მიმდინარე წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2015 წელს საქართველოში ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესდა.
ფაქტ-მეტრი მოცემული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ეკონომიკური ინდიკატორებიდან რამდენიმე ძირითადს გამოყოფენ, ესენია:
- მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი;
- საგარეო ვაჭრობა (ექსპორტი და იმპორტი);
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები;
- ვალუტის გაცვლითი კურსი;
- ინფლაციის ტემპი;
- უმუშევრობა;
- სახელმწიფო ვალი.
2004-2012
წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.24% იყო. 2013 წელს ის 3.3%-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს მან 4.8% შეადგინა. 2015 წელს მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირება გაგრძელდა და პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდის ტემპი 2.5% იყო.
გრაფიკი 1:
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2004-2015 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2015
წელს გაუარესებაა საგარეო ვაჭრობაშიც. იმპორტის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი წინა წლის ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8.8%-ითაა შემცირებული.
გრაფიკი 2:
საქართველოს იმპორტი - 2014-2015 წლების პირველი ექვსი თვე, ათასი დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
კიდევ უფრო შემცირებულია ექსპორტის მაჩვენებელი და 2015 წლის პირველ ექვს თვეში 24%-იანი ვარდნა ფიქსირდება.
გრაფიკი 3:
საქართველოს ექსპორტი - 2014-2015 წლების პირველი ექვსი თვე, ათასი დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ეკონომიკურ ინდიკატორებში ასევე აღსანიშნავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2012 წლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენცია აღინიშნებოდა, თუმცა 2015 წლის I კვარტალში 2014 წლის I კვარტალთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა შემცირდა და მან უკანასკნელი 5 წლის მინიმუმი შეადგინა.
გრაფიკი 4:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2004-2015 წლებში, მლნ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2014
წლის ნოემბერში დაიწყო ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. უკანასკნელი 8 თვის მანძილზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 27%-ით გაუფასურდა.
გრაფიკი 5:
ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში
წყარო: ეროვნული ბანკი
უკანასკნელი წლების მანძილზე გაიზარდა ინფლაციის ტემპიც. 2011 წელს ინფლაციის ტემპი 2%, 2012-ში კი 1.4% იყო, ხოლო უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ინფლაციის ტემპი გაიზრდა და 2015 წელს 4.5% შეადგინა.
გრაფიკი 6:
ინფლაციის ტემპი 2004-2015 წლებში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
უმუშევრობა, რომელიც ასევე ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს მიეკუთვნება, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით შემცირებულია. 2014 წელს უმუშევრობამ 2.2 პროცენტული პუნქტით დაიკლო წინა წელთან შედარებით და 12.4% შეადგინა.
გრაფიკი 7:
უმუშევრობა საქართველოში 2005-2014 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2004
წლიდან 2007 წლამდე საქართველოს მთლიანი სახელწიფო ვალი მცირდებოდა, თუმცა შემდეგ ის თითქმის ყოველ წელს იმატებდა. სახელმწიფო ვალზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ ეკონომიკის რა ნაწილია მთლიანი ვალი. 2013-დან 2014 წლამდე სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 35%-დან 36%-მდე გაიზარდა. 2015 წელს ლარის კურსის ცვლილების გამო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ივნისის მონაცემებით, ვალმა 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ბოლოსთან შედარებით 19.1%-იანი ზრდაა და მისი ფარდობა მშპ-თან 41%-მდეა.
გრაფიკი 8:
სახელმწიფო ვალი (ათასი დოლარი) და მისი ფარდობა მშპ-თან 2004-2015 წლებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დასკვნა
ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები მოიცავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს, საგარეო ვაჭრობას, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ვალუტის კურსს, ინფლაციის ტემპს, უმუშევრობას და სახელმწიფო ვალს.
2014-2015წლებში ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების გაუარესება გვაქვს. შემცირებულია ეკონომიკური ზრდის ტემპი, ექსპორტი და იმპორტი. 2015 წლის I კვარტალში ასევე შემცირებაა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში.
2014წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ლარი დოლართან მიმართებაში 27%-ით გაუფასურდა. გაზრდილია ინფლაციის ტემპი, რომელმაც 2015 წლის ივნისის ბოლოს წინა წლის ივნისთან შედარებით 4.5% შეადგინა.
2015წლის ივნისში 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო ვალის ნომინალური მნიშვნელობა 19.1%-ით გაიზარდა და 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალი გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებითაც. 2014 წელს ის 35%-დან 36%-მდე გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ივნისისთვის მშპ-თან ვალის ფარდობამ 41% შეადგინა.
ერთადერთი ინდიკატორი, რომელიც ოფიციალური სტატისტიკით გაუმჯობესდა, უმუშევრობაა და 2014 წელს მან 14.6%-დან 12.4%-მდე დაიკლო.
მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.