საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ "ენერგეტიკის მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ 2015 წელს დაახლოებით 640 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება".
ფაქტ-მეტრი ენერგეტიკის მინისტრის ამ განცხადებით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია, თუ რა მოცულობის ინვესტიციას ელოდებიან ენერგოსექტორში 2015 წელს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,მიმდინარე წელს, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების ფარგლებში 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება.
სამხრეთ კავკასიის მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტიორია. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი მილსადენების ჯაჭვში პირველ დამაკავშირებელ რგოლს ქმნის, რომელიც სამხრეთის გაზის ახალ კორიდორს წარმოადგენს და რომლის მეშვეობითაც კასპიის გაზის ევროპაში გატანა პირველად მოხდება. პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.
British Petroleum საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის გაზსადენს უწევს ექსპლუატაციას. კომპანიის ცნობით,შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდება. დაგეგმილი კაპიტალდაბანდების 20% ადგილობრივი მიმწოდებლებისგან საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე დაიხარჯება. ამასთან, საქართველო სატრანზიტო გაზის მოცულობის 5%-ს მიიღებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში ჯამში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერში ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისთანახმად, საქართველოს მთავრობა შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში 400-700 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ელოდებოდა.
ამასთან, ექსპერტების მოსაზრებით, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ანუ ყოველწლიურად 500 მლნ დოლარის ახალი ინვესტიცია 4 წლის მანძილზე არარეალურია. წლის ბოლოს ფაქტ-მეტრი ამ თემას კვლავ მიუბრუნდება და გადაამოწმებს რეალურად რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა 2015 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების ფარგლებში.
2015წელს ასევე დაგეგმილია დაახლოებით 755 მლნ ლარის (დაახლოებით 335 მლნ აშშ დოლარამდე) ინვესტიცია. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის რა ნაწილს დაიკავებს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაგეგმილი 755 მლნ ლარის ინვესტიციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცხრილშია მოცემული (შენიშვნა - ცხრილში მოცემული ჰესების პროექტების უმრავლესობა 2015 წლამდე დაიწყო):
პროექტი | 2015 წელს გასაწევი ხარჯი (მლნ ლარებში) | პასუხისმგებელი უწყება |
გამრიცხველიანება, ქსელის რეაბილიტაცია, ჰესების რეაბილიტაცია | 45 | ენერგო პრო-ჯორჯია |
ქსელის რეაბილიტაცია | 18 | თელასი |
ქსელის რეაბილიტაცია | 1 | კახეთი ენერგოდისტრიბუცია |
მაგისტრალური გაზსადენების და გაზის სადგურების რეაბილიტაცია, ნავთობის სათაო ნაგებობა, გარდაბნის თბოსადგური | 140 | გაზისა და ნავთობის კორპორაცია |
გაზიფიცირების სამუშაოები | 31 | გაზის ტრანსპორტირების კომპანია |
გაზიფიცირება და ქსელის რეაბილიტაცია, ახალი აბონენტების მიერთება | 35 | სოკარ ჯორჯია-გაზი |
ქსელის რეაბილიტაცია, გამრიცხველიანება | 3.5 | ყაზ-ტრანს გაზი |
ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია | 25 | შპს "ენგურჰესი" |
"რეგიონალური ელექტროგადამცემის გაუმჯობესების პროექტი", "საქართველოს ელექტროგადამცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტი", ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება | 95 | საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა |
გადამცემი ხაზების რეაბილიტაცია (კავკასიონი, იმერეთი, ქართლი-2, ქართლი-1) | 4.2 | საქრუსენერგო |
რიონის წყალშემკრები აუზის პოტენციალის კვლევა, ქარის ელქტროსადგურისა და ნამახვან ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები | 10.5 | საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი |
კირნათი ჰესი, ხელვაჩაური ჰესი 1 | 40 | Achar energy 2007 |
დარიალ ჰესი | 60 | Dariali energy |
ხობი ჰესი 1 | 5 | Georgian investment group energy |
მტკვარი ჰესი | 15 | Mtkvari HPP |
ლუხუნი ჰესი | 3.5 | Rusmentali |
ნაბეღლავ ჰესი | 0.7 | AE_SGI energy |
კვინტრიშა ჰესი | 5 | Hydro Development |
სხალთა და შუახევ ჰესები | 155 | Clean energy |
დებედა და ფშაველა ჰესები | 7 | Hydrolea |
ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებითი სამუშაოები | 55 | |
ჯამი | 754.4 (მლნ ლარი) |
2011-2013 წლებში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა. ამ მხრივ, გასული წელი შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა. საქსტატის მონაცემებით,
2014 წელს ენერგეტიკის სფეროში 99 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 60%-ით ნაკლებია. 2014 წლის მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2012 და 2011 წლების მონაცემებს.
გრაფიკი 1:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში (მლნ აშშ დოლარი)
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ელექტროენერგიის და აირის წარმოების და განაწილების სექტორში შექმნილი რეალური პროდუქცია 2.8%-ით (15 მლნ ლარით) შემცირდა. აღნიშნულ სექტორში მსგავსი შემცირება 2004 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
დასკვნა
ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების ფარგლებში 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. 2015 წელს სხვადასხვა პროექტებში დაახლოებით 335 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია დაგეგმილი ინვესტიციების რა ნაწილი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სფეროში 2014 წელი სხვა წლებთან შედარებით ერთ-ერთი წარუმატებელი წელი იყო. გასულ წელს ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა (2.8%-ით) პროდუქციის რეალური გამოშვებაც.
2015 წელს ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი ჯამური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ემთხვევა ენერგეტიკის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვს. გამომდინარე იქიდან, რომ კახა კალაძის განცხადება პროგნოზია, ჩვენ მას წლის ბოლოს კვლავ დავუბრუნდებით. ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.