მიმდინარე წლის 24 აპრილს, ფაქტ-მეტრის სერვისის - "შეამოწმე შენი ფაქტის" ფარგლებში, ჩვენმა მკითხველმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების გადამოწმება გვთხოვა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "

იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ კარგად "ვახერხებთ" მთავრობის კონტროლს, საკმარისია გავაანალიზოთ თუნდაც სააკაშვილის მთავრობის ნამოქმედარი: გავსებული ციხეები, 300 ათასი პრობაციონერი".

ფაქტ-მეტრმა მკითხველის თხოვნით გადაამოწმა, თუ რამდენი პრობაციონერი იყო საქართველოში 2004-2012 წლებში.

ტერმინი "პრობაციონერი" არ არის სამართლებრივი ტერმინი, რადგან იგი არცერთ კანონში თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში არ გვხვდება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტერმინით ხშირად პირობითი მსჯავრითა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები მოიხსენიებიან.

პირობითი მსჯავრი კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში ინიშნება. პირობითი მსჯავრის დროს, სასამართლოს შეუძლია პირს დამატებითი მოვალეობები (მაგ. პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეცვალოს მისამართი, არ მოინახულოს კონკრეტული ადგილი, გაიაროს მკურნალობა და სხვა) დააკისროს. ასევე, შესაძლებელია, რომ პირს განესაზღვროს გამოსაცდელი ვადა, რომლის დროსაც, ბუნებრივია, მან არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და მისთვის დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულოს. პირობითი მსჯავრდებულის ქცევაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო პრობაციის ეროვნული სააგენტოა.

მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ შემთხვევაში ხდება, თუ სასამართლო (განსაკუთრებულ შემთხვევაში, პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო) მიიჩნევს, რომ მისთვის აუცილებელი აღარ არის დანიშნული სასჯელის ბოლომდე მოხდა.

შესაბამისად, პირობითი მსჯავრიც და პირის ვადამდე გათავისუფლებაც არის პირობითი სასჯელის სახეები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადად ტერმინი "პრობაციონერიც" სწორედ იმ პირებს გულისხმობს, ვისაც სასჯელის სწორედ აღნიშნული ფორმა შეეფარდათ.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, რამდენი პრობაციონერი იყო საქართველოში 2004-2012 წლებში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკა

არ არის აბსოლუტურად ზუსტი, რადგან, როგორც თავად აგვიხსნეს, სტატისტიკაში შესაძლებელია ის ადამიანებიც განმეორდნენ, რომლებიც წინა წელსაც იყვნენ მიჩნეული პრობაციონერებად. მიუხედავად ამისა, ფაქტ-მეტრმა სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაცია მაინც დააჯამა.

წლები პირობითი მსჯავრის მქონე პირები პირობით ვადამდე გათავისუფლებულები
2004 წელი 6 277 1 197
2005 წელი 7 827 1 212
2006 წელი 9 558 558
2007 წელი 16 073 245
2008 წელი 21 387 499
2009 წელი 26 628 409
2010 წელი 31 986 186
2011 წელი 38 681 136
2012 წელი 33 109 604
სულ 191 526 5 046

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ არცერთი წლის სტატისტიკაში წინა წელს ჩათვლილი პრობაციონერები არ მეორდებიან, ჯამური რაოდენობა 300 ათასს მაინც არ აღწევს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში პირობითი მსჯავრის მქონე 191 526 პირი, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლებული 5 046 პირი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რიცხვიც რეალობასთან შედარებით გადაჭარბებულია, რადგან სხვადასხვა წლის სტატისტიკაში ის პირები მეორდებიან, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ პრობაციონერები. მაგალითად, თუ პირს პირობითი მსჯავრი 2005 წელს 5 წლის ვადით შეუფარდეს, იგი ჩათვლილია როგორც 2005, ისე 2006, 2007, 2008, 2009 წლების სტატისტიკაში. შესაბამისად, 2004-2012 წლებში საქართველოში შესაძლებელია მაქსიმუმ 196 572 პრობაციონერი ყოფილიყო, თუმცა სავარაუდოა, რომ რეალურად პრობაციონერების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო.

ასევე, პრობაციონერთა რიცხვის შეფასებისთვის, აუცილებელია საქართველოს მონაცემები სხვა ქვეყნებს შევადაროთ. ევროპის საბჭო ყოველწლიურად სასჯელების სტატისტიკას

აქვეყნებს, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მონაცემებია შედარებული. სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს საქართველო 100 ათას მოსახლეზე პრობაციონერების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო.

# ქვეყანა პრობაციონერების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე
1 საქართველო 38 692 865.73
2 პოლონეთი 244 091 633.51
3 თურქეთი 400 494 543.24
4 ესტონეთი 7 235 539.84
5 ბელგია 40 606 369.14
6 გაერთიანებული სამეფო (უელსი) 162 674 289.61
7 ლუქსემბურგი 1 463 285.85
8 საფრანგეთი 184 284 283.76
9 გაერთიანებული სამეფო (ირლანდია) 4 273 236.48
10 ლიტვა 7 136 233.77

საინტერესოა, როგორ შეიცვალა საქართველოში პრობაციონერთა რაოდენობა 2012 წლის შემდეგ.

წლები პირობითი მსჯავრის მქონე პირები პირობით ვადამდე გათავისუფლებულები
2013 წელი 11 445 474
2014 წელი 15 361 356

2013-2014 წლებში პრობაციონერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2013 წლის მაჩვენებელს სხვა ქვეყნებს შევადარებთ,

საქართველოს მონაცემები ამ კუთხითაც გაუმჯობესებულია.

# ქვეყანა პრობაციონერების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე
1 თურქეთი 965 234 1276.3
2 ლატვია 17 383 858.92
3 პოლონეთი 208 139 540.15
4 ესტონეთი 6 409 485.47
5 უნგრეთი 38 195 385.47
6 ბელგია 39 483 353.74
7 გაერთიანებული სამეფო (შოტლანდია) 17 147 321.85
8 საფრანგეთი 187 056 285.24
9 მოლდოვა 9 963 279.9
10 ლიტვა 8 297 279.18
11 გაერთიანებული სამეფო (უელსი) 150 469 264.22
12 ნიდერლანდები 43 010 256.32
13 საქართველო 11 445 255.65
14 ლუქსემბურგი 1 339 249.33
15 პორტუგალია 25 911 247.07

2013

წელს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის რიგით მე-13 ადგილზეა. 100 ათას მოსახლეზე პრობაციონერთა რაოდენობაც 865.73-დან 255.65-მდეა შემცირებული.

დასკვნა

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2004-დან 2012 წლამდე ჯამში 196 572 პრობაციონერი იყო. სააგენტოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები გარკვეულწილად გადაჭარბებულია, რადგან სხვადასხვა წლის სტატისტიკაში ის პირები მეორდებიან, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ პრობაციონერები. ნებისმიერ შემთხვევაში, პრობაციონერთა რაოდენობა 2004-2012 წლებში არ აღწევდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ 300 000 პირს.

მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოს ყოველწლიური სასჯელების სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს საქართველო ევროპაში პრობაციონერთა რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრობაციონერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროპის მასშტაბითაც, საქართველომ პირველი ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 2004-2012 წელს 300 000 პრობაციონერი იყო, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი