რომ კურსის გაუფასურება მთავრობის მთავარი გამოწვევაა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში, თურქეთში და სომხეთში ცენტრალურმა ბანკებმა მოახდინეს ვალუტის გამყარება და საქართველომაც მსგავსი ქმედებები უნდა განახორციელოს.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციითა განსაზღვრული. 95-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას". აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია ქვეყანაში ფასების სტაბილურობაა. თუ ლარის კურსის გაუფასურება მაღალი ინფლაციის საფრთხეს წარმოშობს, ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს მიმოქცევაში არსებული ლარის მასის შემცირება უწევს, რაც ინფლაციურ პროცესს აჩერებს და დადებით გავლენას ახდენს ვალუტის კურსზეც. თუმცა, ეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს.
დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურება საქართველოში 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებაში 28%-ით გაუფასურდა.
გრაფიკი 1:
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 2013-2015 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი2013
წლიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები 702 მილიონი დოლარით (22.6%-ით) შემცირდა. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 720 მილიონი დოლარი გაყიდა და 340 მილიონი დოლარი იყიდა. 2014 წლის ნოემბრის შემდეგ კი, აუქციონზე 280 მილიონი დოლარი გაიყიდა. ასევე, კახა კალაძის მოცემულ განცხადებამდე, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი ორჯერ უკვე გაზარდა (ჯამში, 4%-დან 5%-მდე) და შედეგად, ლარის მასა M2 დეკემბრიდან მაისამდე პერიოდში 6%-ით (345 მლნ ლარით) შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლარმა მკვეთრი გაუფასურება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ლარის მასის ცვლილებაც აღნიშნული პერიოდიდან უნდა განვიხილოთ. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის მაისში ლარის მასა M2 2%-ით (100 მლნ ლარით) გაიზარდა. ლარის მასის ზრდის აუცილებლობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს. ვინაიდან საქართველოს დაბალი, მაგრამ პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს, ლარის მიწოდების დაბალი ნიშნულით ზრდა გამართლებულია. თუ ეროვნული ბანკი ლარის მიწოდებას მკვეთრად შეამცირებს, ქვეყანაში რეცესია დაიწყება.
მიმდინარე წლის 1 ივლისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით კვლავ გაიზარდა და მან 5.5% შეადგინა. ეს ცვლილება საბანკო სექტორიდან ლარზე მოთხოვნას ამცირებს, რაც საბოლოოდ მიმოქცევაში არსებულ ლარის მოცულობაზე უარყოფითად აისახება.
ვალუტის გაუფასურებას ჰქონდა ადგილი თურქეთსა და აზერბაიჯანშიც. თურქული ლირა 2014 წლის ნოემბერში 0.46 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო 2015 წლის მაისში ის 20%-ით გაუფასურდა და 0.37 აშშ დოლარი შეადგინა. თურქეთის ცენტრალური ბანკის მიხედვით, საერთაშორისო რეზერვები 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე 10%-ით (11 მილიარდი აშშ დოლარით) შემცირდა. გაუფასურება შეეხო აზერბაიჯანულ მანათსაც, რომელიც იგივე პერიოდში ასევე 20%-ით გაუფასურდა. აზერბაიჯანმა 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აპრილამდე რეზერვების 66% (9.6 მილიარდი აშშ დოლარი) გახარჯა.უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს პეგირებული გაცვლითი კურსი ჰქონდა, ასეთ შემთხვევაში კი, რეზერვების გამოყენებით გაცვლითი კურსის შენარჩუნება ცენტრალური ბანკის მოვალეობაა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2014 წელს სომხეთის საერთაშორისო რეზერვები 34%-ით, 2015 წელს კი 10.2%-ით შემცირდა. მოლდოვაში 2014 წელს საერთაშორისო რეზერვები 23.5%-ით, ხოლო 2015 წელს კიდევ 16.5%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2015 წელს მოლდოვას ეკონომიკის 4%-ით, ხოლო სომხეთის ეკონომიკის 3.5%-ით ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2015 წლის იანვარში მომზადებული კვლევისმიხედვით, მოლდოვას და სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 0%-ზე ჩამოვიდა. სომხეთის ეროვნული ბანკის მიხედვით, 2015 წლის პროგნოზი 0.4%-დან 2%-მდე მერყეობს. მთლიანობაში, როდესაც ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვებს ხარჯავს, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა მცირდება, შესაბამისად, მცირდება ერთობლივი მოთხოვნაც. ეს კი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამასთან, ხელოვნურად, დროის გარკვეულ პერიოდში შენარჩუნებული (შედარებით დაბალი) ვალუტის არასაბაზრო კურსი შეაფერხებს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის დასტაბილურებას - ქვეყნის ექსპორტი შემცირდება, იმპორტი კი გაიზრდება. გაუარესებული სავაჭრო ბალანსის გამო ეროვნული ვალუტის კურსზე ზეწოლა გაძლიერდება და მომავალში სახელმწიფოს მეტი დოლარის რეზერვის დახარჯვა მოუწევს იმისთვის, რომ ვალუტის კურსი იმ დონემდე არ გაუფასურდეს, რასაც ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეეძლება.
ქვეყანაში ვალუტის კურსს მასზე მოთხოვნა და უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება (საერთაშორისო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, საინვესტიციო და საკრედიტო კაპიტალის შემოდინება და ფაქტორული შემოსავლები) განსაზღვრავს. საქართველოს ეროვნული ვალუტის არა ფიქსირებული, არამედ მცურავი გაცვლითი კურსი აქვს. ფიქსირებულის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იმაზე ზრუნავს, რომ კურსი კონკრეტულ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. თავისუფალი მცურავი განაკვეთი კი იმას გულისხმობს, რომ ვალუტის კურსი საბაზრო პრინციპებით (მოთხოვნა-მიწოდებით) ყალიბდება.
დასკვნა 2013
წლის მაისში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.65 იყო, 2015 წლის 15 მაისს კი, 2.31-ს გაუტოლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია ქვეყანაში მონეტარული სტაბილურობაა (ინფლაციის კონტროლი). შესაბამისად, კახა კალაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს "არ უნდა შეეშინდეს" რეზერვების ხარჯვა, ისე როგორც სხვა ქვეყნებში მოხდა, არასწორი მიდგომაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივნისამდე სავალუტო აუქციონზე 280 მილიონი დოლარი გაყიდა. ფასების და ლარის სტაბილურობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთი გაზარდა. შედეგად, ლარის მასამ (მონეტარული აგრეგატი M2) მიმდინარე წლის იანვრიდან შემცირება დაიწყო და აპრილის ბოლოსთვის 345 მლნ ლარით შემცირდა. თუმცა, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ლარის მასა 100 მლნ ლარითაა გაზრდილი. ბუნებრივია, ეროვნულ ბანკს შეეძლო კიდევ უფრო რადიკალური ღონისძიებები გაეტარებინა და მეტად შეემცირებინა მიმოქცევაში არსებული ლარის მასა, თუმცა, ამას შედეგად ეკონომიკის შემცირება მოჰყვებოდა.
დოლართან მიმართებაში ვალუტის კურსის გაუფასურება შეეხო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისამდე მათი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 20%-ით გაუფასურდა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე რეზერვების 10% (11 მილიარდი აშშ დოლარი) გახარჯა, ხოლო აზერბაიჯანმა 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აპრილამდე რეზერვების 66% (9.6 მილიარდი აშშ დოლარი). უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს პეგირებული გაცვლითი კურსი აქვს და მისი ცენტრალური ბანკის მოვალეობაში რეზერვების მეშვეობით ვალუტის კურსის შენარჩუნება შედის.
2014წელს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების 34% დახარჯა. მიუხედავად ამისა, სომხური დრამი დოლართან მიმართებაში 17%-ით მაინც გაუფასურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს სომხეთის და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდა, რაზეც გავლენა ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მათ მიერ საერთაშორისო რეზერვების გახარჯვამაც იქონია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.