პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა უმრავლესობას მიმართა: "ქუთაისში მითხრეს, რომ ქუთაისის აეროპორტს ექსპლუატაციაში არ ღებულობთ, რადგან სააკაშვილის აშენებულია".
ფაქტ-მეტრი ქუთაისის აეროპორტის საკითხით დაინტერესდა და მასში გარკვევას შეეცადა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება (№57) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს. დადგენილების მიხედვით, შენობა-ნაგებობები 5 კლასად იყოფა:
ა ) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებენ;
ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;
გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;
დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;
ე ) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა მეხუთე კლასის კატეგორიას განეკუთვნება. ამ დადგენილების შესაბამისად, V კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის კომპეტენცია, საქართველოში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო ორგანოს აქვს მინიჭებული (მუხლი 28, ნაწილი 2). კერძოდ, აღნიშნულ საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს. იგი ასევე გასცემს ნებართვებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისთვის. ობიექტების კონტროლი ორი სახით ხორციელდება, როგორც ნებართვის გაცემით, ისე სანებართვო პირობების შესრულების პერიოდული ინსპექტირებით.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპებია:
I ეტაპი: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (აგდ - არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება);
II ეტაპი: პროექტის შეთანხმება;
III ეტაპი: მშენებლობის ნებართვის გაცემა.
შესაბამისად, აეროპორტის შენობას ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპები უნდა გაევლო და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან ნებართვა უნდა მოეპოვებინა. ამის შემდეგ, ამავე სააგენტოს, ობიექტი ექსპლუატაციაში უნდა მიეღო.
დადგენილების მიხედვით, V კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 1 წლის ვადაში შენობა-ნაგებობა უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარადგინოს (მუხლი 82).
ასევე, გადაწყვეტილება V კლასის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 დღის ვადაში უნდა იქნას მიღებული. თუ ამ პერიოდში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არ გამოიცა, შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ სამართლებრივი აქტი დაუყონებლივ გამოსცეს.
ფაქტ-მეტრმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აეროპორტის ექსპლუატაციაში მიღების საკითხთან დაკავშირებით წერილით მიმართა. სააგენტოდან მიღებული საპასუხო წერილისთანახმად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, ვინაიდან არ იყო გასული მშენებლობის ნებართვის ვადა, რომელიც 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა. წერილში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 16 აპრილის ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის ვადა 2013 წლის 31 მარტიდან 2015 წლის მარტამდე შეიცვალა.
აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ქუთაისის აეროპორტის წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ. მან შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში გადაგვამისამართა. აღნიშნული შპს-ის აღმასრულებელი მენეჯერის, ივანე პეტრიაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაცემული მთლიანად აეროპორტის კომპლექსზე იყო. მშენებლობა დაყოფილი იყო ცალკეულ ობიექტებად და თითოეული 15 ეტაპს მოიცავდა. 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ძირითადი ტექნოლოგიური სისტემები და ტერმინალის შენობის არსებითი ნაწილი დასრულებული იყო იმდენად, რამდენადაც ეს აეროპორტის ფუნქციონირების დაწყებისთვის იყო აუცილებელი. აეროპორტის დროულად ამოქმედების მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აეროპორტმა 2012 წლის სექტემბრის ბოლოდან ოპერირება დაიწყო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი მენეჯერი ასევე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რიგი სამშენებლო ეტაპები (კეთილმოწყობა, შიდა სარემონტო სამუშაოები, კომუნიკაციების ნაწილი, დამხმარე ნაგებობები და სხვა) მშენებლობის ნებართვის ამოწურვის დროისთვის (2013 წლის 31 მარტი) ბოლომდე დასრულებული არ იყო. მშენებლობის ტემპის შენელება აეროპორტის ოპერირების დაწყებამ გამოიწვია და მოქმედ აეროპორტში სამშენებლო სამუშაოები სრული დატვირთვით ბუნებრივად ვეღარ განხორციელდა. ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო იყო თითოეული სამშენებლო ეტაპის დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დადასტურება. იმ დეტალებმა, რომლებიც აეროპორტის ოპერირებას ხელს არ უშლიდა, მაგრამ სამშენებლო წესების მიზნებისთვის აუცილებელი იყო, მშენებლობის ნებართვის ვადის 2015 წლის მარტამდე გადაწევა განაპირობა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლამდე ქუთაისის აეროპორტს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს. შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი მენეჯერის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მიმართვა სააგენტოში 2015 წლის 2 მარტს გაიგზავნა. სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ექსპლუატაციაში 2015 წლის 23 აპრილს მიიღო.
დასკვნა 2012წლიდან 2015 წლამდე მგზავრების ტრანსპორტირება ხდებოდა აეროპორტიდან, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპლუატაციაში სრულად მიღებული არ ყოფილა. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2015 წლის 19 მარტის მდგომარეობით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო, ხოლო ამის ოფიციალურ მიზეზად მშენებლობის ნებართვის ვადა დასახელდა. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ერთი წლის ვადაში უნდა იქნას მიღებული. ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის ვადა ჯერ 2013 წლის 31 მარტით, მოგვიანებით კი 2015 წლის 31 მარტით განისაზღვრა.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მას "ქუთაისში უთხრეს", რომ აეროპორტს ექსპლუატაციაში იმის გამო არ იღებდნენ, რომ ის "მიხეილ სააკაშვილმა ააშენა". ბუნებრივია, ფაქტ-მეტრი ვერ გამორიცხავს, რომ დეპუტატს მსგავსი რამ მართლაც უთხრეს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქუთაისის აეროპორტს 2015 წლამდე შესაბამისი უწყებისთვის აღნიშნული მოთხოვნით არც კი მიუმართავს. მეტიც, თუ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პოზიციას დავუჯერებთ, მშენებლობის ტემპის შენელება 2012 წლის ბოლოს აეროპორტის ოპერირების დაწყებამ გამოიწვია. ნებართვის ვადა 2013 წლის 31 მარტის ნაცვლად, 2015 წლის 31 მარტით განისაზღვრა. საბოლოოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ექსპლუატაციაში 2015 წლის 23 აპრილს შევიდა.
ამ შემთხვევაში ფაქტ-მეტრი მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.