რომ მიუხედავად ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა, 2015 წლის პირველი ორი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და ჩავარდნა პრაქტიკულად არ შეინიშნება.
ფაქტ-მეტრმა 2015 წლის ორი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გადაამოწმა.
20 ივლისს სახელმწიფო ხაზინის სამსახურმა 2015 წლის პირველი ექვსი თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიგამოაქვეყნა. ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 105.7%-ით შესრულდა. დაგეგმილი იყო 4 535 მლნ ლარის შემოსულობის მობილიზება, ხოლო ფაქტიურად კი - 4 794 მლნ ლარი დაფიქსირდა. შემოსულობები საგადასახადო შემოსავლებისგან, გრანტებისგან, სხვა შემოსავლებისგან, არაფინანსური აქტივების კლებისგან (პრივატიზაციისგან), ფინანსური აქტივების კლებისგან და სახელმწიფო ვალის ზრდისგან შედგება. შემოსულობების ყველა მუხლი გადაჭარბებით შესრულდა.
ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებას ლარის გაუფასურებამ და ინფლაციის დონის ამაღლებამ შეუწყო ხელი. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ლარის 1.80 კურსზე დაიგეგმა, გასულ ექვს თვეში კი ლარის კურსი საშუალოდ 2.20 იყო. კურსის გაუფასურებამ დოლარში მოზიდული გრანტების ლარში გამოსახული მოცულობა გაზარდა. ამასთან, ლარის გაუფასურებამ ინფლაციის ტემპი აამაღლა. საქსტატის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის წლიურმა ინფლაციამ 4.5% შეადგინა. ვინაიდან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალური მშპ-ის ზრდის (ნომინალური ზრდა ნიშნავს რეალური ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლის ჯამს) მიხედვით არის დაგეგმილი, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება ბიუჯეტის შემოსავლებს ზრდის. თუმცა, 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 2%-მდე შემცირების გამო, 17 ივლისს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის კორექტირების შედეგად, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მლნ ლარით შემცირდა.
არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გეგმაზე 5-ჯერ მეტობა დაუგეგმავი შემოსავლის მიღებამ გამოიწვია. პირველი ორი კვარტლის გეგმაში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული რადიოსიხშირის სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაყიდვიდან მისაღები შემოსავალი, რომელმაც 90.4 მლნ ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარებში) | 6 თვის გეგმა | 6 თვის შესრულება | შესრულება გეგმის მიმართ |
შემოსულობები | 4535 | 4794 | 105.7% |
შემოსავლები | 3691 | 3827 | 103.7% |
გადასახადები | 3504 | 3581 | 102.2% |
გრანტები | 90.5 | 100.4 | 110.9% |
სხვა შემოსავლები | 96.6 | 146 | 151.1% |
არაფინანსური აქტივების კლება | 26 | 136.6 | 525.4% |
ფინანსური აქტივების კლება | 33.4 | 38.7 | 115.9% |
ვალდებულებების ზრდა | 784.5 | 791.3 | 100.9% |
საშინაო ვალდებულებების ზრდა | 300 | 295 | 98.3% |
საგარეო ვალდებულებების ზრდა | 484.5 | 496.3 | 102.4% |
საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები | 254.5 | 202.5 | 79.6% |
ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები | 230 | 294 | 127.8% |
ვალდებულებების ზრდის გეგმა 100.9%-ით შესრულდა. მათ შორის საშინაო ვალის აღება 98.3%-ით, ხოლო საგარეო ვალის - 102.4%-ით შესრულდა. თუმცა, მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტების მოზიდვაში, რომლის გეგმაც 79.6%-ით შესრულდა. საგარეო ვალის გეგმიურ მაჩვენებლზე გადაჭარბებით შესრულებაში თავისი წვლილი ლარის გაუფასურებამაც შეიტანა. თუ დოლარებში ვნახავთ, გამოვა, რომ წლის პირველ ნახევარში დაგეგმილი იყო 269 მლნ დოლარის კრედიტის მიღება, ხოლო ფაქტიურად დაახლოებით 225 მლნ დოლარი იქნა მოზიდული.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, გადასახდელების გეგმა 96.3%-ით შესრულდა, ჩამორჩენამ 168 მლნ ლარი შეადგინა. ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (88%-ით) კაპიტალური (ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი) ხარჯების გეგმა შესრულდა.
მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულებების მიხედვით, შემდეგი სურათია: ფინანსთა სამინისტროს ხარჯებმა გეგმის 99%, ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებმა გეგმის 92%, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯებმა 93%, თავდაცვის სამინისტროს ხარჯებმა 99.6%, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯებმა 98%, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარჯებმა 94% შეადგინა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გეგმაზე 4.7 მლნ ლარით მეტი დახარჯა, რაც ჯანდაცვის ხარჯების ზრდით არის გამოწვეული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 93%-ით შესრულდა. 95%-ით შესრულდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერის გეგმა.
დასკვნა
ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. გადაჭარბებით შესრულება დაუგეგმავი შემოსავლების მიღებამ, ლარის კურსის გაუფასურებამ და ინფლაციის მაჩვენებლის ამაღლებამ გამოიწვია. თუმცა, ჩავარდნაა გრძელვადიანი საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტების მოზიდვაში, რაც მიმართულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ამავე დროს, ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყაროა. ჩამორჩენამ დაახლოებით 50 მლნ დოლარი შეადგინა, რაც დოლარში გამოსახული ორი კვარტლის გეგმის 35%-ია.
ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები და ვალის მომსახურება) 96.3%-ით შესრულდა. უკვე მესამე წელია ხარჯვითი ნაწილის ათვისება წლის განმავლობაში ჩამორჩენით მიმდინარეობს და მთავრობა გეგმის შესრულებას წლის ბოლო თვეებში დაჩქარებული ხარჯვით ცდილობს. ხარჯებში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (88%-ით) კაპიტალური ხარჯები შესრულდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.