სექტემბერს რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანის" მთავარი თემა ყურძნის ფასი იყო. ამ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ ყურძენზე დაბალი ფასი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული. მსოფლიო კრიზისის დასტურად მან ნავთობზე შემცირებული ფასი მოიყვანა. მისი თქმით, 2 წლის წინ ბარელი ნავთობი 120 დოლარი ღირდა და წელს ფასი 45 დოლარამდე ჩამოვიდა, ფასმა 220%-ით დაიკლო. 5 ოქტომბერს, გადაცემა 20/30-ში "მთელ მსოფლიოში არსებულ კრიზისზე" გაამახვილა ყურადღება უმრავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმაც.
ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, არის თუ არა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი ამჟამად.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ისეთ სიტუაციას გულისხმობს, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ყველა ან უმეტეს ქვეყნებში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია. დღეის მდგომარეობით, ბოლო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ადგილი ჰქონდა 2009 წელს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში (90 ქვეყანა) ეკონომიკა ან ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მეტად შემცირდა უკრაინის (-15%), ბალტიისპირეთის ქვეყნების (-14-15%), რუსეთის (-7.8%), იაპონიის (-5.5%), თურქეთის (-4.8%), საქართველოს (-3.7%), აშშ-ის (-2.8%) და ევროკავშირის (-4.3%) ეკონომიკები. განვითარებულ ქვეყნებში, ჯამში, ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. ეკონომიკის შემცირებას თან ახლდა უმუშევრობის დონის ზრდა. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობა 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 8.2% შეადგინა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2.8%-ით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა კი 4.4%-ით გაიზრდება. იმავე პროგნოზით, განვითარებადი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის (სადაც საქართველოც შედის) ეკონომიკა 1.8%-ით უნდა გაიზარდოს. ყველაზე მეტად (6.7%) კი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდაა ნავარაუდები.
ამჟამად, მსოფლიოში არათუ ეკონომიკური კრიზისი არ არის, არამედ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მიმდინარე წელი 2014 წელზე უკეთესი იქნება (იხ. ცხრილი 1, ცხრილი 2).
ცხრილი 1:
ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყნების ჯგუფებში და მაღალშემოსავლიან ქვეყნებში
მსოფლიო ბანკი | 2014 | 2015 |
ჯგუფები | ||
მსოფლიო | 2.6 | 2.8 |
განვითარებადი ქვეყნები | 4.6 | 4.4 |
მაღალშემოსავლიანი ქვეყნები | 1.8 | 2 |
ევრო ზონა | 0.9 | 1.5 |
ქვეყნები | ||
საუდის არაბეთი | 4.3 | 4.6 |
პოლონეთი | 3.4 | 3.6 |
ჩილე | 1.9 | 2.9 |
აშშ | 2.4 | 2.7 |
გაერთიანებული სამეფო | 2.8 | 2.6 |
ჩეხეთი | 2 | 2.4 |
სლოვაკეთ | 2.4 | 2.4 |
იაპონია | 0 | 1.1 |
ხორვატია | -0.4 | 0.5 |
რუსეთი | 0.6 | -2.7 |
ცხრილი 2:
ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყნების ჯგუფებში და დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში
სავალუტო ფონდი | 2014 | 2015 |
ჯგუფები | ||
მსოფლიო | 3.4 | 3.3 |
განვითარებადი ქვეყნები | 4.6 | 4.2 |
ევროზონა | 0.8 | 1.5 |
განვითარებული ქვეყნები | 1.8 | 2.1 |
ქვეყნები | ||
აშშ | 2.4 | 2.5 |
გერმანია | 1.6 | 1.6 |
საფრანგეთი | 0.2 | 1.2 |
იტალია | -0.4 | 0.7 |
გაერთიანებული სამეფო | 2.9 | 2.4 |
ესპანეთი | 1.4 | 3.1 |
იაპონია | -0.1 | 0.8 |
ჩინეთი | 7.4 | 6.8 |
ინდოეთი | 7.3 | 7.5 |
რუსეთი | 0.6 | -3.4 |
ბრაზილია | 0.1 | -1.5 |
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2015 წელს საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა 4.1%-ით გაიზრდება. 2014 წელს ის 3.2%-ით გაიზარდა.
პარლამენტარმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დამადასტურებელ არგუმენტად ნავთობის ფასის შემცირება მოიყვანა. გასული წლის ზაფხულში ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 95 დოლარი იყო. ის ახლა 45 დოლარი ღირს, ანუ ფასი 53%-ით შემცირდა. აღსანიშნავია რომ პარლამენტარი ფასის 220%-იან კლებაზე მიუთითებს. ასეთი კლება კი თეორიულადაც ვერ იარსებებს, რადგან ფასი შესაძლოა მაქსიმუმ 100%-ით შემცირდეს, ანუ განულდეს. გარდა მათემეტიკური უზუსტობისა, ეს განცხადება შინაარსობრივადაც მცდარია. ნავთობზე ფასი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო არ შემცირებულა, როგორც ეს 2009 წელს მოხდა. ფასის შემცირების ძირითადი ეკონომიკური მიზეზი აშშ-ის მიერ ნავთობწარმოების მნიშვნელოვნად ზრდაა. აშშ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ნავთობმწარმოებელი გახდა. სხვა მსხვილმა ნავთობმწარმოებელმა ქვეყნებმა კი ნავთობის მოპოვება არ შეამცირეს. ნავთობის ფასის გაიაფებას (აშშ დოლარებში) ასევე ხელი შეუწყო აშშ დოლარის გლობალური გამყარებამაც.
ნავთობის ფასზე მოთხოვნა-მიწოდების გარდა, მნიშვნელოვნად მოქმედებს მოლოდინებიც. გეოპოლიტიკური რისკების ზრდის გამო, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ისლამური სახელმწიფო, საბერძნეთის კრიზისი და ჩინეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასების კლება, მოლოდინები გაურესებულია. ბოლო თვეებში აღნიშნულ ფაქტორებს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე შეთანხმებაც დაემატა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური ავტომობილების და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციაც.
ბუნებრივია, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე და მათ საგარეო ეკონომიკურ აქტივობაზე (ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე) ნავთობის ფასის შემცირება უარყოფითად აისახა. ამასთან, ნავთობი წარმოების საშუალებაა და მისი გაიაფება სამრეწველო პროდუქციის წარმოებას და მიწოდებას აიაფებს. შესაბამისად, ნავთობის ფასების შემცირების მსოფლიო ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითი გავლენის მქონედ აღიარება არასწორია. ამ პროცესს ჰყავს როგორც წაგებული, ასევე მოგებული მხარეები.
დასკვნა
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მაშინ გვაქვს, როდესაც მსოფლიო ქვეყნების უმეტესობა (განსაკუთრებით დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები) სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე არიან, მცირდება ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და იზრდება უმუშევრობა. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებით, უმეტესი ქვეყნებისთვის 2015 წელი 2014 წელზე უკეთესი იქნება. მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით გაიზრდება. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები აქვს (მაგ. რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. მსოფლიოში ყოველ წელს მოიძებნება ქვეყნები, სადაც სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია.
ნავთობის მსოფლიო ფასი 53%-ით და არა 220%-ით შემცირდა. 220%-ით შემცირება შეუძლებელია. ნავთობის ფასის შემცირებას სხვადასხვა ობიექტური მიზეზი ჰქონდა და ის მსოფლიოში პროდუქციის წარმოების შემცირების და აქედან გამომდინარე ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო არ შემცირებულა, როგორც ეს 2009 წელს მოხდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადება არის მცდარი.