წლების განმავლობაში ქუთაისში და მთლიანად იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების პრობლემა პრაქტიკულად გადაუჭრელი იყო. ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება მთელ ქუთაისს. ეს არის 87 მილიონიანი პროექტი".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი თევდორაძე გამოეხმაურა. თევდორაძის თქმით,ქუთაისის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში გაიწელა, მაშინ, როცა პროექტის მიხედვით, სამუშაოები 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. "ჩემი მიმართვის ობიექტია ირაკლი ღარიბაშვილი. მან რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომ თურმე ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს. გაიხსენეთ რამდენჯერ მითქვამს, რომ წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში შეჩერებულია. ის, რაც განაცხადეთ 2015 წელს, 2013 წლის ბოლოსთვის უნდა ყოფილიყო დასრულებული. სხვათა შორის, ქუთაისის მოსახლეობის 20% 2011 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია. ეს წინა მთავრობის პერიოდში გახდა შესაძლებელი" - განაცხადა დეპუტატმა.
ფაქტ-მეტრთან საუბარში გიორგი თევდორაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. 2009 წელს, შესაბამისი ტენდერი გამოცხადდა და ამ სამუშაოების მეორე ეტაპი (პირველი ეტაპი ტენდერის მოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისი ტექნიკის შესყიდვას და სამუშაოების დაგეგმვას მოიცავდა) დაიწყო. ეს ეტაპი მიზნად მთავარ ქუჩაზე წყლის მილების ჩადგმას გულისხმობდა. ასევე, უნდა მოწესრიგებულიყო სათავე ნაგებობები და დეპუტატის თქმით, დაახლოებით 6 ასეთი სათავე ნაგებობა მოწესრიგდა კიდეც. თევდორაძის თქმით, სწორედ ამ ორი ეტაპის გავლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა, რომ ქუთაისის ნაწილი, კერძოდ კი ავტოქარხნის დასახლება 24 საათიანი სასმელი წყლით მომარაგებულიყო. მისივე განცხადებით, ამ ტერიტორიული ორგანოს მაცხოვრებლები, ქუთაისის მკვიდრთა დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ავტოქარხნის დასახლებას წყალი ნამდვილად 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდება და ამას ფაქტ-მეტრთან საუბარში ადგილობრივებიც ადასტურებენ.
ქუთაისში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებდა, 2013 წელს უნდა დასრულებულიყო და ამ დროისთვის ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამას ადასტურებს იმდროინდელი ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილიც. ჭანჭალეიშვილის განცხადებით, სამუშაოები 2012 წელს რომ არ შეჩერებულიყო, 2013 წელს ქალაქის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა აღარ ექნებოდა.
ქუთაისის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობდა, ტენდერი 2012 წლის 28 აგვისტოს გამოცხადდა. ეს იყო მთლიანი პროექტის 26 მილიონიანი ეტაპი, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცენტრში, საფიჩხიასა და უქიმერონის უბნებში ამორტიზირებული წყლის მილები უნდა გამოცვლილიყო. ამ სამუშაობისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "კობრამ" გაიმარჯვა. თუმცა, ამავე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, სამუშაოები შეჩერდა და მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ, ხელახალი ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებულად ამ ტენდერშიც კომპანია "კობრა" გვევლინება, რომელიც ამ მომენტისთვის აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს.რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ შეჩერდა 2012 წელს სამუშაოები. ოფიციალურად, შეფერხება პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანამ გამოიწვია. ანუ, ძველ პროექტში გაწერილი სამუშაოების დინამიკა და ზოგიერთი ქუჩა, სადაც წყალგაყვანილობის სისტემა უნდა შეცვლილიყო/შეკეთებულიყო, სხვა ქუჩებით ჩანაცვლდა. 2012 წელს სამუშაოების შეჩერების უფრო კონკრეტულ მიზეზებზე ქუთაისის მერიაში ვერ საუბრობენ, რადგან 2012 წლის შემდეგ ქალაქმა რამდენიმე მერი და სამსახურების უფროსი გამოიცვალა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელიც 2012 წელს დროებით შეჩერდა და შემდგომ, ახალი ხელისუფლების პირობებში თავიდან დაიწყო, 2016 წელს დასრულდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორის, მერაბ ბობოხიძის თქმით, მოცემული მომენტისთვის, ჯამში, რეაბილიტაცია ქუთაისის 27 ქუჩას ჩაუტარდა. ქალაქის რამდენიმე უბანში კი, დიდი მოცულობის რეზერვუარები განთავსდება.
ამ დროისთვის უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ: ავტოქარხნის მართვის ტერიტორიული ერთეულის, წმ. ლუკას ქუჩას, ირ. აბაშიძის (13-დან 31 ნომრის ჩათვლით), ასევე აღმაშენებლის, ჭავჭავაძის და გამსახურდიას ქუჩებს. უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ ავანგარდისა და ნიკეას მართვის ტერიტორიული ორგანოების ბოლო მონაკვეთის კერძო სექტორის მობინადრეებს.
დასკვნაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემა პრაქტიკულად გადაუჭრელი იყო და ინტენსიური სამუშაოები მისი გუნდის მმართველობის პერიოდში დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქუთაისში სამუშაოები წლების წინ დაიწყო, რასაც გარკვეული შედეგიც მოჰყვა, თუმცა, ქალაქის სრული წყალმომარაგება უზრუნველყოფილი არ ყოფილა და ის მხოლოდ კონკრეტულ დასახლებას შეეხო. ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ქუთაისში წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სიმართლეა, მაგრამ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო და თავდაპირველი გეგმით ის 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2012 წლისთვის სამუშაოები შეჩერდა და ახალი ტენდერი გამოცხადდა. ამ პროცესებმა კი, ქუთაისის სრული წყალმომარაგება 2016 წლამდე გადადო.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.