1 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ყურადღება საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზეც გამახვილდა. აღნიშნულს, პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პარტიულ მიკერძოებას, რადგან საკითხზე მომხსენებელი "ევროპის სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისივე თქმით: "

ეს არის ერთი გუნდის, "ევროპის სახალხო პარტიის" გამარჯვება, რომლის წევრი "ნაციონალური მოძრაობაა", მეორე - "ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე გუნდზე.

ფაქტ-მეტრი გიორგი ვოლსკის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ყურადღება უდანაშაულობის პრეზუმციის მნიშვნელობასა და წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზეა გამახვილებული. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როგორც უკიდურესი ზომა, მაშინ, როდესაც ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენება სასამართლო პროცესის წარმოებისთვის არ არის საკმარისი.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების მკაფიო ლიმიტი დაადგინა. ასამბლეა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მონაწილე ქვეყნებს, როგორც წესი, კანონი შესაბამისობაში აქვთ, მაგრამ მათი აღმასრულებელი პირები და სასამართლოები არ იცავენ მას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განმარტავს, რომ ევროპაში წინასწარი პატიმრობის მაღალი მაჩვენებელი (425 000) იმაზე მიანიშნებს, რომ ნებადართული დაკავებები, რომელიც მოწმეებზე ზეგავლენისა და სხვა სამხილების წარმოდგენის დაბრკოლების პრევენციის მიზნით გამოიყენება, ხშირად სხვა მიზნებისთვის არის გამოყენებული.

რეზოლუციაში საუბარია პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებზე, მათგან დანაშაულის აღიარების, სასამართლოსთან თანამშრომლობის, ან მესამე პირის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით. აღნიშნულის დამადასტურებელ მაგალითებად კი, რუსეთში სერგეი მაგნიტსკისა და საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მაგალითად ვანო მერაბიშვილის საქმეები ერთადაა მოყვანილი.

პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციასა და მათი განეიტრალების მცდელობებზე საუბრისას, რეზოლუციაში, მაგალითად საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიმართ განხორციელებული ქმედებებია მოყვანილი.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად  რუსეთმა, თურქეთმა და საქართველომ სასამართლო რეფორმა განახორციელეს, წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ადგილი მაინც აქვს.

წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების მიერ კანონით დადგენილი ვადების გვერდის ავლის მაგალითებად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას საქმეებს ასახელებს.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 89 ხმით 10-ის წინაღმდეგ მიიღო, ოთხმა დეპუტატმა გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

ხმების უმრავლესობა (35 ხმა) რეზოლუციამ ევროპის სოციალისტური პარტიისგან, 34 ხმა კი ევროპის სახალხო პარტიისგან მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნება" ევროპის სოციალისტურ პარტიაშია გაწევრიანებული. "რესპუბლიკური პარტია" კი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) წევრია, რომლის თერთმეტმა წევრმა ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ მისცა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. მანანა კობახიძემ პედრო აგრამუნტი მიკერძოებასა და არაობიექტურობაში დაადანაშაულა. ზვიად კვაჭანტირაძემ კი, მის მიერ "ფაქტების არასწორად გაგება" და "არაობიექტურობა" ხანდაზმულ ასაკს დაუკავშირა.

დასკვნა

პირველ ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში საქართველო მკაცრად არის გაკრიტიკებული. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვოლსკი, შეეცადნენ ეს რეზოლუცია მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის, "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერილ დოკუმენტად წარმოეჩინათ. თუმცა, რეზოლუცია ასამბლეამ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. ხმების უმრავლესობა 35 ხმა რეზოლუციამ სოციალისტური პარტიისგან, 34 ხმა კი სახალხო პარტიისგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ პარტია "ქართული ოცნება" ევროპის სოციალისტური პარტიის წევრია. რესპუბლიკური პარტია კი, ALDE-შია გაწევრიანებული.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიორგი ვოლსკის განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი