მიმდინარე წლის 17 თებერვალს, რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის შემცირებაზე ისაუბრა. ამ ტენდენციის გამომწვევ მიზეზებად მან მთავრობის ნაკლები ძალისხმევა, არათანმიმდევრული პოლიტიკა და ახალი სავიზო რეგულაციები დაასახელა. საუბრისას მან განაცხადა, რომ "2012 წელს ტურიზმის 57%-იანი ზრდა იყო და წელს 7%-ით ეცემა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. პირველ რიგში, განმარტებისთვისუნდა აღვნიშნოთ, რომ ვიზიტორია ის პირი, ვინც თავისი ბუნებრივი გარემოდან კონკრეტული მიმართულებით მოგზაურობს, იქ ერთ წელზე ნაკლები ვადით რჩება და დასაქმებული არ არის. ის ვიზიტორი ვინც კონკრეტულ ადგილზე ერთ ღამეს მაინც ათევს, ტურისტად კლასიფიცირდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში 4.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა. 2014 წელს პროცენტულმა ზრდამ 2% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარში კი, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რიცხვი 3%-ით, ხოლო თებერვალში 1%-ით შემცირდა.
ცხრილი 1:
ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა
წელი |
თებერვალი |
ცვლილება |
იანვარი |
ცვლილება |
2012 წელი |
185 113 |
226 964 |
29% |
|
2013 წელი |
291 659 |
5% |
280 023 |
23% |
2014 წელი |
294 043 |
0.8% |
319 499 |
14% |
2015 წელი |
290 929 |
-1% |
309 467 |
-3% |
რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობას, 2012 წელს ტურიზმი 36%-ით გაიზარდა. 2014 წელს ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება 17 თებერვალს გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის (იანვარ-თებერვლის) მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5 %-ით შემცირდა.
ცხრილი 2:
საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა (2010-2014 წლები)
წელი | რაოდენობა | პროცენტული ცვლილება |
2010 | 1 067 338 | |
2011 | 1 318 968 | 23% |
2012 | 1 789 592 | 36% |
2013 | 2 065 296 | 15% |
2014 | 2 218 050 | 7% |
2014
წლის 1 სექტემბრიდან, ახალი სავიზო რეგულაციების მიღებით, 118 ქვეყნის ნაცვლად, საქართველომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ 94 ქვეყანასთან დატოვა ძალაში. ამჟამად, სავიზო რეჟიმი საქართველოს 99 ქვეყანასთან აკავშირებს, აქედან 92-ში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნია. იმის გასარკვევად, თუ რა გავლენა იქონია სავიზო რეგულაციებმა ვიზიტორების რაოდენობის შემცირებაზე, ჩვენ შემოსვლების რაოდენობის სიდიდის მიხედვით ის TOP 5 ქვეყანა ავიღეთ, რომლებთანაც 1 სექტემბრიდან სავიზო რეჟიმი დაწესდა.
ცხრილი 3: ტურისტთა რაოდენობის პროცენტული ზრდა 2012-2014 წლების სექტემბერ-დეკემბერში
წელი | ირანი | ერაყი | ეგვიპტე | ჩინეთი | ინდოეთი | |||||
2012 | 25 011 | 4 487 | 1 437 | 3 792 | 3 193 | |||||
2013 | 25 244 | 0.9% | 15 850 | 25% | 2 708 | 88% | 3 129 | 17% | 2 386 | 33% |
2014 | 3 799 | -84% | 437 | -97% | 430 | -84% | 1 811 | -42% | 1 728 | -27% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, სავიზო რეგულაციების შემოღების შემდეგ ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. თუ 2013 წლის მონაცემებით, ერაყიდან შემოსული ვიზიტორების 25%-იანი ზრდა გვქონდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 97%-ით შემცირდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა შედეგი ჰქონდა აღნიშნულ რეგულაციებს მთლიანად 2014 წელზე. ჩვენ საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით, TOP 30 ქვეყნის მონაცემები ავიღეთ, რაც 2014 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 98%-ია. 2013 წელს TOP 30 ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 5 307 882 იყო, ხოლო იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სავიზო რეჟიმი დაწესდა (ირანი, ერაყი, ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი) 150 965. 2014 წელს, TOP 30 ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამში 5 404 702 შეადგინა, ხოლო ირანიდან, ერაყიდან, ჩინეთიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან საქართველოს 78 729 ვიზიტორი ეწვია. აღნიშნული ხუთი ქვეყნიდან 2014 წლის ბოლო ოთხ თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 4-ჯერ შემცირდა.
ცხრილი 4:
TOP 30 ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ცვლილება 2012-2014 წლებში
ქვეყანა | 2013 წელი | 2014 წელი | ქვეყანა | 2013 წელი | 2014 წელი |
თურქეთი | 3% | -10% | ყაზახეთი | 40% | 34% |
სომხეთი | 40% | 2% | გაერთიანებული სამეფო | 13% | 11% |
აზერბაიჯანი | 15% | 19% | საფრანგეთი | 19% | -2% |
რუსეთი | 49% | 6% | ბელორუსი | 62% | 48% |
უკრაინა | 65% | 13% | ბულგარეთი | 1% | -1% |
ირანი | -4% | -51% | იტალია | 14% | 7% |
ერაყი | 493% | -47% | ეგვიპტე | 251% | -78% |
ისრაელი | 29% | 6% | ჩინეთი | -11% | -3% |
პოლონეთი | 80% | 25% | ნიდერლანდები | 10% | 8% |
გერმანია | 16% | 8% | ფილიპინები | 14% | -22% |
აშშ | -6% | 5% | ჩეხეთი | 32% | -5% |
საბერძნეთი | 11% | -3% | ლატვია | 11% | 23% |
ინდოეთი | -9% | 25% | ლიტვა | 6% | 92% |
ავსტრია | 21% | 6% | მოლდოვა | 36% | 14% |
უზბეკეთი | -1% | -37% | ესპანეთი | 25% | 14% |
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა რაოდენობის კლება ასევე იმ ქვეყნებიდან შეინიშნება, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი გვაქვს. მაგალითად, 2014 წელს 322 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა ჩეხეთიდან, 616-ით საბერძნეთიდან, 161 600-ით თურქეთიდან, 1 596-ით ფილიპინებიდან. სულ, სავიზო რეგულაციების შედეგად, 2014 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში 78 000-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 166 245-ით შემცირდა ვიზიტორთა შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა.
ქვეყანაში ტურისტების შემცირება გარკვეულწილად რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობითაცაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან 2014 წელს წინა წელთან შედარებით უფრო მეტი ვიზიტორი შემოვიდა, პროცენტული ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. 2014 წელს რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა პროცენტული ზრდა 6% იყო, ხოლო წინა წელს – 49%. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2012 წელს 85%-ით იყო გაზრდილი. ანალოგიურ მდგომარეობაა უკრაინის შემთხვევაშიც, სადაც 2013 წელს არსებული 65%-იანი ზრდა, 2014 წელს 13%-მდე შემცირდა.
დასკვნა 2012 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების პროცენტულმა ზრდამ 36% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა 7.5%-ით შემცირდა. მიხეილ სააკაშვილი მართალია, როდესაც 2015 წლის დასაწყისში ტურისტთა რაოდენობის 7%-იან შემცირებაზე საუბრობს. რაც შეეხება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს, აქ ჩვენ 57%-ით მთლიანად ვიზიტორთა, მათ შორის ტურისტების რიცხვის ზრდასთან გვაქვს საქმე.
სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთანაც სავიზო რეჟიმი დაწესდა, ვიზიტორთა ნაკადი შემცირდა. საერთო ჯამში, დაწესებულმა რეგულაციებმა დაახლოებით 1.6%-მდე შეამცირა ვიზიტორთა რაოდენობა. 3%-ით შემცირდა ვიზიტორთა შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა. როგორც ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, სავიზო რეგულაციები ტურიზმის შემცირების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.