მიმდინარე წლის 23 მაისს, რუსთავი 2-ის ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა,

რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა არასაკმარისია და სამინისტროს თანხის დამატება ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან მოუწევს. მისი ვარაუდით, წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს დამატებით დაახლოებით 80 მლნ ლარი დასჭირდება. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხარჯების შემცირების მიზნით, მარტის ბოლოს კრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი შემთხვევების ფასები დაადგინა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განაცხადებით კი, გადახარჯვაზე საუბარი არამართებულია და ყველაფერი ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვითაა. მან "მიმდინარე წლის პირველ თვეებში გაწეული შედარებით მაღალი ხარჯები" სეზონურობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ გაზაფხულზე შემთხვევების/მიმართვების რაოდენობა უფრო მეტია, რაც ჯანდაცვაზე ბიუჯეტის ხარჯებს ზრდის.

ფაქტ-მეტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებით დაინტერესდა და მკითხველისთვის ფაქტობრივი მონაცემების მიწოდებას შეეცადა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2015 წლის 6 თვის ბიუჯეტი 231.5 მლნ ლარით განისაზღვრა. თუმცა, მოგვიანებით, 6 თვის ბიუჯეტი 236.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული სტატისტიკის თანახმად, 1 ივნისის მონაცემებით,

მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 220.2 მლნ ლარი იყო დახარჯული. შესაბამისად, იანვარ-მაისში 6 თვის გეგმის 93% უკვე ათვისებული იყო და ივნისში გასახარჯი თანხა მხოლოდ 16.5 მლნ ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა პროგრამის საშუალო თვიური ხარჯი 44 მლნ ლარს უდრის.

სახელმწიფო ხაზინის 10 ივნისის ოპერატიული მონაცემებით,

პროგრამის ხარჯმა უკვე 236.3 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, დაკორექტირდა 6 თვის გეგმაც და ის 248.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. ჯამში, საყოველთაო ჯანდაცვაზე წლის პირველ ნახევარში გამოყოფილი თანხა უკვე 17 მლნ ლარითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არასაკმარისი აღმოჩნდა 2014 წელსაც. ბიუჯეტში პროგრამისთვის 200 მლნ ლარი დაიგეგმა, თუმცა წლის ბოლოსათვის ხარჯი 338.4 მლნ ლარს უდრიდა. შესაბამისად,

გასულ წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებმა დამტკიცებულ გეგმას 138 მლნ ლარით გადააჭარბა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება.

გრაფიკი 1:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები (მლნ ლარი)

image001

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ექსპერტები საყოველთაო ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად ფინანსური რისკს ასახელებენ. იმ ფონზე, როცა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის უმეტეს წილს სახელმწიფო იკავებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს და კერძო სადაზღვევო კომპანიები მასში ჩართული არ არიან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა. ეს გარემოება ერთი მხრივ ზრდის სახელმწიფოს ხარჯებს და მეორე მხრივ ხელს უშლის ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის არსებობა/განვითარებას.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენად უკავშირდება მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაღალი ხარჯები სეზონურობას, სახელმწიფო ხაზინიდან 2014-2015 წლებში ჯანდაცვის პროგრამის ყოველთვიური ხარჯები გამოვითხოვეთ.

თუ გასული წლების ხარჯებს დავაკვირდებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ყველაზე მაღალი ხარჯები შემოდგომაზე და დეკემბრის თვეში ფიქსირდება. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებმა დაგეგმილ ხარჯებს წელსაც, წლის ბოლოს, კიდევ უფრო გადააჭარბოს.

გრაფიკი 2:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები თვეების მიხედვით (მლნ ლარი)

image002

აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 მარტის ბრძანების თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფები განისაზღვრა. აქამდე ტარიფები განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, კრიტიკული მედიცინის და გადაუდებელი შემთხვევების დროს კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი თანხა (და არა მოთხოვნის მიხედვით) აუნაზღაურდებათ. აღნიშნული ცვლილება ერთი მხრივ სახელმწიფოს ხარჯების მართვას გაუიოლებს, თუმცა, მეორე მხრივ, მას უკვე მოჰყვა კლინიკების წარმომადგენლების უკმაყოფილება. მათი განმარტებით, განსაზღვრული ტარიფები მცირეა. "ჯეო ჰოსპიტალის" გენერალური დირექტორის განცხადებით, "

ახალი ტარიფები ხელმისაწვდომობის და სამედიცინო მომსახურების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს".

დასკვნა

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები ყოველწლიურად მაღალი ტემპით იზრდება. 2013 წელს პროგრამის დაფინანსებამ 70 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ჯამში 338 მლნ ლარი გაიხარჯა. მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 470 მლნ ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 6 თვის გეგმა 231.5 მლნ ლარი იყო, თუმცა, მოგვიანებით ის 236.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. 10 ივნისის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებმა უკვე 236.3 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ექვსი თვის გეგმა დაკორექტირდა და ის 248.7 მლნ ლარით განისაზღვრა. როგორც ვხედავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკვე დააკლდა თანხები და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.

ამასთან, თუ გასული წლის მონაცემებს გადავხედავთ, ყველაზე მაღალი ხარჯები არა გაზაფხულზე, არამედ შემოდგომაზე და დეკემბერში ფიქსირდება. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მიმდინარე წელსაც, ანალოგიურ პერიოდში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები კიდევ უფრო გაიზარდოს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა სოფრომაძის განცხადება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებთან დაკავშირებით, არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი