პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2008-2012 წლებში საგარეო ვალის ზრდა ეკონომიკურ ზრდას უსწრებდა, ხოლო 2013 წელი ერთადერთი წელი იყო, როცა საგარეო ვალი შემცირდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ქვეყნის საგარეო ვალი სხვა სახელმწიფოების მიმართ მისი რეზიდენტების დავალიანებაა. საგარეო ვალი არის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის ჯამი. აღნიშნულში შედის არა მხოლოდ სახელმწიფო საგარეო ვალი, არამედ კერძო სექტორის საგარეო ვალდებულებებიც. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014წლის ბოლოს საქართველოს საგარეო ვალმა 13 460 მლნ დოლარი შეადგინა, აქედან 4 250 მლნ დოლარი (31.5%) მთავრობის დავალიანება იყო.
2008-2012წლებში საგარეო ვალის ზრდის ტემპი მართლაც მაღალი იყო და რეალური მშპ-ის ზრდის ტემპს უსწრებდა (იხ. გრაფიკი 1). განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები განვითარების საწყის ეტაპზე საგარეო ვალს ეკონომიკური ზრდის დასაფინანსებლად იღებენ. შესაბამისად, საწყის ეტაპზე ვალის ზრდის ტემპი შესაძლებელია მშპ-ის ზრდის ტემპზე მაღალიც იყოს. საგარეო ვალის ზრდა არ შეიძლება ცალსახად უარყოფითად შეფასდეს, რადგან საგარეო ვალი მოიცავს როგორც სამთავრობო ვალს, ასევე კერძო სექტორის მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს და შესაბამისად, უცხოელების მიერ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებული თანხების ნაწილსაც. კერძო სექტორში საგარეო ვალის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე. მთავარია, სახელმწიფო ვალი იმ დონეზე არ გაიზარდოს, რომ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგეს.
გრაფიკი 1:
საქართველოს საგარეო ვალის და მშპ-ის დინამიკა 2008-2014 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, საგარეო ვალის ზრდის ტემპი მშპ-ის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად 2008-2009 წლებში უსწრებდა. ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2008 წლის აგვისტოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო საკმაოდ შემცირდა. ამავე დროს, კრიზისიდან გამოსასვლელად ქვეყანას მნიშვნელოვანი მოცულობის საგარეო ვალის აღება დასჭირდა.
2009-2010წლებში საგარეო ვალის ზრდა ნაწილობრივ პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებამ განაპირობა. 2012-2013 წლებში კი, პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა.
გრაფიკი 2:
მთლიანი საგარეო ვალის, მთავრობის საგარეო ვალის და პირდაპირი ინვესტციების ზრდა
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალის დინამიკის შესაფასებლად მნიშვნელოვანია საგარეო ვალის არა ნომინალური მაჩვენებლები, არამედ მშპ-თან და ექსპორტთან მიმართებაში ზრდის დინამიკა. საგარეო ვალი უცხოური ვალუტაშია აღებული, შესაბამისად, მის გადასახდელად უცხოური ვალუტის რესურსებია საჭირო. უცხოური ვალუტის ერთ-ერთ ძირითად წყაროს ექსპორტი წარმოადგენს და აქედან გამომდინარე საინტერესოა, თუ რამდენია საგარეო ვალის წილი ექსპორტთან მიმართებით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა 7 092 მლნ ლარი შეადგინა, შესაბამისად საგარეო ვალის პროცენტული წილი ექსპორტთან მიმართებაში 190% იყო (იხ გრაფიკი 2).
გრაფიკი 3:
საგარეო ვალი მშპ-სა და ექსპორტთან მიმართებაში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი2007-2009
წლებში საგარეო ვალი მშპ-სა და ექსპორტთან მიმართებაში გაიზარდა, თუმცა 2010-2014 წლებში ამ მაჩვენებელმა დაიკლო.
თუ საგარეო ვალის და ექსპორტის ზრდის ტემპს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2008-2009 წლების გარდა ექსპორტის ზრდა საგარეო ვალის ზრდის ტემპზე მაღალი იყო. ის კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა საგარეო ვალის დასაფინანსებლად სავალუტო რესურსების მოზიდვას ახერხებდა. დღეს, შემცირებული ეკონომიკური ზრდა და ექსპორტის კლების ტენდენცია არასახარბიელოდ მოქმედებს ქვეყნის კრედიტუნარიანობაზე, რამაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებშისაქართველოს პოზიცია გააუარესა.
2013წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 13 232 მლნ აშშ დოლარი იყო (11 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ვიდრე 2012 წელს, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ გაიზარდა). აქედან, მთავრობის ვალი 2012 წელთან შედარებით 61 მლნ დოლარით, ხოლო ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 244 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. რაც შეეხება კერძო სექტორის დავალიანებას, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, ის 294 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
პრემიერის განცხადება, რომ 2013 წელი არის ერთადერთი წელი, როცა საგარეო ვალი შემცირდა, მცდარია. 2000 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 9 მლნ დოლარით, მათ შორის მთავრობის საგარეო ვალი 39 მლნ აშშ დოლარით და ეროვნული ბანკის ვალი 44 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო კერძო სექტორის დავალიანება კი 74 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მთავრობის საგარეო ვალი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა 2004-2006 წლებშიც. შესაბამისად, 2013 წელი არ ყოფილა ერთადერთი წელი, როცა საგარეო ვალი შემცირდა (იხ გრაფიკი 4).
გრაფიკი 4:
მთლიანი და მთავრობის საგარეო ვალის ზრდის ტემპი 2000-2014 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი2014
წელს საქართველოს საგარეო ვალი 228 მლნ დოლარით გაიზარდა. მათ შორის, მთავრობის ვალი 65 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ბანკის - 86 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, საგარეო ვალის ტენდენციებზე საუბრისას პრემიერი რატომ საუბრობს 2013 წელზე, როდესაც 2014 წლის მაჩვენებლებიც უკვე ცნობილია და საპირისპირო ვითარებას აჩვენებს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მთავრობის საგარეო ვალის შემცირება რაიმე წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკის შედეგი არ ყოფილა, ეს გამოყოფილი კრედიტების სრულად ვერ ათვისებამ გამოიწვია. მთავრობამ უცხოური კრედიტების მოზიდვის წლიური გეგმა 82%-ით შეასრულა და 130 მლნ ლარის (დაახლოებით 75 მლნ დოლარის) კრედიტი ვერ აითვისა. ეს თანხა კი ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იყო გამოყოფილი. ამ თანხის ათვისების შემთხვევაში 2013 წელს გაიზრდებოდა, როგორც მთავრობის საგარეო ვალი, ასევე ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი.
დასკვნა
საქართველოს საგარეო ვალის ზრდის ტემპი 2008-2012 წლებში მართლაც აღემატებოდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს, ხოლო 2013-2014 წლებში საგარეო ვალის ზრდის ტემპი ეკონომიკური ზრდის ტემპზე ნაკლები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპიც შემცირდა.
ამასთან, 2013 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11 მლნ დოლარით, ხოლო მთავრობის საგარეო ვალი 61 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2013 წელი არ არის გამონაკლისი, როცა საგარეო ვალი (როგორც მთავრობის, ასევე მთლიანი საგარეო ვალი) შემცირდა. საგარეო ვალი ოდნავ, მაგრამ მაინც, შემცირდა 2000 წელსაც. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საგარეო ვალი აბსოლუტურ მაჩვენებლებში შემცირდა, ლარის გაუფასურების გამო საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში გაიზარდა.
პრემიერი 2015 წლის გაზაფხულზე 2013 წელზე საუბრობს, როცა უკვე 2014 წლის მონაცემებია ცნობილი. 2014 წელს საქართველოს საგარეო ვალი 228 მლნ დოლარით გაიზარდა. 2013 წელს საგარეო ვალის შემცირება კი, წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკის შედეგი არ ყოფილა. მთავრობამ სრულად ვერ აითვისა გამოყოფილი უცხოური კრედიტი და საგარეო ვალი სწორედ ამის გამო არ გაიზარდა. აღნიშნული კრედიტის აუთვისებლობა უარყოფითად აისახა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპზე და სავალუტო ნაკადების შემოდინებაზე.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.