მიმდინარე წლის 24 მარტს, რუსთავი 2-ის ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ყურადღება ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. მისი თქმით: "დღეს, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებს აბსოლუტურად ყველა პარამეტრში". მისივე განმარტებით, ეს კომპონენტებია: ღია ტიპის მმართველობა, დემოკრატიული არჩევნები, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი.
ფაქტ-მეტრი ეკა ბესელიას განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობაარის ევროკავშირის ინიციატივა მისი მეზობელი ექვსი სახელმწიფოს (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსი) მიმართ. ინიციატივა ძალაში 2009 წლის 7 მაისს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ერთობლივი დეკლარაციის მიღებით შევიდა. აღმოსავლეთ პარტნიორობა ემყარება შემდეგი პრინციპების საერთო ერთგულებას: კანონის უზენაესობა, ეფექტური მმართველობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, უმცირესობათა პატივისცემა და დაცვა, საბაზრო ეკონომიკა და მდგრადი განვითარება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპასთან ინტეგრირების კუთხით წლის განმავლობაში დაფიქსირებული პროგრესის შესაფასებლად EAP-ის (European Integration Index For Eastern Partnership Countries) ინდექსიგამოიყენება, რომლის მიხედვითაც, თითოეული ქვეყნის რეიტინგი განისაზღვრება.
EAP ინდექსს სამი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს:
- წარმოაჩენს დეტალიზებულ სტანდარტებს მდგრადი დემოკრატიის შეფასებისთვის;
- აფასებს აღნიშნულ 6 ქვეყანას 800-ზე მეტი იდენტური კითხვითა და ინდიკატორით;
- პროგრესის ამსახველი ყოველწლიური ანგარიშების მეშვეობით ავსებს და აძლიერებს ევროკავშირის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობისათვის.
EAP ინდექსის მიხედვით, ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდებიან: არჩევნები, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო, საჯარო ადმინისტრირების ხარისხი, კორუფციასთან ბრძოლა და ანგარიშვალდებულება.
EAP ინდექსის 2014 წლის ანგარიში 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული სტანდარტების კუთხით მიღწეულ პროგრესს ასახავს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაჩვენებლები შემდეგია:
ინდიკატორი |
მოლდოვა |
საქართველო |
უკრაინა |
სომხეთი |
აზერბაიჯანი |
ბელორუსი |
არჩევნები |
0.83 |
0.80 |
0.52 |
0.46 |
0.06 |
0.15 |
მედიის თავისუფლება |
0.67 |
0.67 |
0.60 |
0.56 |
0.23 |
0.19 |
ადამიანის უფლებები |
0.74 |
0.70 |
0.73 |
0.58 |
0.47 |
0.15 |
დამოუკიდებელი სასამართლო |
0.83 |
0.88 |
0.47 |
0.73 |
0.27 |
0.24 |
საჯარო ადმინისტრირების ხარისხი |
0.75 |
0.58 |
0.60 |
0.62 |
0.44 |
0.45 |
კორუფციასთან ბრძოლა |
0.73 |
0.81 |
0.60 |
0.68 |
0.22 |
0.42 |
ანგარიშვალდებულება |
0.81 |
0.67 |
0.75 |
0.64 |
0.37 |
0.30 |
ჯამი |
0.77 |
0.73 |
0.61 |
0.61 |
0.30 |
0.27 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, კორუფციასთან ბრძოლისა და დამოუკიდებელი სასამართლოს კომპონენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველოს პირველი ადგილი უკავია. ასევე, მოლდოვასთან ერთად პირველ ადგილს ინაწილებს მედიის თავისუფლების კომპონენტში. არჩევნების კომპონენტში საქართველო 80 ქულით მოლდოვას მოსდევს და მეორე ადგილს იკავებს. ადამიანის უფლებების კუთხით, მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ, საქართველოს მესამე ადგილი უჭირავს. ასევე, მესამე ადგილზეა ანგარიშვალდებულების კუთხითაც. საჯარო ადმინისტრირების კომპონენტში კი, ის მეოთხე ადგილზეა. ქულების საშუალო რაოდენობის მიხედვით, საქართველო 73 ქულით მოლდოვას მოსდევს და მეორე ადგილს იკავებს.
დასკვნაბოლო კვლევა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგებს ასახავს, 2014 წელს გამოქვეყნდა და ის 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის, საქართველოს 7 კომპონენტიდან 3-ში პირველი ადგილი უკავია. ორ კომპონენტში ის მესამე ადგილზეა, ერთში მეორეზე და ერთშიც მეოთხე ადგილზე.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ეკა ბესელიას განცხადება: "დღეს, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებს აბსოლუტურად ყველა პარამეტრში", არის ნახევრად სიმართლე.