მიმდინარე წლის 12 მაისს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა: "ძალიან საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა გუშინ, რომ ბანკი "ქართუს" მოგება 17.5-ჯერ გაიზარდა შარშანდელთან შედარებით."
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2015წლის პირველ კვარტალში საქართველოს საბანკო სექტორის ჯამურმა წმინდა მოგებამ 101.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 7.2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2014 წლის პირველ კვარტალში, საბანკო სექტორის მთლიანი წმინდა მოგების 50.5% "საქართველოს ბანკმა" მიიღო, მეორე იყო "თი ბი სი" ბანკი 21.8%-ით, ბანკ "ქართუს" წილი კი, 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. 2015 წლის ანალოგიური პერიოდისთვის, "საქართველოს ბანკისა" და "თი ბი სი" ბანკის წილებმა შესაბამისად - 22.7% და 30.8% შეადგინეს, ბანკ "ქართუს" წილი კი, სექტორის მოგებაში 11.4%-ს გაუტოლდა.
გრაფიკი 1:
ბანკების წილი სექტორის წმინდა მოგებაში
რაც შეეხება "ქართუ" ბანკის მოგებას, 2015 წლის I კვარტალში ორგანიზაციის წმინდა მოგებამ 11.5 მილიონ ლარს გადააჭარბა და 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 655%-ით (17.5 ჯერ) გაიზარდა. როგორც გრაფიკ 2-ზეა წარმოდგენილი, არცერთი წამყვანი ქართული ბანკის წმინდა მოგება მსგავსი ტემპით არ გაზრდილა. აღნიშნულ მაჩვენებელთან მიახლოებული მხოლოდ "ზირაათ" ბანკის თბილისის ფილიალის მოგების ზრდის ტემპია, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი ცალსახად საბაზო ეფექტზე შეიძლება, ვინაიდან აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის მოგება 2014 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 50 ათას ლარს შეადგენდა, რომელიც მიმდინარე წლის შესაბამისი პერიოდისთვის 705 ათას ლარამდე გაიზარდა. ნომინალურ მაჩვენებლებში ყველაზე დიდი მოგება "თი ბი სი" ბანკმა მიიღო (31.2 მილიონი ლარი), თუმცა ზრდის თვალსაზრისით, აბსოლუტურ მაჩვენებლებშიც, ბანკი "ქართუ" ლიდერობს - 10.9 მილიონი ლარით. აღნიშნულ შედეგთან მიახლოებულია "თი ბი სი" ბანკის მოგების ზრდა ლარებში (10.6 მილიონი), ხოლო სხვა არცერთი კომერციული ბანკის მოგების აბსოლუტურ ნაზრდს (2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) 4.2 მილიონი ლარისთვის არ გადაუჭარბებია.
გრაფიკი 2:
კომერციული ბანკების წმინდა მოგება
უნდა აღვნიშნოთ, რომ ცალკე აღებული კონკრეტული მონაცემი ცალსახა დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. შესაბამისად, სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად, ფაქტ-მეტრმა წამყვანი ქართული ბანკების მოგების მაჩვენებლები გააანალიზა. მომგებიანობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს საშუალო კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი (ROE) წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით - "კომერციული ბანკის ფინანსური გამჭვირვალობის წესის" შესაბამისად განისაზღვრება, როგორც წლიურად გადაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ კაპიტალთან. საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია გამოაქვეყნოს აღნიშნული მონაცემი, საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
როგორც საბანკო სექტორის მომგებიანობის ანალიზის შედეგად გაირკვა, ბანკი "ქართუ" გამორჩეული იყო არა მხოლოდ წმინდა მოგების აბსოლუტური მნიშვნელობის ზრდის თვალსაზრისით. 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, საშუალო კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტის ზრდის თვალსაზრისითაც, ბანკი "ქართუ" ლიდერი იყო და მისი კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 14.9-ჯერ გაიზარდა.
გრაფიკი 3:
უკუგება საშუალო კაპიტალზე (ROE) და მისი პროცენტული ცვლილება
მხედველობაშია მისაღები საბაზო ეფექტის ფაქტორიც, ვინაიდან 2014 წლის პირველ კვარტალში საშუალო კაპიტალზე უკუგების მიზერული კოეფიციენტით (1.27%) ბანკი "ქართუ" მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა წამყვან ქართულ ბანკებს. თუმცა, 1 394%-იანი ზრდის ტემპი არ შეიძლება მხოლოდ საბაზო ეფქტით აიხსნას, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი იყო მაღალი ზრდის ტემპის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი.
დასკვნა
გიორგი გაბაშვილის განცხადების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში ბანკი "ქართუს" წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.5-ჯერ (1 655%-ით) გაიზარდა და 11.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ გარდა უშუალოდ წმინდა მოგების აბსოლუტური მნიშვნელობის ზრდისა, ბანკი "ქართუს" შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 14.9-ჯერ გაიზარდა უკუგება საშუალო კაპიტალზე (ROE) - 1.27%-იდან 19.04%-მდე, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წმინდა მოგების აბსოლუტური მაჩვენებლის ზრდა არ ყოფილა გამოწვეული კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდით. ბანკი "ქართუ" იყო გამონაკლისი, რომელსაც მსგავსი ტემპებით გაეზარდა მოგების როგორც აბსოლუტური, ასევე ფარდობითი მაჩვენებელი.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება არის სიმართლე.