ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებლების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ ლარი გამოიყო, დაკმაყოფილებულია 153 ოჯახი
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ერთ-ერთ თავში ეკომიგრანტების თემაზეც არის საუბარი. უფრო კონკრეტულად კი, ვკითხულობთ (გვ. 11), რომ "2015 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები 2013-2014 წლებთან შედარებით გასამმაგდა და 1 800 000 ლარი შეადგინა. ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია 153 ეკომიგრანტი ოჯახი". ფაქტ-მეტრმა მთავრობის ანგარიშში წარმოდგენილი ეს მონაცემები გადაამოწმა. ეკომიგრანტის სტატუსი კანონით განსაზღვრული არაა. თუმცა, დევნილთა და განსახლების მინისტრის 779-ე ბრძანებით, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც ეკომიგრანტებად მიიჩნევიან. ამ ბრძანების პირველი მუხლის მიხედვით, ეკომიგრანტად ჩაითვლება პირი, რომლის სახლიც დანგრეულია და ვერ აღდგება, ან არ არის დანგრეული, მაგრამ იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს გარემო საფრთხეს უქმნის. აღნიშნული ბრძანება განსაზღვრავს ეკომიგრანტების შეფასების კრიტერიუმებსაც, რომელიც მათ გარკვეულ ქულებს და შესაბამის პრიორიტეტებს ანიჭებს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს 2 წლიანი მუშაობის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ეკომიგრანტებისთვის მართლაც 1 800 000 ლარი გამოიყო. ამ მონაცემებს ფაქტ-მეტრთან საუბარში ასევე ადასტურებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი კოტე რაზმაძეც. მისი თქმით, მოცემულ მომენტში, აღნიშნული სტატუსის მატარებელი 153 ეკომიგრანტი ოჯახია დაკმაყოფილებული და  წლის ბოლომდე მათი რიცხვი 50-ით გაიზრდება. როგორც რაზმაძემ ჩვენთან ინტერვიუში განმარტა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაცია და ამის შემდგომ ქონების 1 013 ეკომიგრანტი ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემაც იგეგმება. ეს პროცესი შემდეგ ელემენტებს მოიცავს: 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების მომზადება, მათი სახელმწიფო საკუთრებად ხელახალი რეგისტრაცია, ამის შემდეგ კი აღნიშნული ქონების ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემა.   დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კუთხით გარკვეული სამუშაოების გაწევაზე მედიაში არსებული ინფორმაციაც მეტყველებს. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით გასულ წელს კომისია შეიქმნა, რომელიც ეკომიგრანტების სტატუსის შესახებ კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობს. კანონპროექტის მომზადებასა და მიღებამდე კი, ეკომიგრანტებისთვის სტატუსის მინიჭების გარემოებები მინისტრის 779-ე ბრძანებით რეგულირდება. ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ წელს, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებლების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ ლარი გამოიყო. ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია 153 ოჯახი და წლის ბოლომდე კიდევ 50 ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება. მთავრობის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ადასტურებს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ანგარიშიც. ასევე, ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია დევნილთა სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსმაც დაადასტურა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მთავრობის ანგარიშში ეკომიგრანტებთან დაკავშირებით მოყვანილი მონაცემები სიმართლე შეესაბამება.