7

ივლისს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ლარის დევალვაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს, რადგან მაღალია იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი და ასევე თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი, რომლებიც იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებული.

ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის დარგზე ლარის გაუფასურების გავლენა შეისწავლა.

ბოლო რვა თვეში ლარი 29%-ით გაუფასურდა. კურსის ვარდნამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა გამოიწვია. დღეის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ 4.5%-ს მიაღწია. განსაკუთრებით გაძვირდა იმპორტირებული პროდუქცია, რადგან იმპორტიორები პროდუქციას უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ და საქართველოში ლარებში ყიდიან.

2014

წლის მონაცემებით, საქართველოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარებაში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.7%-ია, 2015 წლის პირველ ნახევარში კი - 6% იყო. მოხმარებული ელექტროენერგიის 19% თბოსადგურების მიერაა გამომუშავებული, რომლებიც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იმპორტირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ლარის კურსის გაუფასურება ლარებში გამოხატულ იმპორტირებულ ელექტროენერგიას და თბოსადგურებისთვის საჭირო ბუნებრივ აირს აძვირებს.

ელექტროენერგიის მიწოდება (მლნ. კვტსთ) 2011 2012 2013 2014 2015 (6 თვე)
გამომუშავება 10105 9695 10059 10370 5575
თბოსადგურები 2212 2472 1788 2036 1102
წილი მიწოდებაში 21.3% 24.5% 17.3% 18.5% 19.0%
ჰიდროსადგურები 7892 7223 8271 8334 4473
წილი მიწოდებაში 76.0% 71.6% 80.0% 75.7% 77.1%
იმპორტი 471 615 484 852 350
წილი მიწოდებაში 4.5% 6.1% 4.7% 7.7% 6.0%
სულ რესურსი 10575 10309 10543 11222 5925
დანაკარგი 192 226 198 216 125
ქსელში მიწოდება 10383 10087 10345 11006 5800
წყარო: ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი

ცხრილიდან ჩანს, რომ ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მოხმარებული ელექტროენერგიის 26% (თბოსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის ჯამი - წელიწადში დაახლოებით 2 880 მლნ კვტსთ) გაუძვირდა. ელექტროენერგიის იმპორტზე და თბოსადგურების მიერ შესყიდულ ბუნებრივი აირის ფასზე ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირპროპორციულად აისახება, რადგან შესყიდვა დოლარში ხდება. ვალუტის კურსის გარდა, მნიშვნელოვანია შესასყიდი ფასის ცვლილება დოლარში. ამ მხრივ, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მზარდი ტენდენციაა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება 2011 2012 2013 2014 2015 (6 თვე)
იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება (მლნ დოლარებში) 24.4 32.7 30.3 51.0 22.9
კვტსთ-ის ღირებულება (ცენტებში) 5.18 5.31 6.26 5.99 6.54
ლარის წლიური საშუალო კურსი 1.686 1.651 1.663 1.766 2.177
კვტსთ-ის ღირებულება (თეთრებში) 8.73 8.77 10.41 10.57 14.24

2012

წლის შემდეგ ლარის საშუალო წლიური კურსი 32%-ით გაუფასურდა. ამასთან, 2012 წლის შემდეგ იმპორტირებული კვტსთ ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი 1.23 ცენტით (23%-ით) გაიზარდა. ჯამში, ლარის გაუფასურებამ და იმპორტირებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის მატებამ კვტსთ ელექტროენერგიის ღირებულება 5.5 თეთრით (62%-ით) გაზარდა.

სამომხმარებლო ტარიფზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასზე მეტად თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების ცვლილებას აქვს გავლენა. თბოსადგურებზე მოდის მოხმარებული ელექტროენერგიის 19%. ბუნებრივი აირის ფასი დოლარში ფიქსირებულია, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, 2012 წელთან შედარებით, თბოსადგურებს ყოველ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 32%-ით მეტი ლარის გადახდა უწევთ.

ელექტროენერგიის ბაზარი სპეციფიკურია, რადგან სამომხმარებლო ფასის დადგენა კონკურენტულ პირობებში არ ხდება. სამომხმარებლო ტარიფს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადგენს. ფასის დადგენისას სემეკი ელექტროენერგიის თვითღირებულებას, განაწილების ტარიფს და ენერგოკომპანიების მოგების წილს ითვალისწინებს.

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკს და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება "დაევალათ". 2013 წლის იანვრიდან ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით შემცირდა, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით. იურიდიული პირებისთვის კი, ტარიფი უცვლელი დარჩა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა. 2012 წლის ბოლოს ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარე წლის 25 ივლისს, რუსთავი 2-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა: "რაც შეეხება ენერგოკომპანიებთან ხელშეკრულებებს, რომლებიც გაუქმდა, დარგში ასეულობით მილიონის ინვესტირება უნდა მომხდარიყო იმ ხელშეკრულებების შესაბამისად". ამის შედეგად, საქართველოს ბაზრისთვის ელექტროენერგიის წარმოება ნაკლებ მიმზიდველი გახდა, რაც ენერგეტიკის სფეროში მოზიდულ ინვესტიციებზეც აისახა. 2014 წელს 2012 წელთან შედარებით ენერგეტიკის დარგში 45%-ით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2015 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები კიდევ უფრო შემცირდა და სულ 11 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.4%-ით, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 63%-ით ნაკლებია.

2014

წელს გაუარესდა ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობის ბალანსი. გაუარესება იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდამ გამოიწვია. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 64%-ით მეტი კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.

მლნ. კვტსთ 2011 2012 2013 2014 2015 (6 თვე)
იმპორტი 471 615 484 793 349.5
ექსპორტი -931 -528 -450 -545 -400
ბალანსი 460 -86 -34 -248 51

ელექტროენერგიის თვითღირებულების ზრდით დაზარალებულმა კომპანიებმა - "ენერგოპრომ" და "თელასმა" სემეკს სამომხმარებლო ტარიფის ზრდის განაცხადებით მიმართეს. 23 ივლისის სხდომაზე სემეკმა ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, რეგიონებში ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ერთი კვტსთ-ის ტარიფი 3.35 თეთრით გაიზარდა, თუმცა "ენერგოპრო" ტარიფის 4.5 თეთრით ზრდას ითხოვდა. "თელასის" განცხადებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა თავად ენერგეტიკის მინისტრიც ვარაუდობს,

რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება.

"ენრგოპროს" სამომხმრებლო ტარიფის ცვლილება ტარიფი 2013 წლამდე (კვტსთ/თ) ტარიფი 2013 წლიდან 2015 წლის აგვისტომდე (კვტსთ/თ) ტარიფი 2015 წლის აგვისტოდან (კვტსთ/თ)
0–101 კვტსთ 12.98 7.63 10.978
101–301 კვტსთ 16.52 11.00 14.348
301 კვტ.სთ და მეტი 17.5 14.83 18.178

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება განახორციელოს, რაც ბიუჯეტის ხარჯების ზრდას გამოიწვევს. სუბსიდირება ენერგოსექტორის გაჯანსაღების და ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების გზა არ არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტიდან პერიოდულად ბევრი ფულის ხარჯვა და შიდა ვალის აღებაა, სუბსიდირება კიდევ უფრო ზრდის რისკებს ვალუტის კურსის სტაბილურობის მიმართ და აქედან გამომდინარე, თუნდაც გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების ალბათობა კლებულობს.

დასკვნა

ლარის გაუფასურება პირდაპირპროპორციულად აისახება იმპორტირებული და თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულებაზე, რომლის წილი საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში 26%-ია. შედეგად, სემეკმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება "ენერგოპროს" მომხმარებლებისთვის ტარიფის (პირველი აგვისტოდან) 3.35 თეთრით გაზრდის შესახებ. სავარაუდოდ, ტარიფი "თელასის" მომხმარებლებსაც გაეზრდებათ.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებშიც და თბილისშიც 3.54 თეთრით შემცირდა. ტარიფის შემცირება ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების და საინვესტიციო ვალდებულებების კლების ხარჯზე მოხდა, რამაც მთლიანობაში ენერგოსექტორის განვითარება დააზარალა. კომპანიებს ნაკლები რესურსი დარჩათ ინფრასტუქტურის შენახვისთვის და ენერგო სიმძლავრეების განვითარებისთვის. 2014 წლიდან ენერგეტიკის სექტორში მოზიდულმა პირდაპირმა უცხოური ინვესტიციებმა შემცირება დაიწყო. 2015 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის პირველი კვარტალთან შედარებით ინვესტიციები 63%-ით შემცირდა. 2013 წელს ტარიფი რომ არ შემცირებულიყო, ახლა ტარიფის ზრდის აუცილებლობა არ იქნებოდა, ხოლო საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად იქნებოდა გაზრდილი.

ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკურმა პოლიტიკამაც განაპირობა. ლარის კურსის გაუფასურება კი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გარდაუვალი მიზეზი გახდა.

ის, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს, სიმართლეა. მაგრამ, თუ სიტუაციას 2013 წლიდან განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ როგორც ლარის კურსის გაუფასურების, ისე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების შემცირების ძირითადი მიზეზი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომებია.

შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების მხოლოდ ლარის კურსის გაუფასურებით ახსნა, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი