მიმდინარე წლის სექტემბერში, ფაქტ-მეტრის მკითხველმა დავით ლომიძემ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის

გადამოწმება გვთხოვა, რომლის მიხედვითაც: "ასაკობრივი პენსია 60%-ით, პენსიებზე ყოველთვიური დანახარჯი კი 28.3%-ით გაიზარდა".

ფაქტ-მეტრმა ამ მონაცემების სიზუსტე გადაამოწმა.

2012 წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარი იყო. 2013 წლის აპრილიდან პენსიის ოდენობა ყველა პენსიონერისთვის 125 ლარი გახდა. 2013 წლის სექტემბრიდან კი პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, ასაკობრივი პენსია ბოლო სამ წელიწადში მინიმალურ პენსიასთან (110 ლართან) მიმართებით 45%-ით (და არა 60%-ით) გაიზარდა. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც მუშაობდა (იხ. სტატია). "ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში ასაკობრივი პენსიის მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ 2013 წელს დაფიქსირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ პენსიის ანალოგიური ზრდა გათვალისწინებული იყო წინა ხელისუფლების მიერ პარლამენტში წარდგენილ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტშიც.

თუ ინფლაციის დონეს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის შემდეგ პენსია რეალურად არ გაზრდილა. 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე ინფლაციამ 9% შეადგინა. აქედან გამომდინარე, 2013 წელს პენსიონერს უფრო მეტი მომსახურების და საქონლის მიღება შეეძლო 150 ლარად, ვიდრე 2015 წლის სექტემბერში 160 ლარად.

რაც შეეხება პენსიებზე ყოველთვიურ დანახარჯს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის სექტემბერში პენსიებზე დანახარჯმა 83.2 მლნ ლარი შეადგინა. 2015 წლის სექტემბრის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, აგვისტოში

 კი პენსიონერებზე გაცემული თანხის ოდენობამ 106.7 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში პენსიის ოდენობა 10 ლარით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა პენსიებზე ყოველთვიური დანახარჯიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პენსიებზე ყოველთვიური დანახარჯის ზრდა მხოლოდ პენსიის მატებით არ იყო გამოწვეული, ამის ერთ-ერთი მიზეზი პენსიონერთა რაოდენობის ზრდაა. თუ 2012 წელს ქვეყანაში 680.4 ათასი პენსიონერი იყო, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით მათი რიცხვი 703.8 ათასამდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევის მთავარ საგანს ასაკობრივი პენსიის შესახებ გავრცელებული მონაცემების გადამოწმება წარმოადგენს, ფაქტ-მეტრმა, დამატებით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სხვა მონაცემებიც მიმოიხილა.

მაგალითად, მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ძველი კლასიფიკაციით მეორე ჯგუფის ინვალიდების) პენსია 2013 წელს 70 ლარიდან 100 ლარამდე, ანუ დაახლოებით 43%-ით გაიზარდა. 2013 წლის შემდეგ შშმ პირთა პენსიის ზრდა არ დაფიქსირებულა.

მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა (ძველი კლასიფიკაციით პირველი ჯგუფის ინვალიდების) პენსია 2013 წლის აპრილში 100-დან 125 ლარამდე, ხოლო იმავე წლის სექტემბრიდან 150 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა პენსია მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჯამში 50%-ით არის გაზრდილი. ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბრიდან მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა პენსია 10 ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციას, ეს თანხა 1 000 ლარს შეადგენს, 2012 წელს კი კომპენსაციის ოდენობა 500 ლარი იყო.

  დასკვნა 2012

წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარი იყო. ბოლო სამ წელიწადში ასაკობრივი პენსია მინიმალურ პენსიასთან მიმართებით 45%-ით და მაქსიმალურ პენსიასთან მიმართებით 28%-ით (და არა 60%-ით) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში პენსიის მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ 2013 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს ასაკობრივი პენსია არ გაზრდილა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 10 ლარით გაიზარდა. ასევე, თუ ინფლაციის დონეს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის შემდეგ პენსია რეალურად არ გაზრდილა. 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე ინფლაციამ 9% შეადგინა. აქედან გამომდინარე, 2013 წელს პენსიონერს უფრო მეტი მომსახურების და საქონლის მიღება შეეძლო 150 ლარად, ვიდრე 2015 წლის სექტემბერში 160 ლარად.

პენსიებზე ყოველთვიური დანახარჯი მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პენსიის მატებასთან ერთად, პენსიონერთა რაოდენობის ზრდითაც იყო განპირობებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ასაკობრივი პენსიის 60%-ით ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია