"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღების თემაზე საუბრისას განაცხადა: "ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკანონო, კოორდინირებული მოქმედება ორი შტოსი - სასამართლოს წარმომადგენლის და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის, რომელიც მართული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ. საჯარო რეესტრმა დროის მოგების მიზნით დაადგინა ტექნიკური ხარვეზი და შეაჩერა წილის ნაყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. ამასობაში სასამართლომ მიიღო უკანონო განჩინება, რამაც შეუძლებელი გახადა საჯარო რეესტრის მიერ ამ ტრანზაქციის დასრულება".

ფაქტ-მეტრი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და გიგა ბოკერიას განცხადება გადაამოწმა (იხ. ამ თემაზე მომზადებული სტატია). 2015 წლის 4 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა,

რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, 2006 წლის დეკემბერში იძულებით დაათმობინეს.

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ 5 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კუთვნილ უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე "რუსთავი 2"-ს და მის პარტნიორებს გარკვეული უფლებამოსილებების განხორციელება აეკრძალათ, მათ შორის: ტელეკომპანიის სახელზე არსებული მოძრავი ქონების

გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, საზოგადოების სახელით ვალდებულებების აღება, წლიური შედეგების დამტკიცება, წესდებაში ცვლილებების შეტანა და ა.შ.

"

რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოს განჩინების შედეგად, "რუსთავი 2" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვა გახდა საჭირო. ამ მიზნით, "რუსთავი 2"-ის 51%-იანი წილის მფლობელმა "ტელეკომპანია საქართველომ" მისი წილის გასხვისება გადაწყვიტა. გარიგების თანახმად, "ტელეკომპანია საქართველოს" წილების შემძენი ბიზნესმენი დიმიტრი ჩიქოვანი "რუსთავი 2"-ის კაპიტალში რამდენიმე მილიონის ინვესტირების ვალდებულებას იღებდა.

29

სექტემბერს, 17:53 წუთზე, "ტელეკომპანია საქართველოს" წილის შემძენის, დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატმა საჯარო რეესტრს მიმართა და დაჩქარებული წესით (იმავე დღის 12 საათამდე) წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა ჩათვალა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია სამართლებრივ ხარვეზს შეიცავდა და 23:54 საათზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატის მიერ "ტელეკომპანია საქართველოში" წილის შეძენა მისთვის მინდობილობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა. კერძოდ, მინდობილობის მიხედვით, მას შპს "ტელეკომპანია საქართველოს" ნებისმიერი ოდენობის წილის შეძენის უფლება, ანუ მის საკუთრებაში არსებული წილების (აქ შეიძლება იგულისხმებოდეს წილები, რომელიც  მას სხვა საწარმოებში გააჩნია) და არა უშუალოდ ამ საზოგადოებაში არსებული ყველა წილის შესყიდვის უფლებამოსილება გააჩნდა.

დამატებითი დოკუმენტაცია მეორე დღეს, 15:45 წუთზე წარადგინეს. მინდობილობაში შემდეგი სიტყვები დაემატა: "რწმუნებული უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საჭირო მოქმედება დიმიტრი ჩიქოვანის სახელით შპს "ტელეკომპანია საქართველოს" ნებისმიერი ოდენობის (მათ შორის 100%-იანი) წილის ყიდვასთან/შეძენასთან დაკავშირებით". თუმცა, საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში საჯარო რეესტრი არ არის ვალდებული ცალკე გადაწყვეტილებით განუმარტოს, თუ რატომ არ ხდება დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედეგად რეგისტრაციის გაგრძელება. თუმცა, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრმა 1 ოქტომბერს, მის ოფიციალურ ვებგვერზე გააკეთა საჯარო განცხადება და დააზუსტა, რომ წარმომადგენელს ჰქონდა "ტელეკომპანია საქართველო"-ში წილების შეძენის უფლება და არა "ტელეკომპანია საქართველო"-ს

წილების.

მართალია უშუალოდ კუთვნილებითი ნიშნის ჩასწორება არ მომხდარა, თუმცა ახალი მინდობილობის თანახმად, რწმუნებულს მიენიჭა "ტელეკომპანია საქართველოს" 100%-იანი წილის შეძენის უფლებამოსილება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში ასევე იყო საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმადაც წილის მესაკუთრეებმა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" 100%-იანი წილის" 

დიმიტრი ჩიქოვანის სახელზე გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო რეესტრს არ გასჩენია კითხვა, თუ რომელი წილების გასხვისება ხდებოდა. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რატომ იყო რეესტრისთვის ბუნდოვანი მინდობილობის ტექსტი, რომელიც საერთო კრების გადაწყვეტილების იდენტური იყო.

30

სექტემბერს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, სასამართლოს "ტელეკომპანია საქართველოს" წილების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა. მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლოში მიმართვიდან დაახლოებით სამ საათში (17:39 სთ-ზე) შესაძლებელი გახდა სასამართლოს  განჩინების საფუძველზე "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების საზოგადოებაში არსებულ წილებზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის დაწყება.

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს სასამართლოსა და საჯარო რეესტრის ასეთი "მობილიზება", მაშინ როდესაც საქმის განმხილველ მოსამართლეს 15:00 საათზე 4 პროცესი ჰქონდა ჩანიშნული. თუმცა, როგორც თავად მოსამართლემ განმარტა, მას ჩანიშნული პროცესებისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებოდა და არც "ტელეკომპანია საქართველოს" საქმე იყო მისთვის განსაკუთრებული სირთულის, ვინაიდან საქმის გარემოებებს კარგად იცნობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრმა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია 30 სექტემბერს 21:39 საათზე დაასრულა, მაშინ როდესაც წარმოების დასასრულებლად 3 დღიანი ვადა ჰქონდა და საფრთხე არც განმცხადებლის ინტერესებს ემუქრებოდა. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მიხედვით, თუკი ყადაღის რეგისტრაცია და პარალელურად სხვა სახის რეგისტრაციაა მოთხოვნილი, რომელიც თავისი შინაარსით ყადაღის არსს ეწინააღმდეგება, მაშინ ეს უკანასკნელი ყადაღის რეგისტრაციის დასრულებამდე ჩერდება. შესაბამისად, ეჭვს იწვევს იმ რეგისტრატორის "კეთილი ნება" და ამ კონკრეტული საქმისადმი განსაკუთრებული ინტერესი, რომელიც გვიან ღამემდე დარჩა, რათა ბოლომდე მიეყვანა საქმე, რომლის დასასრულებლადაც კიდევ 2 დღე წინ ჰქონდა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნულ პროცესში საქმის დაჩქარების ინტერესი იგრძნობოდა, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება სრულიად უკანონო იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ  პირველ რიგში აუცილებელია "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორებს საწარმოსთვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების შეცვლა და სხვა ღონისძიებების განხორციელება აეკრძალოთ, ვინაიდან მოსარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ ქმედებებმა შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება დააბრკოლოს. კერძოდ, მოსარჩელეს შეიძლება დამატებითი პროცესუალური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის მხარის უფლებამონაცვლედ ცნობა მოუწიოს. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ სახის ცვლილება აისახება საჯარო რეესტრში, საჯაროა ყველასთვის და შესაბამისად უფლებამონაცვლეობის დადგენას მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა სჭირდება. ამიტომ, განჩინებიდან კარგად არ ჩანს, თუ რა სახის პროცესუალურ სირთულეებს გულისხმობს სასამართლო.

ამასთან, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების წილების დაყადაღების ნაწილში მიზანშეწონილად მიიჩნია. მოსამართლის განმარტებით, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა  და დამატებით მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც "ტელეკომპანია საქართველოში" პარტნიორების სრული წილები შეიძლება აღსრულებას დაექვემდებაროს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანიის ფინანსური ვალდებულებები მხოლოდ საწარმოს ქონებით შემოიფარგლება და მისი წევრები საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე მხოლოდ საზოგადოების კაპიტალში თავიანთი შენატანების ფარგლებში აგებენ პასუხს. სწორედ ამიტომ  შპს ყველაზე მიმზიდველი და გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა. შესაბამისად, თუკი ერთი კონკრეტული საწარმოს წინააღმდეგ დავის გამო შესაძლებელი იქნება მისი პარტნიორის საკუთრებაში არსებული სხვა წილების დაყადაღებაც, მაშინ შპს-ის არსიც დაიკარგება - გაზრდილი რისკის ქვეშ დამდგარი ინვესტორები დაკარგავენ ინტერესს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს განჩინებაში არ ჩანს სამართლებრივი ბმა, რის საფუძველზეც მოსამართლემ "ტელეკომპანია საქართველოში" არსებული წილების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, ჩნდება ეჭვი ამ განჩინების კანონიერების შესახებ, რომელმაც შეიძლება ქვეყნისთვის საზიანო პრაქტიკა დანერგოს.

ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო მხოლოდ ერთი მხარის უფლებებსა და ინტერესებზე აპელირებს, რომელიც, როგორც განჩინებიდან ჩანს, პრევალირებს იმ პირების ინტერესებს, რომელზეც ყადაღის დადება გავლენას იქონიებს. შესაბამისად, განჩინებიდან არ ჩანს, თუ რამდენად პროპორციულია მოცემულ შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება და "ტელეკომპანია საქართველოსა" და მისი პარტნიორებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა. ამასთან, კანონის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება ზარალი მიადგეს, მოსამართლეს, თავისი ინიციატივით, შეუძლია მოსარჩელეს მეორე მხარისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოსთხოვოს. მოცემულ საქმეში მოსამართლეს მსგავსი ინიციატივა არ გამოუჩენია.

დასკვნა

საჯარო რეესტრის სპეციფიკისა და ასევე მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმისადმი განსაკუთრებული ინტერესების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, თუკი წილების გასხვისების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა და მისი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. თავის მხრივ, არც სასამართლოს მხრიდან სწრაფი რეაგირება შეიძლება მივიჩნიოთ ცალსახად გარეშე პირის მითითებების შესრულებად და მოსარჩელის ინტერესების გატარებად. თუმცა, საჯარო რეესტრის მიერ ადვოკატის მინდობილობაში მხოლოდ ზემოაღნიშნული ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის საფუძველზე წარმოების შეჩერება, ხოლო შემდეგ დამატებით წარდგენილი მინდობილობის საფუძველზე წარმოების არ განახლება, რამაც შესაძლებელი გახადა ყადაღის რეგისტრაციის დაწყება, ცალსახად მიანიშნებს საჯარო რეესტრის აქტიურ როლზე.

მოცემულ საქმეში მრავალი კითხვა ჩნდება, რაც თავის მხრივ სახელმწიფო ორგანოების მიკერძოებულობის ეჭვს ბადებს. რაც შეეხება სასამართლოს განჩინებას, ის ბუნდოვანია, არ ჩანს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის უმთავრესი პირობა - მიზანშეწონილობა. შესაბამისად, ყველაზე დიდ ეჭვს სწორედ განჩინება ბადებს, რომლის კანონიერებისა თუ უკანონობის დადგენაც ზემდგომი სასამართლოს პრეროგატივაა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი კვლავაც აგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს, თუმცა ამ ეტაპზე ასკვნის, რომ გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი