მიმდინარე წლის 18 მაისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ტელეკომპანია GDS-ის თოქშოუ 20/30-ში გამომცემლობებსა და განათლების სამინისტროს შორის არსებულ დავაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, უკვე ორი წელია, რაც გამომცემლობები განათლების სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებენ და სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესისგან მათ ჩამოშორებას აპროტესტებენ. თამარ სანიკიძის განმარტებით, სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილება შედის, რაც გამომცემლობებსა და სამინისტროს შორის ურთიერთობას ბოლომდე დაარეგულირებს. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა საკუთარ თავზე აიღო, აღმოჩნდა, რომ "საშუალოდ 12 ლარიანი წიგნი, თურმე მაქსიმუმ 3 ლარი ღირს".
ფაქტ-მეტრი განათლების მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
2013 წლის 8 აპრილს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა,რომ საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო გახდებოდა. 2013-2014 სასწავლო წლისთვის, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში 5 819 778 სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი გამოიყო. თუ სახელმძღვანელოების საერთო ღირებულებას დაბეჭდილი წიგნების რაოდენობაზე გავყოფთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფოს ერთი სახელმძღვანელო საშუალოდ 2.80 ლარი დაუჯდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში 2014-2015 სასწავლო წლისთვის 3 863 090 წიგნი დაიბეჭდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 251 685 ლარი დაიხარჯა. ამ შემთხვევაში ერთი სახელმძღვანელოს საშუალო ღირებულებამ 3.17 ლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, სხვადასხვა დონის ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ღირებულებამ 5.69 ლარი შეადგინა, მე-8 კლასის ბილინგვური სახელმძღვანელო - 12.16 ლარი დაჯდა, მე-9 კლასის ბილინგვური სახელმძღვანელო - 15.13 ლარი, მე-12 კლასის ქართული და ბილინგვური სახელმძღვანელო კი - 5.33 ლარი. ყველაზე იაფი - 1.71 ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მე-2 კლასის ქართული და ბილინგვური სახელმძღვანელოს შესყიდვა დაუჯდა.
გასულ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოების ფასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე იმდროინდელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც საუბრობდა. 2012 წლის 23 იანვარს, გაზეთ "24 საათისთვის" მიცემულ ინტერვიუში,განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განმარტა, რომ უკმაყოფილებას, რომელიც მასთან პირად საუბრებში მასწავლებლებისგან, პედაგოგებისგან და მოსწავლეებისგან მოდიოდა, 3 ძირითადი მიზეზი ჰქონდა. კერძოდ, ყოველწლიურად იცვლებოდა სახელმძღვანელოები, რომლებიც შინაარსობრივად და ტექნიკურად უხარისხო იყო და ამავდროულად ძალიან ძვირი ღირდა. მანვე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს იმედი ჰქონდა, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებდა პრობლემას და კონკურენციას მხოლოდ კარგი სახელმძღვანელოები გაუძლებდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, დიმიტრი შაშკინის თქმით, თავდაპირველად სახელმძღვანელოებით გამოწვეული უკმაყოფილების მოგვარება გამომცემლობებთან მოლაპარაკების გზით სცადა. თუმცა, მათმა დიდმა ნაწილმა თანამშრომლობაზე უარი თქვა და მოსწავლეების ხარჯზე "ფულის კეთება" არჩია. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ცვლილებები შეიტანა. შეიცვალა და დაიხვეწა სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმები და 2011-2012 სასწავლო წლისთვის 1-6 კლასის სახელმძღვანელოების ღირებულების მაქსიმალურ ზღვრად 10 ლარი დადგინდა. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ გრიფირების ახალი წესის თანახმად, გრიფირებული სახელმძღვანელოები მომდევნო 5 წლის განმავლობაში აღარ შეიცვლებოდა. დიმიტრი შაშკინის თქმით, მე-2 კლასის სახელმძღვანელოების კომპლექტის ღირებულება მშობელს 100 ლარიდან 52 ლარამდე შეუმცირდა.
დიმიტრი შაშკინმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ 2012 წლისთვის სახელმძღვანელოების გრიფირება დასრულდებოდა და 7-12 კლასის სახელმძღვანელოების მაქსიმალური ღირებულებაც 10 ლარი იქნებოდა.
2012 წლის სექტემბრისთვის ყველა კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს მაქსიმალური ღირებულება 10 ლარით განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, მშობელთა ნაწილი უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამდა.მათი განმარტებით, სახელმძღვანელოების გარკვეულ ნაწილს სავარჯიშო რვეულები მოყვებოდა და სახელმძღვანელოსთან ერთად მათი ჯამური ღირებულება 10 ლარს აჭარბებდა. გარდა ამისა, ზოგიერთი სახელმძღვანელო ორნაწილიანი იყო და ჯამში მათი ღირებულება 10 ლარზე მეტი გამოდიოდა. თუმცა, მშობლები არც იმას უარყოფდნენ, რომ გასულ წლებთან შედარებით სასკოლო სახელმძღვანელოები გაიაფდა, რაც ოჯახებისთვის რეალური შეღავათი აღმოჩნდა. საბოლოოდ, სასკოლო სახელმძღვანელოს ღირებულება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 ლარით განისაზღვრა. საშუალო ღირებულება კი, 8-9 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
ფაქტ-მეტრმა სახელმძღვანელოების დღეს არსებული ფასები წიგნების ბაზარზეც გადაამოწმა. ზემოაღნიშნული ფასები ბაზარზე დღემდე შენარჩუნებულია.
კვლევის ფარგლებში, ფაქტ-მეტრი გამომცემლობა "ინტელექტის" დირექტორს, კახა კუდავას ესაუბრა. მისი თქმით, განათლების მინისტრის განცხადება, რომ სასკოლო სახელმძღვანელოს საშუალო ღირებულება დღეს მაქსიმუმ 3 ლარია, სიცრუეა. მისივე განმარტებით, განათლების სამინისტრომ გამომცემლობების მიერ გრიფის მინიჭების მომენტში უწყებაში ჩაბარებული დისკები გამოიყენა, რომელიც სახელმძღვანელოების შინაარსს ინახავდა და დასაბეჭდად სტამბებს გადასცა. სტამბებმა კი, თავის მხრივ, მხოლოდ ქაღალდი შეიძინეს. შესაბამისად, სახელმძღვანელოს დაბეჭდვა რომ გაცილებით იაფი გამოვიდოდა, ლოგიკურია. მსგავსი მსჯელობით, განათლების სამინისტროს სტამბებისთვისაც რომ არ გადაეხადა, გამოვიდოდა, რომ უწყებას სახელმძღვანელოს ბეჭდვა ნული ლარი დაუჯდა.
კახა კუდავამ განმარტა, რომ სახელმძღვანელო თავისით არ იქმნება და მას სჭირდება ავტორი, რედაქტორი, კორექტორი, დიზაინერი, მხატვარი და ა.შ. სწორედ ეს ადამიანები მონაწილეობენ წიგნის შექმნაში. შემდეგ, სახელმძღვანელო გრიფის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობს. კონკურსში მონაწილეობისათვის კი სახელმძღვანელოს თითოეულ სახეობაში გამომცემლობა 1 600 ლარს იხდიდა. ეს კი თავისთავად დამატებითი ხარჯია. გარდა ამისა, აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების საფასური ჯამში 10 ლარზე მეტი გამოდიოდა (ემატებოდა თარგმნის საფასური), მაგრამ განათლების სამინისტროს მოთხოვნით, მისი მაქსიმალური ღირებულებაც 10 ლარი უნდა ყოფილიყო. კახა კუდავამ ისიც განმარტა, რომ სახელმძღვანელოს ყდაზე მითითებული თანხა მართალია 10 ლარი იყო, თუმცა, გამომცემლობების მხრიდან დაწესებული მაქსიმალური ზღვარი 8 ლარს შეადგენდა, 2 ლარი სახელმძღვანელოების დისტრიბუციისთვის იყო გათვლილი. გარდა ამისა, ავტორებთან ხელშეკრულებები იყო დადებული. ისინი სახელმწიფო გადასახადის ჩათვლით სახელმძღვანელოს საფასურის 25%-ს, ანუ მეოთხედს იღებდნენ. ამასთან, გამომცემლობას დამატებითი ხარჯებიც აქვს. ცალკეა სასტამბო ხარჯიც. ჯამურად კი, ყველა ეს ხარჯი სახელმძღვანელოს ღირებულებაში იდება.
კახა კუდავას თქმით, განათლების სამინისტრომ 2013 წელს სახელმძღვანელოების 100% დაბეჭდა. ასეთ შემთხვევაში კი, სახელმძღვანელოს თვითღირებულება გაცილებით იაფია. გამომცემლობები სახელმძღვანელოებს ნაკლები ტირაჟით ბეჭდავდნენ. შესაბამისად, სახელმძღვანელოს ღირებულებაც უფრო ძვირი იყო.
"ინტელექტის" დირექტორმა ყურადღება ქაღალდზეც გაამახვილა. მისი განმარტებით, გამომცემლობას სახელმძღვანელოები 70%-იან ობსეტის ქაღალდზე უნდა დაებეჭდა, რაც იმას ნიშნავს რომ 1მ2ქაღალდის წონა 70 გრამია. სტამბებს კი უფლება მისცეს, რომ სახელმძღვანელო 51 გრამიან ქაღალდზე დაებეჭდათ. ეს კი, 19 გრამიან შეღავათს იძლევა, რაც თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის ზოგავს.
დასკვნა 2014-2015სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტროს მიერ შესყიდული სასკოლო სახელმძღვანელოების საშუალო ღირებულებამ 3.17 ლარი შეადგინა. ეს თანხა (2.80) კიდევ უფრო მცირე იყო 2013-2014 სასწავლო წლისთვის. 2011 წელს 1-6 კლასის სახელმძღვანელოების მაქსიმალური ღირებულება 10 ლარით განისაზღვრა. 2012 წლიდან კი 10 ლარიანი მაქსიმუმი ყველა კლასის სახელმძღვანელოზე დაწესდა. სახელმძღვანელოს საშუალო ღირებულება 8-9 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მინისტრის განცხადების კონტექსტი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს ერთი სახელმძღვანელოს ბეჭდვა მის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები უჯდება, სწორია. თუმცა, იმის თქმა, რომ გასულ წლებში სახელმძღვანელოს საშუალო ღირებულება 12 ლარს შეადგენდა, არასწორია. 2012 წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოს მინიმალური ღირებულება 5 ლარი, მაქსიმალური კი 10 ლარი იყო. გარდა ამისა, გამომცემლობებს სასტამბო ღირებულების გარდა, კიდევ დამატებითი ხარჯები ჰქონდათ (ავტორი, რედაქტორი, კორექტორი, მხატვარი, დიზაინერი და ა.შ.), რაც ჯამდებოდა და სახელმძღვანელოს ღირებულებაში ისახებოდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ თამარ სანიკიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.