ბოლო 3 წლის განმავლობაში საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა. ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ სოციალური ხარჯები. შევძელით ბიუჯეტში მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად ხარჯების აკუმულირება და სწორად, მიზნობრივად განაწილება ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალურად ორიენტირებულ საკითხებზე". ამის მაგალითად პრემიერმა პენსიების, საარსებო შემწეობების და დევნილთა დახმარებების ზრდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა და სხვა სოციალური პროგრამები დაასახელა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა თანხა იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებაზე და როგორ იცვლებოდა სოციალური ხარჯების დაფინანსება წლების მიხედვით.
სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით,სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება (2008-2015 წლებში) ყოველწლიურად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, იმისთვის, რომ გაგვერკვია ბოლო 3 წელიწადში (ხელისუფლების ცვლილების შემდეგ) რამდენად გახდა ბიუჯეტი სოციალურად უფრო ორიენტირებული, ჩვენ დავიანგარიშეთ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების რა პროცენტულ წილს იკავებს სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება (იხ. გრაფიკი 1). 2008-2015 წლის სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე ხარჯებში სოციალური ხარჯების წილი საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ბოლო 3 წლის განმავლობაში. 2013-2015 წლებში სოციალურ ხარჯებზე მთლიანი ხარჯების თითქმის მესამედი მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2013 წლიდან ბიუჯეტი სოციალურად უფრო ორიენტირებულია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდას წინა ხელისუფლებაც გეგმავდა. წინა მთავრობის მიერ წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტისთანახმად, სოციალურ ხარჯებზე გეგმის მიხედვით 2 272 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, რაც 2013 წლის შესრულების მაჩვენებელზე 189 მლნ ლარით მეტია. ამასთან, სოციალური ხარჯების წილი მთლიანი ხარჯების 31.9%-ს შეადგენდა, რაც 2013 წლის შესრულების მაჩვენებლის იდენტურია.
გრაფიკი 1:
სოციალური ხარჯები
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში პრიორიტეტები შეიცვალა. თუ წინა ხელისუფლება პრიორიტეტს უფრო მიზნობრივ დახმარებას ანიჭებდა, მოქმედი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი საყოველთაო პროგრამები გახდა (მაგალითად: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა და ა.შ.).
2015 წლის ბიუჯეტის მაგალითზე რომ განვიხილოთ, სოციალური ხარჯების ყველაზე დიდი წილი, 1 390 მლნ ლარი, საპენსიო უზრუნველყოფაზე მოდის. ბიუჯეტის ეს მუხლი ასაკით პენსიონერთა პენსიას და სახელმწიფო კომპენსაციებს მოიცავს. 2012 წელს ასაკით პენსიონერთა პენსია სამუშაო სტაჟის მიხედვით 110-დან 125-ლარამდე მერყეობდა. 2013 წელს ასაკით პენსიონერთა პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. 2013 წლისთვის პენსიის ანალოგიური ზრდა წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი პენსია 10 ლარით გაიზრდება. ამასთან, თუ ინფლაციის დონეს გავითვალისწინებთ, გამოდის რომ პენსია რეალურად არ იზრდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).ბოლო 3 წელიწადში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური დახმარებების მუხლიც. 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სოციალურ დახმარებებზე 631 მლნ ლარია გამოყოფილი, 2012 წელს სოციალურ დახმარებებზე გაწეულმა ხარჯებმა 276 მლნ ლარი შეადგინა.
2013 წლის პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას სოციალური დახმარება გაუორმაგდა. მანამდე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის პირველი წევრი 30 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო - 24 ლარს იღებდა. 2013 წლის პირველი ივლისიდან კი სოციალური გასაცემელი ოჯახის პირველ წევრზე 60 ლარს, ყოველ მომდევნოზე კი - 48 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. ახალი ფორმულის მიხედვით, სარეიტინგო ქულების გრადაცია მოხდა. ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, 60 ლარს მიიღებს, 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები 50 ლარს, 57 000-დან 60 000-მდე – 40 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე კი - 30 ლარს მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10 ლარიან დანამატს მიიღებს. მიზნობრივი სოციალური დახმარების წინა მეთოდოლოგიაში ბავშვზე დანამატი გათვალისწინებული არ იყო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე). თუმცა, ახალი ფორმულის ამოქმედების შემდეგ სოციალურად დაუცველების დიდ ნაწილს, მათ შორის მარტოხელა პენსიონერებს, საარსებო შემწეობა მოეხსნათ. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში შესაბამისი კვლევაც გამოქვეყნდება.
2015წლის ბიუჯეტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე 656 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 470 მლნ ლარი, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეა მიმართული.
მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და ის ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის რაიმე სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები ყოველწლიურად მაღალი ტემპით იზრდება. 2013 წელს პროგრამის დაფინანსებამ 70 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა ფაქტიურად 338 მლნ ლარი დაიხარჯა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელსაც არ იქნება საკმარისი. 6 თვის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკვე დააკლდა თანხები და ბიუჯეტის შესაბამისი კორექტირება გახდა საჭირო. სახელმწიფო ხაზინის 1 ივლისის ოპერატიული მონაცემებით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 6 თვის ხარჯებმა 268.7 მლნ ლარი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2015 წლის 6 თვის ბიუჯეტი თავდაპირველად 231.5 მლნ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 6 თვის ბიუჯეტი 37.2 მლნ ლარით გაიზარდა. საყოველთაო ჯანდაცვის მთავარი გამოწვევა ფინანსური რისკია. ის ადამიანები, რომლებიც აქამდე საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ ჯანდაცვის ხარჯებს, ეტაპობრივად უერთდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რაც ზრდის სახელმწიფოს ხარჯებს.
2013 წლიდან ასევე ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რომელიც ასევე საყოველთაო ხასიათისაა და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს ეხება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე).
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 მარტიდან დევნილთა ყოველთვიური შემწეობა 28 ლარიდან 45 ლარამდე გაიზარდა.ახალი ხელისუფლების პირობებში ასევე განხორციელდა სოციალური ხასიათის პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით (მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის, შეღავათიანი აგროკრედიტის და სხვა პროექტები).
შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტი ნამდვილად სოციალურად ორიენტირებულია. თუმცა, ცალკე განხილვის თემაა, თუ რამდენად გამართლებულია მსგავსი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპის ფონზე სოციალური ხარჯების ზრდა მაღალ საბიუჯეტო დეფიციტსა და გაზრდილ სახელმწიფო ვალში აისახა. თუ ქვეყანა სოციალურ ვალდებულებას იღებს, რთულია მისი უკან გამოხმობა და იძულებულია აღებული ვალდებულება შეასრულოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოციალურ გასაცემელს ზოგადად ზრდის ტენდენცია ახასიათებს და საზოგადოება ცხოვრების დონის და ინფლაციის ზრდასთან ერთად სახელმწიფოსგან სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური პროგრამები ხშირად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ამის ნათელი მაგალითია საყოველთაო ჯანდაცვისა და უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის უმეტესი წილი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე მოდის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სოციალური მომსახურეობის სააგენტო ახორციელებს და კერძო სადაზღვეო კომპანიები მასში ჩართული არ არიან, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის განვითარება/არსებობაზე. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა. უფასო სახელმძღვანელოების პროგრმამ კი მნიშვნელოვნად დააზარალა გამომცემლები (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ქვეყნები ძირითადად სოციალური ხარჯების ხაფანგში ხვდებიან და ამ დროს კრიზისი გარდაუვალია. ამის მაგალითები ევროკავშირის ქვეყნებშიც კი გხვდება. ეს განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მთავრობაც და ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებულია. თუმცა, აქვე განვმარტავთ, რომ სოციალურად ორიენტირებული უფრო იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული პროგრამები მიზნობრივი (იმ ფენაზე გათვლილი, ვისაც ეს სჭირდება) და არა საყოველთაო ხასიათის იყოს. ამასთან, საყოველთაო ხასიათის პროგრამებს ფინანსური რისკები ახლავს თან. სოციალური პროგრამების დაგეგმვა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად უნდა ხდებოდეს, რათა შემდგომში ქვეყანას ვალებით არ მოუწიოს სოციალური ხარჯების დაფარვა. ამასთან, სოციალური პროგრამები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ბიზნესი არ დააზარალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისი გარდაუვალია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება: "ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა. ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ სოციალური ხარჯები", არის მეტწილად სიმართლე.