2015

წლის 24 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა, სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა. "მე წარმოგიდგენთ ევროკავშირის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, 2014 წლის ანგარიშს, სადაც პირდაპირ წერია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და დაშინება გამოძიების პროცესში, არის ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში" - განაცხადა მინაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ასევე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს მისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება. ამავე პრინციპებს იმეორებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ღირსებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემა უნდა აისახოს სასამართლო პროცედურების ყველა ასპექტში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში დაადგინა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის მიხედვით, დაუშვებელია მოსამართლემ საქმის განხილვა დაიწყოს წინასწარ ჩამოყალიბებული რწმენით, რომ ბრალდებული დამნაშავეა (პარ. 77). ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის

მიხედვით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა შესაძლებელია არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სხვა საჯარო მოხელეების მიერაც, თუ მათი განცხადებების ნიადაგზე საზოგადოებას შეიძლება შეექმნას განცდა, რომ ეჭვმიტანილი დამნაშავეა და, შესაბამისად, გამოიწვიოს ფაქტების წინასწარი შეფასება. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ეკრძალებათ განცხადების გაკეთება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, თუმცა, მათ სიფრთხილე მართებთ, რათა უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაარღვიონ. ის, თუ რა ჩაითვლება მათი მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, არ არის წინასწარ განსაზღვრული და ყოველ კონკრეტულ საქმეზე გარემოებებიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს (პარ. 159-160).

2015 წლის 22 ივნისს ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ყოველწლიური (2014 წელი) ანგარიში

 გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარი საქართველოზე და ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ, როგორც პოზიტიურ, ისე პრობლემურ საკითხებზეც არის. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ "შეშფოთების საფუძველს იძლევა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და გამოძების პროცესში დაშინების ხშირი ფაქტები" (გვ. 158). თუმცა, არც ამ ანგარიშში და არც ევროკავშირის კომისრის საქართველოში ვიზიტის შესახებ მოხსენებაში, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, 2014 წლის 25 მარტს საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ერთობლივი სამუშაო დოკუმენტი წარმოადგინა. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ევროკომისია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლისას საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და ეუთოს დომოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მიერ მომზადებულ ანგარიშებს ეყრდნობა. შესაბამისად, სწორედ ეს დოკუმენტები წარმოადგენენ ევროკავშირისთვის წყაროებს.

2014 წლის 9 დეკემბრის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს "სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში"

 ასახულია საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები და რეკომენდაციები, როგორც სასამართლო სისტემისათვის, ისე ხელისუფლების სხვა შტოებისთვის. ანგარიშში განხილულია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულს ათავსებენ იზოლირებულ სივრცეში, ამჟღავნებენ ინფორმაციას ბრალდებულის წინა ნასამართლეობის შესახებ, ოფიციალური სახელმწიფო პირები აკეთებენ განცხადებებს, რომლებშიც მიანიშნებენ ბრალდებულის დამნაშავეობაზე და ბრალდების დადგენილებას, როგორც მტკიცებულებას იყენებენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წელს, საქმეში - "

რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ", დაადგინა, რომ სასამართლოს მსვლელობის დროს ბრალდებულების გისოსებში მოთავსება, მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა ვერ დასტურდება, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვინაიდან რიგით მნახველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ სასამართლოზე "უკიდურესად სახიფათო კრიმინალების" საქმე განიხილება (პარ. 100). მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, 2014 წელს ეუთოს დაკვირვების შედეგად კვლავ გამოვლინდა, რომ სასამართლო პროცესზე ბრალდებულები მოთავსებულები იყვნენ სასამართლო დარბაზის იზოლირებულ სივრცეში. სასამართლო დარბაზებში (სადაც ეს შესაძლებელი იყო) ბრალდებულებს ათავსებდნენ შუშის კაბინებში მთელი სასამართლო სხდომის განმავლობაში. გარდა ამისა, ყველა დაკავებულ ბრალდებულს იცავდა ორიდან ხუთამდე უსაფრთხოების თანამშრომელი.

მონიტორინგმა ასევე გამოავლინა მოსამართლეების მიერ პროცესის მსვლელობისას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მოსამართლეები, სრულიად უმიზეზოდ, ბრალდებულებს კითხვას უსვამდნენ წინა ნასამართლეობის შესახებ. დასკვნის მიხედვით, ბრალდებულების წინა ნასამართლეობის შესახებ მსჯელობის დაშვებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ბრალდებული არის კრიმინალი, რაც შეიძლება არ შეესაბამებოდეს საქმეში წარმოდგენილ ფაქტებს და შექმნას განცდა, რომ მოსამართლე მოქმედებს პირის დამნაშავეობის შესახებ წინასწარ შექმნილი აზრის საფუძველზე.

ეუთოს დასკვნის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, რასაც ასევე ხელს უწყობს სახელმწიფო მოხელეების განცხადებებიც, რომლებიც წინ უსწრებდნენ სასამართლოს შეფასებებს და გავლენას ახდენდნენ ბრალდებულის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის სისტემურ ხასიათსა და ამ მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბარია სახალხო დამცველის აპარატის მიერ "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშსა და ასევე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" 2013 წლის მეორე ნახევრში გამოქვეყნებულ "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ" ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირს შორის პირველი დიალოგი 2009 წლის 28 აპრილს შედგა. შესაბამისად, 2009 წლიდან ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშებში, ასევე განხილულია საქართველოში არსებული ვითარებაც. მართალია 2011 წლის ანგარიშში (

გვ. 151) ნახსენებია, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა კონკრეტული მინიშნება უდაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და დაშინების ფაქტების არსებობაზე 2014 წლამდე არ ფიქსირდება.

საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში ასევე საუბარია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის მხრივ საქართველოში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. შემდგომ წლებში, 2012 წლამდე გამოქვეყნებულ ანგარიშებში, არ არის ყურადღება გამახვილებული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და დაშინების ფაქტებზე. ხოლო, 2012 წელს კი, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, თვალშისაცემი გახდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტენდენცია (

გვ. 431). განსაკუთრებით, დარღვევას ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების მხრიდან.

  დასკვნა

საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული 2014 წლის ანგარიში, სადაც ცალსახად წერია, რომ "შეშფოთების საფუძველს იძლევა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და გამოძების პროცესში დაშინების ხშირი ფაქტები", არამედ ეუთოს მონიტორინგის დასკვნაც. ასევე, იმავე პრობლემას უსვამს ხაზს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ანგარიშები, რომელთა შესახებაც აკაკი მინაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ აკაკი მინაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია