2014 წლის 30 აპრილის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზურაბ მელიქიშვილმა ხელისუფლება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების გამო გააკრიტიკა. უმცირესობის დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა: „რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ლაზიკას დავარქმევთ, ანაკლიას დავარქმევთ, რაც არ უნდა დავარქვათ, დღეს ეს პროექტი არის გაჩერებული და იქ რა ინფრასტრუქტურაც არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები ძალიან მცირე იყო, მაინც უკვე ჩანაგდება და ნადგურდება ადგილზე.“

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

გარდა იმ ფაქტის შემოწმებისა, თუ რა ეტაპზეა ანაკლიის სიახლოვეს ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის პროცესი, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, არის თუ არა განსხვავება ლაზიკისა და ანაკლიის პორტებს შორის.

ლაზიკის პორტის მშენებლობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნისას ჰქონდა დაგეგმილი, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო.

პორტი ლაზიკა საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო, მისი მშენებლობა 85 ჰექტარზე იყო გათვალისწინებული. პროექტის საორიენტაციო, მაქსიმალურ ღირებულებად 535 მილიონი ლარი მოიზრებოდა.

ლაზიკის პორტის მშენებლობასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყო ქალაქ ლაზიკის მშენებლობაც, რომელიც კოლხეთის დაბლობზე, ანაკლიასა და ყულევს შორის უნდა გაშენებულიყო. როგორც ხელისუფლება აცხადებდა, ლაზიკა უნდა ყოფილიყო სიდიდით მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ, რომელიც დასავლეთ საქართველოში მთავარი სავაჭრო–კონომიკური ცენტრის ფუნქციას შეასრულებდა. მათი გათვლით, ქალაქში უნდა ეცხოვრა მინიმუმ ნახევარ მილიონ ადამიანს. ქალაქში იქნებოდა პორტი, აეროპორტი, ტურისტული ზონა, ბიზნესცენტრი და საცხოვრებელი სივრცე.

ახალი ქალაქის მშენებლობის იდეას ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისას, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს ამომრჩევლებთან შეხვედრისას რამდენჯერმე შეეხო. ოზურგეთში გამართულ ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, მან ქალაქის მშენებლობის იდეა პრეზიდენტის ახირებად შეაფასა. ამავე პროექტებს კოალიციის ლიდერმა ჟურნალ „ფორბსის“ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ანეკდოტები უწოდა და აღნიშნა, რომ მათ სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი, ჯერ კიდევ მთავრობის დამტკიცებამდე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში პორტის მშენებლობის მომგებიანობის შემთხვევაში პროექტით დაინტერესება არ გამორიცხა. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პორტის მშენებლობა რეალისტურად მიაჩნია, თუმცა ქალაქის აშენების იდეა აბსურდულად შეაფასა. 2013 წლის 30 სექტემბერს, თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე, გავრცელდა ინფორმაცია ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების შესახებ.

როგორც იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, პორტი საქართველოში უდიდესი იქნება და ის წელიწადში 110 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ახალი პორტის მშენებლობის რამდენიმე ალტერნატიულ პროექტს განიხილავდა, მათ შორის ლაზიკის პორტის პროექტს, რომლის მშენებლობასაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს პროექტი შეჩერდა. მისივე შეფასებით, "ლაზიკას პორტი გაცილებით აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე დიდი და ამასთან არ გვიწევს ჭაობის ამოშრობა, რაც დააზარალებს ბუნებას".

ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეის გახმაურებისთანავე, პრემიერ-მინისტრს სპეციალური პრესკონფერენციით ოპოზიციიდან უპასუხეს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გიორგი ვაშაძის თქმით ანაკლიის პორტი ზუსტად იქ შენდება, სადაც ყოფილი ხელისუფლება ლაზიკის პორტის აშენებას გეგმავდა: "ამ სანაპირო ზოლში არის მხოლოდ ერთადერთი ღრმა კანიონი, სადაც შეიძლება აშენდეს პორტი, რომელიც დიდი გაბარიტების გემებს მიიღებს და სამომავლოდ ქვეყნისთვის შემოსავალს გაზრდის. ერთი წელი ჩვენ დავკარგეთ არაფერში. ამ ერთი წლის განმავლობაში პორტი შეიძლება ყოფილიყო მშენებლობის დასრულების სტადიაზე", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობას, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წლის 13 მაისს განაცხადა, ანაკლიის მიდამოებში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება.მისი ინფორმაციით, კონკრეტულად რა მიდამოებში აშენდება ეს პორტი, გადაწყდება მას შემდეგ, რაც წინასწარი დასკვნა მომზადდება.

"ამ დასკვნაში მოცემული იქნება ის ტექნიკური მონაცემები თუ სად არის ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები იმისთვის, რომ ღრმაწყლიანი პროექტი გაკეთდეს. სავარაუდოდ, ეს არის ანაკლიის მიდამოებში, მაგრამ ზუსტი წერტილი, თუ სად იქნება ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილი, ამ დასკვნაში იქნება მოცემული" – განაცხადა კვირიკაშვილმა.ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პროექტი მთლიანად კერძო თანხებით დაფინანსდება.

საპარტნიორო ფონდის მიერ 2014 წლის 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა - Oriental Consultants Company Limited, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაკვეთით კვლევას შავი ზღვისპირა აკვატორიაში ახორციელებდა, ახალი პორტის გასავითარებლად უკვე დაასრულა მუშაობა და პორტისთვის საუკეთესო ადგილად ანაკლია შეარჩია. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, პორტი, რომელიც ანაკლიაში აშენდება, შეძლებს მსხვილი გემების (ე.წ. „პანამაქსის") მომსახურებას.

ეკონომიკური საბჭოს 2 ივლისის გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნია ახალი პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა.

იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა განსხვავება ლაზიკისა და ანაკლიის პორტებს შორის, ასევე პროექტების უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფაქტ-მეტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის განყოფილების გამგეს, გიორგი ლომინაძეს და სამეცნიერო კვლევითი ფირმის - „გამას“ საზღვაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ირაკლი პაპაშვილს ესაუბრა.

როგორც ექსპერტებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ანაკლიის მიდამოში პორტის მშენებლობის იდეა ახალი არ არის. ეს წინადადება ჯერ კიდევ 1976 წელს, ჟურნალ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილებოდა, სადაც ენგურჰესის მშენებლობის შედეგად საქართველოს სანაპირო ზოლში მოსალოდნელ ცვლილებებზეა საუბარი. აღნიშნულ სტატიაში პორტის მშენებლობა გარდა პირდაპირი დატვირთვისა, ნაპირდაცვითი პრობლემის გადაწყვეტის და რესურსის გონივრულად გამოყენების გზადაც არის მიჩნეული. კერძოდ, შესაძლებელი იქნებოდა მდ. ენგურის მკვეთრად შემცირებული ნატანის პირობებში გამწვავებული უარყოფითი პროცესების შედეგად წარეცხილი ნაპირების აღდგენა და შემდგომში ზღვის სანაპირო პროცესების ხელოვნურად რეგულირება.

ანაკლიის მახლობლად ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის პროექტი 1980-იან წლების დასაწყისში მომზადებული ჰქონდათ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ არჩილ კიკნაძეს და არქიტექტორ გიორგი მეტრეველს. მათი წინადადება ენგურის შესართავთან, ანაკლიის ჩრდილოეთით, ენგურის ზღვაში ჩადინების შედეგად, სანაპიროს სიახლოვეს წარმოქმნილ კანიონთან პორტის მშენებლობას ითვალისწინებდა.

ექსპერტი ირაკლი პაპაშვილი იხსენებს, რომ ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობაზე საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებშიც იყო და მისით აქტიურად ინტერესდებოდა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ლაზიკის პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, პორტის ადგილმდებარეობის და დამცავი მოლების განლაგების ალტერნატივების განსაზღვრა ერთობლივად, ავსტრიულ-გერმანული კომპანიის “ILF Consulting Engineers” და ქართული შპს-ს „გამა კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა. პორტის ადგილმდებარეობის შერჩევისას მიღებული იქნა არჩილ კიკნაძის აზრი, რომ ენგურის ორთავიანი კანიონის სამხრეთი სათავე ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას პორტის მოწყობისათვის, თუმცა კიკნაძის პროექტი ძირითადი ნავსადგურის მოწყობას უშუალოდ მდ. ენგურის დღევანდელ შესართავში სოფელ განმუხურის მხარეს გულისხმობდა. ირაკლი პაპაშვილის ინფორმაციით, „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებული საპროექტო წინადადება 30 მლნ. ტონა გამტარიანობის პორტის მშენებლობას ითვალისწინებდა, რომელსაც მომავალში გაფართოების პერსპექტივაც ჰქონდა.

ანაკლიის მახლობლად პორტის მშენებლობის, უფრო ზუსტად კი „ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის“ მოწყობის საკუთარი წინადადება აქვს ინჟინერ სპარტაკ ერაგიას, რომლის პროექტიც პორტის განვითარებას ანაკლიიდან სამხრეთით, დაახლოებით 5 კმ-ში, მდინარე ჭურიის მიდამოებში მოიაზრებს. როგორც სპარტაკ ერაგიამ ფაქტ-მეტრთან საუბრისას განაცხადა, ის აღნიშნულ პროეტზე 2001 წლიდან მუშაობს და მისი პროექტი 100-120 მლნ. ტონა გამტარიანობის პორტის მშენებლობას ითვალისწინებს. ენგურის კანიონს სპარტაკ ერაგიას გეგმაც იყენებს და კანიონთან დასაკავშირებლად არხის გაჭრას ითვალისწინებს. „ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის“ პროექტი პორტის გარდა აეროპორტის, სარკინიგზო და საავტომობილო კვანძების მოწყობას, ასევე გათხევადებული გაზის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს.

იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იმყოფებოდა ლაზიკის პროექტის განხორციელების პროცესი და რა სამუშაოები ხორციელდებოდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ივა დავითაიას ესაუბრა, რომელიც ლაზიკის პროექტს კურირებდა.

მისი განმარტებით, იმ დროს როდესაც ამ პროექტზე წინა ხელისუფლება მუშაობდა, იგი არ ყოფილა იმ დონემდე დასრულებული, რა დონეზეც მსგავსი მასშტაბის საინვესტიციო პროექტს შეეფერება. ივა დავითაიას თქმით, ლაზიკის პორტთან დაკავშირებით დეტალურად ტექნიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან სტრატეგიული განვითარების სააგენტოში არ ყოფილა განხილული პორტის მშენებლობის კონკრეტული პროექტები და შესაბამისად, რომელიმე მათგანის სასარგებლოდ, კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობდა.

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ანაკლიისა და ლაზიკის პორტებს შორის განსხვავება არ არსებობს. მისი განმარტებით, ლაზიკის პორტის მთავარ იდეას წარმოადგენდა ანაკლიის სიახლოვეს არსებული ღრმა კანიონის დიდი სიღრმის პორტის მშენებლობისთვის გამოყენება. ივა დავითაიას თქმით, შეიძლება ძველმა ან ახალმა მმართველმა გუნდებმა განსხვავებული კონფიგურაცია მიანიჭოს პორტის განლაგებას, მის შესაძლო მოცულობას და ტვირთგამტარობას, თუმცა, საბოლოო ჯამში, პორტი მაინც ერთია. მისივე ინფორმაციით, მართალია არ არსებობდა საბოლოოდ დამტკიცებული პროექტი, თუმცა არსებობდა ზოგადი მონახაზი, რომ პორტი სავარაუდოდ 100 მლნ. ტონა ტვირთგამტარობის უნდა ყოფილიყო.

ივა დავითაის თქმით, ლაზიკის პორტის პროექტზე ასევე მუშაობდნენ საპარტნიორო ფონდი და საქართველოს რკინიგზა, რომლებმაც დაიწყეს ეკონომიკური დასაბუთების კვლევაზე (feasibility study) და ე.წ. Master გეგმაზე ტენდერების მომზადება და მათი გამოცხადება. მისი ინფორმაციით, ეს ტენდერები გამოცხადებული იყო და აქტივობები გარკვეულ ეტაპზე მივიდა, თუმცა პროექტზე მუშაობა 2012 წლის ოქტომბერში შეწყდა.

ივა დავითაია მიიჩნევს, რომ პორტის მშენებლობის პროცესში ხელისუფლებამ დრო დაკარგა, რადგან იმ პერიოდში, როცა იგი სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა, პორტის მშენებლობა მოსამზადებელ სტადიაზე იმყოფებოდა. ახლა, დაახლოებით ორი წლის შემდეგ, პროექტი კვლავაც მოსამზადებელ ეტაპზეა.

ფაქტ-მეტრი შეეცადა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით, ანაკლიისა და ლაზიკის პორტების პროექტებს შორის მსგავსებები და განსხვავებები დაედგინა, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. კონკრეტული შეკითხვების გარდა, ფაქტ-მეტრი აღნიშნული უწყებებიდან ლაზიკის და ანაკლიის პორტებთან დაკავშირებული, ამ უწყებებში დაცული ყველა დოკუმენტის ასლს ითხოვდა, თუმცა მათ არც ეს დოკუმენტები აღმოაჩნდათ.

ლაზიკის პორტთან დაკავშირებულ ჩვენს ამ მოთხოვნას მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომელმაც ჩვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხად მოგვწერა, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობდნენ, რაც შეეხება ლაზიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, ადმინისტრაციამ მათთან არსებული დოკუმენტები მოგვაწოდა.

საჯარო უწყებებში აღნიშნული ინფორმაციის არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ როგორც სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ივა დავითაიამაც განგვიცხადა, ლაზიკის პორტის შესახებ კონკრეტული საპროექტო გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად, თუკი არ იყო ლაზიკის პორტის კონკრეტული პროექტი შერჩეული და დეტალურად არც ახლაა გადაწყვეტილი, თუ რა კონფიგურაციის პორტი აშენდება ანაკლიაში, საუბარი ლაზიკისა და ანაკლიის პორტებს შორის განსხვავებაზეც მართებული ვერ იქნება.

დასკვნა

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ანაკლიის სიახლოვეს პორტის მშენებლობის სხვადასხვა პროექტის და წინადადების შემთხვევაში, საერთოა ღრმაწყლიანი პორტის აშენების იდეა, ასევე, ზღვაში, ანაკლიის სანაპიროსთან მდებარე ენგურის კანიონი, რომლის გამოყენებასაც ჩვენთვის აქამდე ხელმისაწვდომი ყველა პროექტი მოიაზრებს. პორტის მშენებლობის იდეა გასული საუკუნის 1970-იანი წლებიდან არსებობს. ის კი, თუ რომელი კომპანია, რა სიმძლავრის, რა ღირებულების პროექტს განახორციელებს და კოლხეთის დაბლობზე რა მიმართულებით განავითარებს, უშუალოდ კონკრეტულ პროექტზეა დამოკიდებული.

როგორც ექსპერტებთან საუბრით ვარკვევთ, 2012 წელს ლაზიკის პორტის მშენებლობა საწყის ეტაპზე იყო, არსებობდა რამდენიმე საპროექტო წინადადება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ასევე, საბოლოო პროექტის დამუშავებისთვის ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების და კვლევების ჩატარება იყო საჭირო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ლაზიკის პროექტზე მუშაობა არ გაგრძელებულა, თუმცა თავად პორტის იდეა უკუგდებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის აშენების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას მთავრობის ხელმძღვანელმა 2013 წლის 30 სექტემბერს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ამცნო. პორტის აშენების მიზნით მთავრობის მუშაობა სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა.

ამჟამად, პორტის მშენებლობის მიზნით, მთავრობა დაინტერესებული კომპანიების ინვესტიციების მოზიდვისა და პროექტის შერჩევის მიმართულებით მუშაობს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებაში მოსვლიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველა შემთხვევაში ანაკლიის და ლაზიკის პორტების კონცეფციის მთავარი მახასიათებელი, ანაკლიის სიახლოვეს არსებული ენგურის კანიონის გამოყენებაა. მათ სწორედ ეს ფუნდამენტური მსგავსება გააჩნიათ.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება:„რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ლაზიკას დავარქმევთ თუ ანაკლიას, დღეს ეს პროექტი გაჩერებულია,” არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი