მიმდინარე წლის 9 ივლისს, პარლამენტში გამოსვლისას, უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც 10% და 20% ეკონომიკური ზრდა ჰქონია. მან დასძინა, რომ მსგავსი ზრდის ტემპი ქვეყნებს ჰქონდათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი "წუმპიდან ამოდიოდნენ".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურ მატებაში გამოიხატება. მთლიანი შიდა პროდუქტი წლის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების საბოლოო ღირებულებაა. 2014 წელს საქართველოს მშპ 16.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
გრაფიკი 1:
მშპ მიმდინარე ფასებში (მილიარდი აშშ დოლარი) და მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი 1997-2014 წლებში
გრაფიკიდან ჩანს, რომ საქართველოს 10%-ზე მეტი რეალური ზრდის ტემპი 1997 წლის შემდეგ სამჯერ ჰქონდა. 2003-2007 წლებში კი, ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი 9.7% იყო.
ამასთან, არსებობს ბევრი მაგალითი, როდესაც სხვადასხვა ქვეყანას 10% და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
ცხრილი 1:
ქვეყნები, რომელთაც 10%-დან 20%-მდე ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდათ
წელი | ქვეყნების ჩამონათვალი |
1990 | სინგაპური, ტაილანდი, ირანი, გაერთიანებული ემირატები, ნიგერია |
1991 | სამხრეთ კორეა, არგენტინა, ბელიზი, ბაჰრეინი, ირანი |
1992 | არგენტინა, ჩილე, მაკაო, ჩინეთი, იორდანია |
1993 | ალბანეთი, მალაიზია, სინგაპური, ჩინეთი, |
1994 | სინგაპური, მაროკო, პერუ, ჩინეთი, |
1995 | ჩილე, ჩინეთი, ალბანეთი, |
1996 | ჩინეთი, მალაიზია, ერაყი, ანგოლა, მაროკო, ეთიოპია |
1997 | ირლანდია, ყირგიზეთი, საქართველო, ბელარუსი, ესტონეთი, |
1998 | აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა |
1999 | ირლანდია, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, ბოტსვანა, თურქმენეთი |
2000 | რუსეთი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული ემირატები, |
2001 | აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი |
2002 | აზერბაიჯანი, სომხეთი, ტაჯიკეთი, რუანდა |
2003 | ჩინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიბია, სომხეთი, ქუვეითი |
2004 | ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ქუვეითი, ბელარუსი, უკრაინა, |
2005 | ლატვია, ჩინეთი, კუბა, ვენესუელა, ქუვეითი, ეთიოპია, ლიბია, სომხეთი |
2006 | ვენესუელა, ბელარუსი, ესტონეთი, მაკაო, ყაზახეთი, ლატვია, ჩინეთი, სომხეთი |
2007 | სლოვაკეთი, ლიტვა, საქართველო, სომხეთი, ჩინეთი, პანამა, ინდოეთი, |
2008 | ბელარუსი, მონაკო, აზერბაიჯანი, ეთიოპია, თურქმენეთი, ყატარი |
2009 | ყატარი, ლიბერია, |
2010 | ჩინეთი, ინდოეთი, სინგაპური, პარაგვაი, ყატარი, ეთიოპია, ჩადი, ზიმბაბვე |
2011 | საუდის არაბეთი, ერაყი, პანამა, ეთიოპია, ზიმბაბვე, ყატარი, თურქმენეთი |
2012 | ლიბერია, პანამა, ზიმბაბვე, თურქმენეთი, ერაყი, მონღოლეთი, ავღანეთი |
2013 | პარაგვაი, თურქმენეთი, მაკაო, ეთიოპია, ყირგიზეთი, ლიბერია |
2014* | ეთიოპია, თურქმენეთი (2014 წლის მონაცემები სრულიად გამოქვეყნებული არ არის) |
ცხრილი 2:
ქვეყნები, რომელთაც 20% და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდათ
წელი | ქვეყნების ჩამონათვალი |
1990 | თურქმენეთი, ერაყი, ლიბანი, სანტა-ლუსია |
1991 | ლიბანი |
1992 | ერაყი |
1993 | პაპუა ახალი გვინეა, ერაყი, ქუვეითი |
1994 | ერიტრეა |
1995 | ისრაელი, ბოსნია და ჰერცოგოვინა |
1996 | ეკვატორული გვინეა, ბოსნია და ჰერცოგოვინა |
1997 | ერაყი, ბოსნია და ჰერცოგოვინა |
1998 | ერაყი, ლიბერია |
1999 | ლიბერია, ეკვატორული გვინეა |
2000 | ლიბერია |
2001 | ლიბერია, ეკვატორული გვინეა |
2002 | სიერა ლეონე, ლიბერია |
2003 | N/A |
2004 | მაკაო, ნიგერია, ერაყი, ეკვატორული გვინეა |
2005 | აზერბაიჯანი |
2006 | აზერბაიჯანი, ყატარი, ანგოლა |
2007 | აზერბაიჯანი, ანგოლა |
2008 | N/A |
2009 | ავღანეთი |
2010 | მაკაო |
2011 | მაკაო |
2012 | ლიბია |
2013 | სიერა ლეონე |
2014* | სამხრეთ სუდანი (2014 წლის მონაცემები სრულიად გამოქვეყნებული არ არის) |
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 10% და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა განვითარებულ ქვეყნებს იშვიათად ახასიათებთ. როგორც წესი, განვითარებულ ეკონომიკებს მშპ-ის ზრდის შედარებით დაბალი ტემპი აქვთ. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალით ხასიათდებიან. ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე უკვე წერდა.
საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოსთვის 10% და უფრო მაღალი ეკონომიკურ ზრდის მიღწევის მიზანი რელევანტურია და ქვეყანას ამის პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ევროპის და სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარება არამართებულია.
დასკვნა
ეკონომიკური ზრდის შეფასების ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპია. 1997-2014 წლებში საქართველოში 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა სამჯერ დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალოდ, 2003-2007 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.7% იყო.
მსოფლიოში უამრავი მაგალითია, როცა ქვეყნებს 10% და 20% ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონიათ. უკანასკნელი 34 წლის მანძილზე ასეთი ქვეყნები იყვნენ როგორც დღეისთვის უკვე განვითარებული ეკონომიკები (სინგაპური, ირლანდია, სამხრეთ კორეა, ჩილე და სხვა), ისე განვითარებადი (საქართველო, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და სხვა). აქვე, ფაქტ-მეტრისთვის გაუგებარია, თუ რატომ "არ უნდა ჰქონდეს" საქართველოს 10% და მეტი ეკონომიკური ზრდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ტყემალაძის განცხადება არის ტყუილი.