მიმდინარე წლის 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2015 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.3% იყო, ხოლო ამავე წლის პირველი კვარტალის მონაცემმა 3.2% შეადგინა, რაც ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდაა არა მარტო რეგიონში, არამედ, ფაქტიურად, მსოფლიოში.
ფაქტ-მეტრი გიგა ბუკიას განცხადებით დაინტერესდა და რეგიონთან, ასევე მსოფლიოსთან მიმართებაში საქართველოს 2015 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა გააანალიზა.
ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ცვლილების მიხედვით განისაზღვრება. მშპ ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული ყველა საბოლოო პროდუქტის და მომსახურების საბაზრო ღირებულებათა ჯამს წარმოადგენს.
გიგა ბუკია განცხადების გაკეთებისას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.3%, ხოლო 2015 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 3.2% შეადგინა. იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა აღნიშნული ეკონომიკური ზრდა რეგიონში და მსოფლიოში "ყველაზე ძლიერი", ჩვენ Trading Economics-ის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია გავაანალიზეთ.
წინასწარი მონაცემებით, წინა წლის იგივე კვარტალთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 5.3%-ს შეადგენდა, ხოლო სომხეთის პირველი კვარტლის პროგნოზი 4.1% იყო. რაც შეეხება დსთ-ის სივრცეში შემავალ სხვა ქვეყნებს, 2015 წლის პირველი კვარტლისთვის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ყირგიზეთს (7%) და ტაჯიკეთს (5.3%) ჰქონდათ. მკვეთრი ეკონომიკური კლება (-7.6%) უკრაინაში დაფიქსირდა. ეკონომიკური კლება დაფიქსირდა რუსეთსა და ბელორუსიაშიც. ამ ქვეყნებში, 2014 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, კლებამ -2% შეადგინა.
ცხრილი 1:
დსთ-ის სივრცეში შემავალი ქვეყნების მშპ-ის ცვლილება
ქვეყანა | 2015 წლის I კვარტალი | 2013 წლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი, ნომინალი) |
ყირგიზეთი | 7% | 1 263.4 |
ტაჯიკეთი | 5.3% | 1 036.6 |
აზერბაიჯანი | 5.3% | 7 811.6 |
სომხეთი | 4.1% | 3 504.8 |
საქართველო | 3.2% | 3 596.9 |
ყაზახეთი | 2.2% | 13 611.5 |
რუსეთი | -2% | 14 611.7 |
ბელორუსი | -2% | 7 575.5 |
უკრაინა | -7.6% | 3 900.5 |
რაც შეეხება ევროპის განვითარებად ქვეყნებს, 2015 წლის პირველი კვარტლის რეალური მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, შესაბამისად, მხოლოდ პირველი კვარტლის მშპ-ის ცვლილების საპროგნოზო მონაცემები განვიხილეთ. როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მაკედონიაში იყო პროგნოზირებული (4.6%), ეკონომიკური კლება კი მონტენეგროში დაფიქსირდა (-2.1%).
ცხრილი 2:
ევროპის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები
ქვეყანა | 2015 წლის I კვარტლის პროგნოზი | მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) |
მაკედონია | 4.6% | 5 481 |
რუმინეთი | 4.3% | 10 034 |
პოლონეთი | 4.1% | 14 378 |
ალბანეთი | 3,7% | 4 781 |
უნგრეთი | 3.4% | 13 881 |
ბულგარეთი | 2.0% | 7 752 |
თურქეთი | 1.1% | 10 482 |
სერბეთი | -1.9% | 6 123 |
ხორვატია | -1.2% | 13 493 |
მონტენეგრო | -2.1% | 7 149 |
საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. გიგა ბუკია თავის განცხადებაში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მთელი მსოფლიოს ქვეყნების მონაცემებს ადარებს, რაც არამართებულია. როგორც წესი, განვითარებულ ეკონომიკებს მშპ-ის ზრდის შედარებით დაბალი ტემპი ახასიათებთ (იხ. ბმული).
განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებიან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს 2%-ით გაიზრდება. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველოს 188 ქვეყნიდან 137-ე ადგილი უჭირავს, ხოლო 151 განვითარებად ქვეყანას შორის 114 ადგილს იკავებს.
დასკვნა
დსთ-ის სივრცეში შემავალი ქვეყნებიდან, 2015 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდით საქართველოზე წინ დგანან ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. რაც შეეხება ევროპის განვითარებად ქვეყნებს, მშპ-ის ზრდის პროგნოზით, პირველ კვარტალში საქართველოზე მაღალი ეკონომიკის ზრდის ტემპი მაკედონიას, ალბანეთს, უნგრეთს და რუმინეთს აქვთ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადება იმის შესახებ, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში, რეგიონსა და მსოფლიოში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, არის მცდარი.