პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ლარის დევალვაციაზე საუბრისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, განაცხადა: "გაუფასურება არ იყო გამოწვეული მონეტარული საბაბით, ანუ ფულის მასის ზრდით. სარეზერვო ფულის მასის ზრდა ჩვენ ნულამდე დავიყვანეთ. ამ გაუფასურების მიზეზი არის შემოდინებების ნაკლებობა და არაფერი სხვა".
ფაქტ-მეტრმა გიორგი ქადაგიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმით დგინდება. ლარი უფასურდება, როცა ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მოცულობა დოლარის მოცულობაზე სწრაფად იზრდება, ან დოლარის მოცულობა მცირდება ლარის მასის უცვლელად შენარჩუნების პირობებში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აქცენტს სწორედ მეორე შემთხვევაზე აკეთებს და ლარის გაუფასურების მიზეზად ლარის მასის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების პირობებში დოლარის შემოდინების შემცირებას მიიჩნევს.
ქვეყანაში დოლარის შემოდინების ძირითად წყაროებს უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, პროდუქციის ექსპორტი და საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილები წარმოადგენენ. როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით ზრდის ტენდენციით ხასიათდება. სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა კი, დოლარის შემოდინების შემცირებას ნიშნავს, რაც ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება.
გრაფიკი 1:
საქართველოს სავაჭრო ბალანსი (მილიონი აშშ დოლარი)
დოლარის შემომავალი ნაკადების ანალიზისას, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილებია. უცხოური ფულადი ნაკადების შემცირების ტენდენცია გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე დაფიქსირდა. აღნიშნულ შვიდ თვეში გზავნილები ჯამში 171 მლნ დოლარით შემცირდა.
გრაფიკი 2:
ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან
მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვითარებაა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით. 2014 წელს მოცემულ კომპონენტში კლება არ დაფიქსირებულა. 2014 წლის IV კვარტალში შემომავალი ნაკადი 6 მილიონი აშშ დოლარით (1.6%) გაიზარდა და 392.2 მილიონი შეადგინა, თუმცა, შესამჩნევი იყო ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია. 2013 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, შემოსავლების ზრდის ტემპი 5-ჯერ შემცირდა და მან 1.6% შეადგინა. 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსული წმინდა ფულადი ნაკადები 3.9%-ით შემცირდა.
უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების კიდევ ერთი კომპონენტი უცხოური ინვესტიციებია. 2015 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 34%-ით (90 მლნ დოლარით) შემცირდა. რაც შეეხება 2014 წლის ბოლო კვარტალს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 349.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 53.9%-ით გაიზარდა. ინვესტიციები ლარის გაუფასურების პირველი ტალღის წამახალისებელი მიზეზი არ ყოფილა, თუმცა, მათი მოცულობა არ იყო საკმარისად მაღალი, რომ გაცვლით კურსზე სხვა ფაქტორებით გამოწვეული ზეწოლა აღმოეფხვრა. 2015 წლის დასაწყისში კი, ინვესტიციებიც შემცირდა.
შემდგომი ასპექტი, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, სარეზერვო ფულის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული) მასის ცვლილებაა. სარეზერვო ფული მიმოქცევაში არსებულ ეროვნულ ვალუტას (ლარს) და კომერციული ბანკების დეპოზიტებს მოიცავს. თავის მხრივ, კომერციული ბანკების დეპოზიტები სავალდებულო რეზერვებისა და საკორესპოდენტო ანგარიშებზე არსებული ნაშთებისგან შედგება. სავალდებულო რეზერვები და ნაშთები არის როგორც ლარში, ისე დოლარში. მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცვლება სარეზერვო ფულში შემავალი ლარის მასა, რადგან ბუნებრივია, ლარის გაუფასურების მიზეზი შეიძლება იყოს ლარის მასის და არა დოლარის მასის ზრდა.
მაისის ბოლოს სარეზერვო ფულის მასამ 4 478 მლნ ლარი შეადგინდა, რაც 2014 წლის 31 ოქტომბრის (ლარის გაუფასურება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო) მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. თუმცა, 11%-იანი ზრდა მნიშვნელოვანწილად სარეზერვო ფულში შემავალი დოლარის დეპოზიტების ზრდამ განაპირობა - ლარის გაუფასურების გამო, ლარში გამოხატული დოლარის დეპოზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ვნახავთ სარეზერვო ფულში შემავალ მხოლოდ ლარის მასას, გასული წლის ოქტომბრის ბოლოდან მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე, ის სულ 3.2%-ით (87 მლნ ლარით) გაიზარდა. გიორგი ქადაგიძე თავის განცხადებაში სწორედ ამ მაჩვენებელს გულისხმობდა. ამავდროულად, ეკონომიკაში ფართო ფულის (M2) მოცულობა 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით მხოლოდ 1.3%-ითაა გაზრდილი. M2-ის სარეზერვო ფულის მასაზე ნაკლები ოდენობით ზრდა ეკონომიკის დაკრედიტების შემცირებითაა გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრიდან მაისამდე ლარის მასა ჯამურად მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, გარკვეულ პერიოდებში (2014 წლის დეკემბერი, 2015 წლის აპრილი) ლარის მასა სწრაფად იზრდებოდა, თუმცა შემდგომ თვეებში კვლავ მცირდებოდა. გასული წლის დეკემბერში ლარით წარმოდგენილი სარეზერვო ფული 16.5%-ით (450 მლნ ლარით), ხოლო მიმდინარე წლის აპრილში 11%-ით (290 მლნ ლარით) გაიზარდა. დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირების ფონზე, თუნდაც მოკლევადიანი პერიოდით ლარის მასის მნიშვნელოვნად ზრდა ლარის კურსზე უარყოფითად აისახებოდა. აღნიშნულ პერიოდებში ლარის მიწოდების ზრდაზე და, შესაბამისად ვალუტის გაუფასურებაზე, ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც იქონია გავლენა. 2014 წლის დეკემბერში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (ფინანსური აქტივების ჩათვლით) 290 მლნ ლარი, ხოლო 2015 წლის აპრილში კი, 117 მლნ ლარი იყო.
დასკვნა
უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების ანალიზისას გაირკვა, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში სავაჭრო დეფიციტის ზრდამ 208 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში 132 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო შვიდ თვეში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 171 მლნ დოლარით შემცირდა. ასევე, 2014 წლის ბოლოს შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი, ხოლო 2015 წლის დასაწყისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რიცხვიც მცირდებოდა. ეს მაჩვენებელი დადებითად მხოლოდ მაისსა და ივნისში შეიცვალა. უცხოური ინვესტიციები 2014 წელს არ შემცირებულა, თუმცა მისმა ზრდამ დოლარის დანაკლისი ვერ დააბალანსა. 2015 წლის პირველ კვარტალში კი, უცხოური ინვესტიციებიც შემცირდა.
სარეზერვო ფული გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის მაისამდე 11%-ით გაიზარდა. თუმცა, თუ განვიხილავთ მხოლოდ მასში შემავალი ლარის მასის ცვლილებას (რასაც გავლენა აქვს კურსზე), ზრდა მხოლოდ 3.2% იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლარის მასა ჯამურად მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, გასული წლის დეკემბერში ლარით წარმოდგენილი სარეზერვო ფული 16.5%-ით, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში კი, 11%-ით გაიზარდა. დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირების ფონზე, თუნდაც მოკლევადიანი პერიოდით ლარის მასის მნიშვნელოვანი ზრდა ლარის კურსზე უარყოფითად აისახებოდა. აღნიშნულ პერიოდებში ლარის მიწოდების ზრდაზე, და შესაბამისად ვალუტის გაუფასურებაზე, ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც იქონია გავლენა.
ფაქტიურად განულებულია ფართო ფულის ზრდა (M2). ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით ის მხოლოდ 1.3%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებლის პირობებში ნორმალური მონაცემია.
ჯამში, უნდა ითქვას, რომ ლარის გაუფასურებას მონეტარული მიზეზი (ლარის მასის ზრდა) არ ჰქონია. მთავარი მიზეზი დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირებაა. მართალია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება (ლარის მასის მკვეთრი შემცირება) მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებდა, თუმცა ამას ეკონომიკის შემცირება მოჰყვებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გარკვეულ პერიოდებში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აბრკოლებდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ქადაგიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი ვარიანტი 7 ივლისს გამოქვეყნდა. გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ეროვნული ბანკიდან დაგვიკავშირდნენ და კვლევაში არსებულ გარკვეულ ხარვეზზე მიგვითითეს. კერძოდ, ჩვენ სარეზერვო ფულის ცვლილება განხილული გვქონდა მასში შემავალი დოლარის დეპოზიტების ჩათვლით, მაშინ, როდესაც მონეტარული მიზნებისთვის გამართლებულია სარეზერვო ფულის ცვლილება მხოლოდ მასში შემავალი ლარის მასაზე დაკვირვებით იყოს განხილული. შესაბამისად, სარეზერვო ფულის მასა გაზრდილია 3.2%-ით და არა 11%-ით, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით, სტატია დაკორექტირდა და შესაბამისად შეიცვალა ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც.