რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ადრეც ხდებოდა, თუმცა ახლა ამ მიმართულებით მუშაობა უფრო გააქტიურდა.
ფაქტ-მეტრი ეკონომიკის მინისტრის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახელწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, 2014 წელს სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან[1] შემოსავალმა 63.2 მლნ ლარი შეადგინა. 2013 წელსაღნიშნული მაჩვენებელი 27.8 მლნ ლარი იყო. თუ 2010-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ანაგრიშებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები ბევრად მაღალი იყო. მაგალითად, 2010 წელს სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 146 მლნ ლარი, ხოლო 2011 წელს 189 მლნ ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის ანგარიშებიდან მიღებული ინფორმაციით რთულია შევაფასოთ, თუ რა ძალისხმევას დებდა მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშესაწყობად, თუმცა თუ გეგმის მიმართ ბიუჯეტის შესრულებას შევაფასებთ, ვნახავთ, რომ 2013 წელს აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო. 2013 წელს სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 100 მლნ ლარით იყო დაგეგმილი, თუმცა ფაქტიურად მიღებულმა შემოსავალმა 28 მლნ ლარი (გეგმის 28%) შეადგინა. 2014 წელს, ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდა და შესრულებამ 98% შეადგინა.
გრაფიკი 1:
სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
ფაქტ-მეტრმა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიმართა, რათა გაერკვია 2010-2014 წლებში რომელი და რა ღირებულების აქტივების პრივატიზება განხორციელდა. სააგენტომ ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე მოგვაწოდა.
ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში სულ 5 სახელმწიფო ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 2.25 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წელს მხოლოდ ერთი სახელმწიფო ობიექტი გადავიდა კერძო საკუთრებაში, ეს იყო "ახალქალაქის მოძრავ-მექანიზებული კოლონის" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 76 000 ლარი შეადგინა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წელს 20 სახელმწიფო ობიექტი გადავიდა კერძო საკუთრებაში, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 17 მლნ ლარამდე შეადგინა. 2012 წელს, არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ერთი ობიექტის - შპს "რატევანი 2000"-ის პრივატიზება მოხდა 10 000 ლარად.
ცხრილი 1: 2010-2014
წლებში გაყიდული სახელმწიფო ობიექტების რაოდენობა და მათგან მიღებული შემოსავალი
2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | |
ობიექტების რაოდენობა | 7 | 32 | 20 | 4 | 1 |
ღირებულება (ლარი) | 1 999 561 | 213 641 835 | 16 981 516 | 2 171 000 | 76 000 |
რაც შეეხება 2010-2011 წლებს, 2010 წელს კერძო საკუთრებაში 7 სახელმწიფო ობიექტი გადავიდა, პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, დაახლოებით 2 მლნ ლარი შეადგინა. 2011 წელს 32 სახელმწიფო ობიექტი გადავიდა კერძო საკუთრებაში და პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 213.6 მლნ ლარი შეადგინა. ობიექტების უმეტესობა სამედიცინო პროფილის დაწესებულებები იყო, რომლებიც კერძო ინვესტორებს პროფილის შენარჩუნების ვალდებულებით გადაეცათ. ამასთან, გარდა პროფილის შენარჩუნებისა, ცალკეული ხელშეკრულებებით, ინვესტორებს საკმაოდ სოლიდური ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებაც დაეკისრათ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2010-2014 წლების განმავლობაში პრივატიზებული ობიექტებიდან ორი - საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" (2010 წელი) და შპს "თევზსაშენი" (2012 წელი) კერძო საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავიდა. თუმცა, "ტორპედოს" შემთხვევაში ინვესტორს ყოველწლიურად არანაკლებ 1 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრა. 1 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით მოხდა კერძო ინვესტორისთვის შპს "თევზსაშენის" გადაცემა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში ძირითადი აქტივების რეალიზაციიდან შემოსულმა თანხამ 17 მლნ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 170%-ია.
დასკვნა 2014
წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 63.2 მლნ ლარი, ხოლო 2013 წელს 27.8 მლნ ლარი შეადგინა. 2013 წელს სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ დაგეგმილის მხოლოდ 28% შეადგინა. 2015 წლის პირველ კვარტალში აქტივების რეალიზაციიდან 17 მლნ ლარი შემოვიდა (გეგმის 170%).
რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში სულ ხუთი სახელმწიფო ობიექტი გადავიდა კერძო საკუთრებაში, ხოლო პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.25 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, 2014 წელს მხოლოდ ერთი ობიექტის პრივატიზება განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ რთულია შევაფასოთ, თუ რა ძალისხმევას დებდა მთავრობა პრივატიზების ხელშეწყობაში, ფაქტია, რომ 2010-2011 წლებში სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე მომდევნო წლებში. ამასთან, 2013-2014 წლებში შემცირდა პრივატიზებული სახელმწიფო საწარმოების რაოდენობაც.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.___________________________ [1] სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალში იგულისხმება ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგებისა და მიწის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არაფინანსური აქტივების კლების მუხლში აღირიცხება, თუმცა არაფინანსური აქტივები, გარდა მატერიალური ქონებისა, მოიცავს სახელმწიფოს მიერ ლიცენზიებისა და ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან მიღებულ შემოსავალსაც.