წლის 9 ივლისს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა "თავისუფალი დემოკრატებიდან", ირაკლი ჩიქოვანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურს სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციები უნარჩუნდება, მაშინ როცა "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფილ უსაფრთხოების სამსახურს ეს ფუნქცია არ უნდა ჰქონოდა.
ფაქტ-მეტრი ირაკლი ჩიქოვანის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2015 წლის 7 მაისს, პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებისას, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა,რომ მისი უწყების ორად გაყოფა იგეგმება, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური ცალკე გამოეყოფა და ორ დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება.
2015 წლის 15 ივნისს მთავრობამ შსს-ს რეფორმის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველა პოლიციური დანაყოფი რჩება, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა და კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ერთ სტრუქტურაში გაერთიანდებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს (20 ივლისს პრემიერმა ამ პოსტზე ვახტანგ გომელაური წარადგინა), მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით, 6 წლის ვადით ამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანოში სამივე მოსმენის გავლის და დამტკიცების შემდეგ, 15 ივლისს პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი მოაწერა. ახალი რეგულაციისმიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი კომპეტენცია საქართველოს კანონმდებლობას მიკუთვნებულ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიებაა.
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში (გვ. 17) ვკითხულობთ, რომ პოლიციის ფუნქცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, მათი გამოვლენა და გამოძიება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონტროლი და პოლიციის სხვა, კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უნდა ყოფილიყო, ხოლო უშიშროების (უსაფრთხოების) სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურიდან მთლიანად უნდა გამოსულიყო. როგორც ვხედავთ, საარჩევნო დაპირების თანახმად, საგამოძიებო საქმიანობის წარმოების უფლება მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილების ქვეშ რჩებოდა, ხოლო უშიშროების (უსაფრთხოების) სამსახური მსგავსი უფლებამოსილებით არ ისარგებლებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებით, საინტერესოა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება,რომ რეფორმის გატარების პროცესში არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების ჩართულობა ფორმალური ხასიათის იყო. რეფორმის კონცეფციისა და კანონპროექტის შეფასების მიხედვით, კოალიციის აზრით, შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა ფორმალური ხასიათისაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კვლავაც დიდია უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზირების საფრთხე, რადგან წარმოდგენილი კონცეფცია, ინსტიტუციური თვალსაზრისით, უშიშროების სამსახურების საქმიანობის ფუნდამენტურ ცვლილებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, დღის წესრიგში ისევ დგას საკითხი, თუ რამდენად არსებობს ინსტიტუციური გარანტიები იმისთვის, რომ უშიშროების სამსახურების გამოყენება პოლიტიკური განზრახვებით, მმართველი ხელისუფლების ინტერესების გატარების, მისი ძალაუფლებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით არ მოხდეს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურების ტექნიკური გამიჯვნა არსებითად იმოქმედებს მათ რეალურ გავლენაზე სახელმწიფო მართვის პროცესების ან სოციალური კონტროლის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახური მთავრობასთან ერთად პარლამენტის წინაშეც არის ანგარიშვალდებული, კანონპროექტი ითვალისწინებს არა პარლამენტის მიერ რეალური კონტროლის განხორციელებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ პასუხისმგებლობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კლასიკური საპოლიციო უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი. კერძოდ, საქმის გამოძიების, პირთა ძებნა-დაკავების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების და სხვა. აღნიშნულთან მიმართებით საგულისხმოა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის თანახმად, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაღალი რისკი და ფუნქციათა დუბლირება, უსაფრთხოების სამსახურებს არ უნდა გააჩნდეთ კლასიკური საპოლიციო უფლებამოსილებანი, როგორიც მაგალითად გამოძიება და დაკავება/დაპატიმრებაა.
დასკვნა
კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მართლაც უნდა მომხდარიყო ორი უწყების ერთმანეთისგან გამიჯვნა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში პოლიციური ფუნქციები, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილება რჩებოდა.
მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს პარტლამენტმა 78 ხმით "უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. მან არ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის შენიშვნები და საარჩევნო დაპირების მიუხედავად, უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების უფლების მიანიჭა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადება არის სიმართლე.