მიმდინარე წლის 15 მაისს, ანაკლიაში, საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა, სადაც თხილის კულტურის განვითარების გეგმებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსთვის თხილი უმსხვილესი საექსპორტო და პრიორიტეტული სფეროა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით: "თხილის ექსპორტმა გასულ წელს ღვინის ექსპორტს გადააჭარბა. თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა 183 მლნ იყო, 180 მლნ კი - ღვინის ექსპორტიდან შემოვიდა".
ფაქტ-მეტრი ქართული თხილის ექსპორტის მაჩვენებლებით დაინტერესდა და ოთარ დანელიას განცხადება გადაამოწმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თხილი საექსპორტო ათეულშია. 2014 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხის ოდენობა 10%-ით გაიზარდა და 183.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, გაიზარდა მისი წილი მთლიან ექსპორტში - 2013 წელს თხილი მთლიანი ექსპორტის 5.7%-ს იკავებდა, ხოლო 2014 წელს ის 6.4%-მდე გაიზარდა.
2014 წელს ღვინის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა და მან 180.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 2.7 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს. თუმცა, 2006-2014 წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ღვინის ექსპორტმა მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს გადააჭარბა თხილის ექსპორტს.
გრაფიკი 1: თხილის და ღვინის ექსპორტი 2006-2014 წლებში (მლნ აშშ დოლარი)
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს თხილის ექსპორტი გაიზარდა, საქართველოში თხილის წარმოება შემცირდა. ქვეყანაში წარმოებული თხილის მოცულობამ 2013 წელს 39.7 ათასი ტონა, ხოლო 2014 წელს 36.2 ათასი ტონა შეადგინა.
გრაფიკი 2: თხილის წარმოება საქართველოში 2006-2014 წლებში (ათასი ტონა)
ჩვენ, ასევე, მიმდინარე წლის მონაცემებითაც დავინტერესდით. 2015 წლის იანვარ-აპრილში თხილის ექსპორტი დაახლოებით 145%-ით გაიზარდა და 62 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 25.2 მლნ აშშ დოლარი იყო. იანვარ-აპრილში თხილის ექსპორტის წილმა მთლიანი ექსპორტის 9% დაიკავა.
დასკვნა
2014 წელს თხილის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა და 183.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.7 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა ღვინის ექსპორტს. თუმცა, წინა წლების (2006-2014) სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თხილის ექსპორტი ყოველთვის აჭარბებდა ღვინის ექსპორტს. ერთადერთი შემთხვევა 2008 წელს დაფიქსირდა, როცა თხილის ექსპორტი ღვინის ექსპორტზე ნაკლები იყო. თხილის ექსპორტის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და იანვარ-აპრილში, ამ დარგში ექსპორტის 145%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.