საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ პროექტებს მიზანმიმართულად აჩერებს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მას უცხოელი პედაგოგების საქართველოში ჩამოყვანის პროგრამა მოჰყავს. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა პრაქტიკულად გაუქმებულია.
ფაქტ-მეტრმა ზემოთხსენებული პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოიძია და ყოფილი პრეზიდენტის განცხადება გადაამოწმა.
ინგლისური ენის სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელს პროექტი– "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში უცხოელი მოხალისე პედაგოგები ჩამოვიდნენ.
საკითხზე მუშაობის პროცესში, ჩვენ პროგრამის ხელმძღვანელს, ნინო მაისურაძეს ვესაუბრეთ. ის ამ თანამდებობაზე ახლახანს დაინიშნა. მისი თქმით, უცხოელ პედაგოგთა პირველი ნაკადი საქართველოში 2010 წლის ივლისში ჩამოვიდა. პროგრამის მთავარი მიზანი იყო ყველა საჯარო სკოლას მშობლიურ (ინგლისურ) ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი ჰყოლოდა, რაც მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლას გაუადვილებდა. პროგრამის პირველ ეტაპზე, აქცენტი ძირითადად რაოდენობაზე კეთდებოდა. წელიწადში დაახლოებით 700-800 მასწავლებელი ჩამოდიოდა. მათი როტაცია და ახლით ჩანაცვლება დაახლოებით 2 თვეში ერთხელ ხდებოდა. შესაბამისად, ნინო მაისურაძის თქმით, მოხალისე მასწავლებელი ადაპტაციას ვერ ასწრებდა. 2010-2012 წლებში სულ მოხალისე პედაგოგთა 48 ნაკადი ჩამოვიდა. ნინო მაისურაძემ განმარტა, რომ 2012 წლის ბოლოს მიდგომა შეიცვალა და მასწავლებელთა ჩამოყვანის პროცესი ქაოტურად აღარ მიმდინარეობს. მათთან ძირითადად ერთსემესტრიანი, ზოგ შემთხვევაში კი, ერთწლიანი ხელშეკრულებები ფორმდება.
ამ მომენტისთვის საქართველოში მოხალისეთა 50-ე ნაკადია ჩამოსული. ნინო მაისურაძემ ისიც აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით უცხოელ პედაგოგთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 15 თებერვლამდე არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში 35 უცხოენოვანი მასწავლებელი იყო. 15 თებერვალს მათ კიდევ 12 მასწავლებელი უნდა დამატებოდა. ამასთან, სექტემბრიდან პედაგოგთა მორიგი ნაკადის მიღება იგეგმება. მოხალისე მასწავლებელთა ახალ ნაკადთან ერთწლიანი ხელშეკრულებები გაფორმდება, რათა მათ სასწავლო წლის დასრულება შეძლონ. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ დაიკარგოს გუნდურობისა და თანამშრომლობის პრინციპი, რომელიც მოსწავლეს, ადგილობრივ პედაგოგსა და მოხალისე მასწავლებელს შორის ყალიბდება.
ნინო მაისურაძის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ რაოდენობაზე ორიენტირებული მიდგომა არაეფექტიანი იყო. სათანადოდ ვერ მუშაობდა კონტროლის მექანიზმი. ერთბაშად მსგავსი ოდენობის რესურსის მოძიება ძალიან რთული იყო. ამჟამად აქცენტი იმ სკოლებზე კეთდება, რომელთაც ამის გამოკვეთილი სურვილი და საჭიროება აქვთ. გარდა ამისა, ნინო მაისურაძემ განმარტა, რომ 2013 წლიდან მონიტორინგი არა მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე, არამედ სასწავლო პროცესზეც ხორციელდება. ამასთან, მოხალისეებთან აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ როგორ თანამშრომლობენ ისინი ადგილობრივ პედაგოგებთან, როგორია მათი კმაყოფილების ხარისხი და ა.შ. მსგავსი სამუშაოების დაწყება დაგეგმილია ადგილობრივ პედაგოგებთანაც.
ნინო მაისურაძემ იმ სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ეს არის ფრანგული და გერმანული ენების პედაგოგების ჩართვა სასწავლო პროცესში. გარდა ამისა, განათლების სამინისტროსა და კონფუცის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, რამდენიმე სკოლაში უკვე ამოქმედდა ჩინური ენის სწავლების კლასგარეშე აქტივობა. მისივე თქმით, პროგრამა დღეს, ისევე როგორც საწყის ეტაპზე, თითქმის ყველა რეგიონს ფარავს.ამასთან, პროგრამის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე უცხოელი პედაგოგების ნაკადის ჩამოყვანა არ შეწყვეტილა. მოხალისე მასწავლებლები მივიღეთ როგორც 2013, ისე 2014 წელს. შემცირდა მხოლოდ მოხალისე პედაგოგთა რაოდენობა. თუკი პირველ ეტაპზე პირობითად ერთ რეგიონში 5 მასწავლებელი ფიქსირდებოდა, ახლა მათი რიცხვი უფრო ნაკლებია. პროგრამაში ჩართული პედაგოგები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოდიან.
ნინო მაისურაძის განცხადებით, მოხალისე მასწავლებელი მუდამ ვერ გეყოლება და შესაბამისად იმ მიზნების გაწერაა აუცილებელი, რაც აღნიშნული პროგრამიდან სახელმწიფოს სურს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამის გრძელვადიანი, პერსპექტიულ შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს. მოცემული მომენტისათვის პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" 9 რეგიონის 20 რაიონს ფარავს.
კვლევის ფარგლებში, ჩვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორს, გიორგი ზედგენიძესაც ვესაუბრეთ. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, კონკრეტული ხედვა არ ჰქონდა, ასევე არ იყო გადაწყვეტილი გაგრძელდებოდა თუ არა პროგრამა და რა ფორმით. მან პროგრამის გაგრძელება დადებითად შეაფასა, თუმცა, გაუგებარი აღმოჩნდა გადაწყვეტილება პედაგოგების რაოდენობის შემცირების შესახებ. მისი თქმით, თუ პროგრამის მთავარი მიზანი საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისათვის ხელშეწყობაა, მაშინ გაუგებარია რა პრინციპით მოხდა მოხალისე მასწავლებლების რაოდენობის შემცირება. ასეთ შემთხვევაში პირიქით, პედაგოგების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო. მანვე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს არგუმენტი, თითქოს მოხალისე პედაგოგების მზარდი რაოდენობა პროგრამის მონიტორინგის პროცესს ართულებდა, არასწორია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრირების მხარე უნდა მოწესრიგებულიყო. გიორგი ზედგენიძის თქმით, გაუგებარია, თუ რა კვლევისა და მონაცემების გათვალისწინებით გადაწყვიტა განათლების სამინისტრომ მოხალისე პედაგოგების რაოდენობის შემცირება. გიორგი ზედგენიძემ პროგრამის ადმინისტრირების კუთხით ადრე არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. კერძოდ, მოხალისე პედაგოგი გარემოსთან ადაპტირების კუთხით შესაბამის გადამზადებას არ გადიოდა, რაც კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან პრობლემას ქმნიდა. თუმცა, მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში პედაგოგების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, არსებული პრობლემები უნდა მოგვარებულიყო.
დღეისთვის, თბილისში, მოხალისე პედაგოგი მხოლოდ ორ საჯარო სკოლას ჰყავს. ფაქტ-მეტრი ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა. ამერიკელი მოხალისე პედაგოგი, ენდრიუ ორლანდ როუენი საქართველოში 2014 წლის თებერვალში ჩამოვიდა. პროგრამის ფარგლებში ის ჯერ იმერეთისა და გორის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, ამჟამად კი 62-ე სკოლაში ასწავლის. გაკვეთილზე ის ძირითადად საუბრისა და მოსმენის აქტივობებშია ჩართული. ის ასევე ასისტენტობას უწევს ქართველ პედაგოგს. მისი თქმით, რეგიონებში პრობლემურია ტრანსპორტის, კომპიუტერისა და ინტერნეტის გაუმართაობა. მისი აზრით, თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით, ინგლისური ენის ცოდნა და სკოლებში მისი სწავლების წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კარგი იქნება თუ კვალიფიციური უცხოენოვანი პედაგოგი ყველა სკოლას ეყოლება. თუმცა, ამჟამად მასწავლებლების სიმცირის გამო, ყველაზე ოპტიმალური გზა მათი იმ სკოლებში განაწილებაა, ვისაც ამის სურვილი აქვს. ენდრიუ როუენის თქმით, მოხალისე პედაგოგის ყოველთვიური ანაზღაურება 600 ლარს შეადგენს. აქედან 200 ლარი მასპინძელ ოჯახს ეკუთვნის, 400 ლარი კი - პედაგოგს. ისინი სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით და იფარება მათი ფრენის თანხა. ყველა სხვა ხარჯის გაწევა მოხალისე პედაგოგს თავად უწევს. ენდრიუ როუენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროგრამა საქართველოს რეკლამირების კარგი საშუალებაა.
დეტალების დასაზუსტებლად ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს დამატებითი კითხვებით მივმართეთ. პასუხები რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ, სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მივიღეთ. მიღებულ წერილშინათქვამია, რომ 2015-2016 სასწავლო წლიდან მოხალისე პედაგოგთა კორპუსის დაახლოებით 40%-იანი ზრდაა დაგეგმილი. ფაქტ-მეტრი მიესალმება მსგავს პოზიტიურ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულ გეგმას განახორციელებს.
დასკვნა
საქართველოში უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანის პროგრამა არ გაუქმებულა, თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროგრამის მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა. მაგალითად, თუკი 2010-2012 წლებში წლის განმავლობაში საშუალოდ 700-800 პედაგოგი ჩამოდიოდა, დღეს მხოლოდ 47 უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებელი გვყავს. შესაბამისად, შემცირდა მიღებული ნაკადების რაოდენობაც. 2010-2012 წლებში უცხოელ პედაგოგთა 48, ხოლო 2012 წლიდან დღემდე კი მხოლოდ ორი ნაკადი ჩამოვიდა.
ფაქტ-მეტრის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გრძელდება, მისი მასშტაბი და შესაბამისად ეფექტიანობა მინიმუმამდე შემცირდა. შესაბამისად, ვასკვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.