მიმდინარე წლის 1 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა: "სიცოცხლის ხანგრძლივობა 0,6-ით [წელი] გაიზარდა. ჩვენ ამას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მივაღწიეთ".
ფაქტ-მეტრი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით დაინტერესდა და საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის სტატისტიკური მონაცემები გადაამოწმა.
სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა დემოგრაფიული სტატისტიკის მაჩვენებელია, რომელიც მოკვდავობის განმაზოგადებელ მახასიათებელს წარმოადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2014 წლის მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 72.9 წელს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.3 პუნქტით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელზე 1.8 პუნქტით ნაკლებია. ამასთან, 2006-2014 წლების სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შემცირდა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, 2013 წელს იყო (75.2).
გრაფიკი 1:
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
რა თქმა უნდა, ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის კუთხით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. დემოგრაფების აზრით, ჯანდაცვის სისტემა, კონკრეტულად კი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხი, შესაბამისად სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაზეც აისახება.
დიმიტრი ხუნდაძემ ამ მხრივ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის როლზე გაამახვილა ყურადღება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. საქართველოში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები აქამდეც არსებობდა და ის იმ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა, რომელთაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვაზე (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები, პენსიონერები, სტუდენტები და სხვა). ამასთან, სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ მიზნობრივ ჯანდაცვის პროგრამებს, როგორიცაა: ინფექციური დაავადების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, აივ ინფექცია/შიდსი, დიაბეტის მართვა, ნარკომანია, დიალეზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, პირველადი ჯანდაცვის პროგრამა სოფლად. ქვეყანაში ასევე მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა და სხვა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა, თუ როგორ აისახა ის დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, ცალკე კვლევის საგანია.
დასკვნასაქსტატის მონაცემებით, 2014 წელს მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72.9 წელია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.3 პუნქტით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელზე 1.8 პუნქტით ნაკლებია. ამასთან, 2006-2014 წლების სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მონაცემი 2013 წელს გვქონდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება: სიცოცხლის ხანგრძლივობა 0.6-ით [წელი] გაიზარდა, არის მცდარი.