204 მილიონამდე გაიზარდა, 2012 წელს დაფიქსირებული კლება, 2013 წელს ისევ 245 მლნ დოლარამდე ინვესტიციების ზრდამ ჩაანაცვლა, 2014 წელს კი ინვესტიციების მოცულობა ისევ შემცირდა და 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირდა მთლიან ინვესტიციებში ენერგეტიკის წილობრივი მაჩვენებელიც. 2015 წელს დაფიქსირებული 3.7% მხოლოდ 2010 წელს დაფიქსირებულ 2.8%-ს აღემატება და გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.5-ჯერაა შემცირებული.

გრაფიკი 2:ენერგეტიკის წილი მთლიან უცხოურ ინვესტიციებში, 2007-2015 წლები

image002

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოზიდული ინვესტიციის მოცულობასთან ერთად, დარგში არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი მწარმოებლურობაა. მესამე გრაფიკზე მოცემულია ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების დინამიკა. ელექტროენერგეტიკული სექტორის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, გამომუშავება, დანაკარგის გათვალისწინებით, 2008-2014 წლებში საშუალოდ 3.5%-ით, ხოლო მოხმარება, დანაკარგის გათვალისწინებით კი, 4.3%-ით იზრდებოდა. 2012 წელს კი, 2006 წლის შემდეგ პირველად, ბალანსი უარყოფითი გახდა და დეფიციტი 2014 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. შესაბამისად, ბოლო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივმა წლიურმა გამომუშავებამ წლიური შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილება (სეზონურობიდან გამომდინარე, მოკლევადიან მონაკვეთებში დეფიციტის იმპორტით დაბალანსება შესამჩნევია მთელ პერიოდზე) ვერ უზრუნველყო. ეს კი იმპორტზე დამოკიდებულების ზრდას იწვევს და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ენერგიის მთლიანმა წარმოებამ 7,327 მლნ კვტ/სთ, ხოლო მოთხოვნამ 7,126 მლნ კვტ/სთ შეადგინა. შესაბამისად, ბალანსი დადებითია, თუმცა მოხმარებისა და წარმოების სეზონურობის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე მოცემული მაჩვენებლის გაუარესებაა მოსალოდნელი.

გრაფიკი 3:ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება 2006-2014 წლებში (მლნ. კვტ/სთ)

image003

წყარო:ელექტროენერგეტიკული სექტორის კომერციული ოპერატორი

ენერგოდეფიციტს შიდა ბაზარზე ადგილობრივი მოხმარებისა და წარმოების დისბალანსი განაპირობებს. დეფიციტის აღმოფხვრა მოკლევადიან პერიოდში დანაკლისის იმპორტირებული ენერგიით შევსებით, მოხმარების დარეგულირებით (გრაფიკით ელექტროენერგიის მიწოდება), ან სამომხმარებლო ტარიფის ზრდითაა შესაძლებელი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი მიწოდების ზრდის უზრუნველყოფაა საჭირო.

პრობლემის მოსაგვარებლად, დანაკლისის იმპორტით შევსების პარალელურად, მთავრობა აქტიურად განიხილავდა ახალი ჰესების აგებას. დაგეგმილი პროექტებიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხუდონის ჰიდროელექტროსადგური 700 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 1.5 ტვტ/სთ წლიური გამომუშავებით. ხუდონის მშენებლობაზე 2011 წელს ინვესტორთან შეთანხმება შედგა, 2012 წელს ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა მშენებელობის დაწყება დროში გაიწელა. არსებული წინააღმდეგობის ფონზე, ხელშეკრულების პირობები გადაიხედა და უფლებამოსილი პირების განცხადებების მიხედვით, მიღწეულია შეთანხმება განახლებული პირობებით ახალი მემორანდუმის ხელმოწერაზე, თუმცა დოკუმენტი ჯერ არ გაფორმებულა, ხელმოწერის სავარაუდო თარიღი კი უცნობია. გარემოზე ზემოქმედების ანალიზში არსებული ხარვეზების მიზეზით გარემოს დაცვის სამინისტროს მშენებლობის ნებართვა დღემდე არ გაუცია. ინვესტორის მიერ გარემოზე ზემოქმედების ახალი გეგმა წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად პროექტის განხორციელება შეჩერებულია და მუშაობა ახალი მემორანდუმის გასაფორმებლადმიმდინარეობს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდება, ვინაიდან ტექნიკურ და ბიუროკრატიულ საკითხებთან ერთად მოუგვარებელი რჩება ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხიც.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმებოდა, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესია. ჯერ არც ნენსკრას მშენებლობაა დაწყებული (დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები). ჰესის მშენებლობაზე Georgian Railway Construction-თან მემორანდუმი 2010 წელს გაფორმდა (სიმძლავრე 210 მგვტ), თუმცა შემდეგ ინვესტორი შეიცვალა და ახალი ინვესტორის - კორეული K-WATER-ის კონტრაქტორი Salini Impregilo ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. საპარტნიორო ფონდისინფორმაციით, ჰესის მშენებლობის ნებართვა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაიცეს, ძირითადი სამუშაოების დაწყება კი 2016 წლიდან იგეგმება.

2013 წლიდან ექსპლუატაციაში რამდენიმე მცირე ჰესი (ლარსი, ბახვი 3, არაგვიჰესი) შევიდა და ახალი ჰესების მშენებლობაც დაიწყო (შუახევიჰესი, კინტრიშაჰესი), თუმცა მათი დადგმული სიმძლავრე დაბალია, შესაბამისად დეფიციტის აღმოფხვრის კუთხით მათი მნიშვნელობა ხუდონის და ნენსკრას ჰესებსთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე 230 მგვტ-ია და წლიურად 1.8 ტერავტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. 2015 წლის 8 თვის მანძილზე თბოელექტროსადგურმა მხოლოდ ივნის-ივლისში სატესტო რეჟიმში იმუშავა და შესაბამისად - 15.9 და 8.9 მლნ კვტ.სთ ენერგია გამოიმუშავა.

ენერგეტიკული სექტორის ნაწილია ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება და მოპოვება. თუმცა, საქართველოში შესაბამისი მარაგების სიმცირის გამო, ნავთობისა და გაზის მოპოვება ლოკალური ხასიათისაა და მთლიანად სექტორზე მისი გავლენა მიზერულია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით (იხ.ბმული1,ბმული2), ნავთობის მოპოვება 2010 წლიდან შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 2009 წელს 53 967 ტონა ნავთობი მიიღეს. სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის ფონზე კი, 2014 წელს მოპოვებამ 42 632 ტონა შეადგინა.

ნავთობის ტრანსპორტირების მაჩვენებელმა თავის მაქსიმუმს 2009 წელს მიაღწია (317.2 მლნ ბარელი). მას შემდეგ, 2012 წლის ჩათვლით, კლების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო 2013 წლიდან კი მცირე ზრდა ფიქსირდება. 2014 წლის მონაცემებით კი ტრანსპორტირებულია 291.9 მლნ ბარელი ნავთობი. 2008-2012 წლებში შემცირების შემდგომ 2013 წლიდან ზრდადია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მაჩვენებელიც, რომელმაც 2014 წელს აბსოლუტურ მაქსიმუმს, 8 მლრდ კუბ.მ-ს მიაღწია. ბუნებრივი აირის მოპოვება კი, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მიზერულია.

ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვარი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ რეგულირდება. ტარიფის ცვლილების დინამიკა მოცემულია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1:ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (დღგ-ის გარეშე)

პერიოდი/დისტრიბუტორი მოხმარების მოცულობა 30 კალენდარულ დღეში თელასი ენერგო-პრო ჯორჯია
01/01/2013-მდე 101 კვტსთ ჩათვლით 11.42 11.00
101 კვტსთ - 301 კვტსთ 13.56 14.00
301 კვტსთ-ზე მეტი 15.00 14.83
01/01/2013 - 31/03/2013 101 კვტსთ ჩათვლით 8.42 8.00
101 კვტსთ - 301 კვტსთ 10.56 11.00
301 კვტსთ-ზე მეტი 15.00 14.83
01/04/2013 - 01/08/2015 101 კვტსთ ჩათვლით 8.03 7.63
101 კვტსთ - 301 კვტსთ 10.56 11.00
301 კვტსთ-ზე მეტი 15.00 14.83
01/08/2015 - 01/09/2015 101 კვტსთ ჩათვლით 8.03 10.98
101 კვტსთ - 301 კვტსთ 10.56 14.35
301 კვტსთ-ზე მეტი 15.00 18.18
01/09/2015-დან 101 კვტსთ ჩათვლით 11.00 10.98
101 კვტსთ - 301 კვტსთ 14.40 14.35
301 კვტსთ-ზე მეტი 18.20 18.18

ელექტროენერგიის ტარიფი 2013 წლის იანვრიდან 101 კვტსთ-ის ჩათვლით და 101-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით კატეგორიებზე როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" ისე "თელასის" მომხმარებლებისთვის შემცირდა, რაც ძირითადად კომპანიებისთვის მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე იქნა მიღწეული. 2015 წლის აგვისტოდან "ენერგო-პრო ჯორჯიას", სექტემბრიდან კი "თელასის" მომხმარებლებისთვისაც, ტარიფი გაიზარდა და შემცირებამდე არსებულ ნიშნულს ყველა კატეგორიაში გადააჭარბა, გარდა 101 კვტსთ-ის ჩათვლით მოხმარებული ენერგიისა. თავის მხრივ, ტარიფის ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი ვალუტის გაუფასურების ფონზე გაძვირებული ელექტროენერგიის იმპორტი და იმპორტირებულ რესურსზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის გაძვირება გახდა. აღნიშნულ საკითხზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. ბმული).

დასკვნა

სტატისტიკური მონაცემებით, ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2015 წლის 6 თვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული (გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5-ჯერ) და 2007 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 2010 წლის მონაცემს აღემატება. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, პოსტკრიზისულ პერიოდში დაფიქსირებული ჩავარდნის შემდგომ (ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი) 2007-2008 წლების ნიშნულზე დაბრუნება ვერ მოხერხდა. მწარმოებლურობის თვალსაზრისით, გასული ათწლეულის მსგავსად, უმნიშვნელოა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება, ელექტროენერგიის წარმოება კი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2008-2014 წლებში დანაკარგების გათვალისწინებით წარმოების საშუალო ზრდის ტემპმა 3.5% შეადგინა, თუმცა მოხმარების ზრდის უფრო მაღალი ტემპიდან გამომდინარე 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ბალანსი უარყოფითია. წარმოებასა და მოხმარებას შორის დისბალანსის აღმოფხვრისთვის ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის დაანონსების მიუხედავად, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ხუდონის ჰესის მშენებლობა შეფერხებულია, ნენსკრა ჰესის შემთხვევაში კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

დარგში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ ტარიფების ზრდა ნაწილობრივ ენერგოსექტორისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული (ვალუტის გაუფასურება), ხოლო ამჟამად არსებული დეფიციტი მოხმარების ზრდით და არა მწარმოებლურობის შემცირებითაა განპირობებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არისმეტწილად სიმართლე,ხოლო კახა კალაძის განცხადება -მეტწილად მცდარი.


პერსონები