წლის აპრილში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლაში მოსწავლის მისაღები ასაკის მინიმალურ ბარიერად 6 წელი განისაზღვრა. სამინისტრომ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა ადგილობრივი და საერთაშორისო რეკომენდაციებით ახსნა.
28 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობელთა იმ ნაწილის აქცია მოეწყო,რომლებიც სკოლაში ბავშვის მიღების 6 წლიან ზღვარს აპროტესტებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციის ძირითად ნაწილს სკოლის ყოფილი დირექტორები, რესურს-ცენტრების ყოფილი ხელმძღვანელები და პოლიტიკური დაჯგუფების წევრები წარმოადგენდნენ, რომლებიც პროცესის გამწვავებას ცდილობენ და მშობლებთან სწორი ინფორმაციის მისვლას უშლიან ხელს. სამინისტროსთან გამართულ აქციაში დეპუტატი კობა სუბელიანიც მონაწილეობდა. თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ერთი წლის წინ 6 წლიან ბარიერს თავად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მისცეს ხმა. მისი თქმით: "კობა სუბელიანი დღეს ყველას წინაშე გაექცა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია... რატომ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთხმად იმ კანონს მხარი, რომელსაც ახლა აპროტესტებს, როცა ერთი წლის წინ განიხილებოდა?!"
ფაქტ-მეტრი თამარ სანიკიძის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
მიმდინარე წლის 18 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დეპუტატ კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. ინიციატივა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. კანონპროექტის თანახმად, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება ყველა იმ მოსწავლეს ექნებოდა, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით, 62 ხმით მიიღო. მეორე მოსმენით კი, აღნიშნული ინიციატივა ჩააგდო. სასკოლო ასაკის 6 წლიანი ბარიერის გასაპროტესტებლად საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა, სახელწოდებით - "შეუშვით ბავშვები სკოლაში" გაავრცელეს და განათლების სამინისტროს 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღებისკენ მოუწოდეს. თუმცა, სამინისტრომ მშობლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება არ შეცვალა.
იმის დასადგენად, ერთი წლის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მართლაც დაუჭირა თუ არა ბავშვების სკოლაში მიღების 6 წლიან ბარიერს მხარი, ფაქტ-მეტრმა საქართველოს პარლამენტიდან იმ კანონპროექტის მესამე მოსმენის შედეგები გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. მიღებული პასუხისთანახმად, კანონპროექტზე საბოლოო კენჭისყრა 2014 წლის 4 აპრილს ჩატარდა. საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით 0-ის წინააღმდეგ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სხდომას არ დასწრებიან და შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კვლევის ფარგლებში ფაქტ-მეტრი კობა სუბელიანს დაუკავშირდა. სუბელიანის განცხადებით, თავის დროზე მთავრობის ამ ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მხარდაჭერა მართლაც ჰქონდა და ეს პირველ და მეორე კენჭისყრებზეც დაფიქსირდა. რაც შეეხება მესამე მოსმენას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, სუბელიანმა განმარტა, რომ ეს შესაძლოა რომელიმე საკითხისადმი ბოიკოტის პერიოდს დაემთხვა და პარტია სხდომას სხვა მიზეზით არ ესწრებოდა.
ამასთან, კობა სუბელიანმა განგვიმარტა, რომ მისი ამჟამინდელი საკანონმდებლო ინიციატივა, 5 წლის და 10-11 თვის ბავშვებს ეხება, რომლებსაც 6 წელი სასწავლო პროცესის დაწყებიდან მალევე უსრულდებათ. მისი თქმით, ასეთ ბავშვებზე განათლების სამინისტრომ გამონაკლისი უნდა დაუშვას და მათ სწავლის დაწყების შესაძლებლობა მისცეს. კობა სუბელიანის თქმით, მის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმაც დაუჭირეს. მას შემდეგ კი, რაც თამარ სანიკიძემ პოზიცია არ შეცვალა, პარტიამ გუნდურობის პრინციპი აღარ დაარღვია და კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. კობა სუბელიანის თქმით, არსებობს ვარაუდიც, რომ განათლების სამინისტროს შეუვალი გადაწყვეტილება თანხებსაც უკავშირდება. კერძოდ, პირველი კლასის მოსწავლეებს სახელმწიფომ კომპიუტერები უნდა გადასცეს და ამ მიმართულებით თანხის დაზოგვას ცდილობენ. დეპუტატი საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას კიდევ აპირებს, მანამდე კი, მშობლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციისთვის, უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტრომ 2014 წელს სასკოლო ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები შემდეგ ორ კვლევაში გამოთქმული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა:
პირველ კვლევაში აღნიშნულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი გარემოს არარსებობის გამო, ამ ეტაპზე 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღება რეკომენდებული არ არის. მეორე კვლევაში კი, აქცენტი მხოლოდ იმაზეა გაკეთებული, რომ კარგი იქნება, თუ სასკოლო პროგრამებში 5 წლიანთა შესაძლებლობების გათვალისწინებაც მოხდება და მათი სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით პედაგოგებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები შემუშავდება. პირდაპირი ხაზგასმა, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვი აუცილებლად 6 წლის (ან მეტის) უნდა იყოს, არცერთ კვლევაში არ გვხვდება.
დასკვნა
ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 4 აპრილს მიიღო. კენჭისყრას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები არ დასწრებიან. თუმცა, პირველ და მეორე მოსმენაზე კანონპროექტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა, რაც ფაქტ-მეტრთან საუბარში კობა სუბელიანმაც დაადასტურა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თამარ სანიკიძის განცხადება, რომ გასულ წელს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სასკოლო ასაკის 6 წლიან ბარიერს მხარი დაუჭირა, არის მეტწილად სიმართლე.