მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის სესიაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა: "სავიზო რეგულაციების შემოღების შემდეგ, ჯავახეთი ჩავარდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იქ არიან შერეული ოჯახები. ზოგს აქვს სომხური პასპორტი, ზოგს აქვს რუსული პასპორტი და ისინი იძულებული ხდებიან, რომ ფაქტიურად ყოველი სამი თვის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, გადავიდნენ საზღვარზე, შემდეგ კი, ახალი ნებართვა აიღონ რომ ისევ დაბრუნდნენ".
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი - "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად (180 დღიანი ინტერვალით) 90 დღით განისაზღვრა. ახალი კანონის მიხედვით, ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს და ისინი საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში გაიცემა. უცხოელმა, რომლის ქვეყანაშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნია, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს და საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ასევე გაუქმდა ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზეც (გამონაკლისით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში). ცვლილებების შედეგად, ვიზები კატეგორიებად დაიყო და ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლისა და საქმიანობის ძირითადი საფუძველი საქართველოს ვიზა და ბინადრობის ნებართვა გახდა.
აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს რომ პირმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობს, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის შრომით საქმიანობას და ჰყავს ოჯახი, ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შემდეგი პროცედურა უნდა გაიაროს: ჩავიდეს იმ ქვეყანაში, რომლის პასპორტსაც ფლობს, გააკეთოს განაცხადი საკონსულოში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შესაბამის ვიზაზე, დაელოდოს პასუხს (რაც შეიძლება გაგრძელდეს 30 დღე), ვიზის მიღების შემთხვევაში დაბრუნდეს საქართველოში და შეიტანოს განაცხადი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაზე.
ზემოთხსენებულმა რეგულაციებმა გაართულა როგორც უცხოელი ვიზიტორების, ისე საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ცხოვრების შესაძლებლობა. 2014 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტმა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში დამატებითი ცვლილებები შეიტანა, რითაც არსებული მკაცრი რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქება სცადა. კერძოდ, გადაწყდა, რომ:
✔ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს ტერიტორიაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ მიზნით, უცხოელმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში მისი კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა. ამდენად, უცხოელს აღარ დასჭირდება თავის ქვეყანაში დაბრუნება შესაბამისი ვიზის მისაღებად. ამ ტიპის ვიზის გაცემისთვის 100 ლარის ოდენობის სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრა;
✔ დადგინდა დროებითი შეღავათიანი რეჟიმი საქართველოში მყოფი ცალკეული კატეგორიის უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. კერძოდ, უცხოელი, რომელზეც ცვლილებების ამოქმედებამდე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, ან უცხოელი, რომელიც აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ შემოვიდა საქართველოში, 2015 წლის 1 მარტამდე საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება;
✔ უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის საქართველოში იმყოფება, უფლება ენიჭება, კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, საიმიგრაციო ვიზა 2015 წლის 1 მარტამდე საქართველოში მიიღოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელს ბინადრობის ნებართვაზე უარი ეთქვა.
როგორც ვხედავთ, ცვლილებების თანახმად, უცხოელთა გარკვეულ კატეგორიას საიმიგრაციო ვიზის აღება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეუძლია და, შესაბამისად, ქვეყნის დატოვება აღარ უწევს. თუმცა, ცვლილებები 2014 წლის 14 ნოემბრიდან ამოქმედდა და შესაბამისად, 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქე იძულებული გახდა საქართველოდან გასულიყო. ამასთან, ზემოთ მოყვანილი ცვლილებების ნაწილი მხოლოდ 2015 წლის 1 მარტამდე იყო ძალაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნული ცვლილებების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
დეპუტატი განცხადებაში კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე ამახვილებს ყურადღებას. ცალკე სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა მოახდინა აღნიშნულმა ცვლილებებმა კონკრეტულად ამ რეგიონზე, არ არსებობს. თუმცა, იმას, რომ პრობლემა სამცხე-ჯავახეთში საკმაოდ მწვავედ დგას, რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები და ადგილობრივ მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება ადასტურებს. ამ საკითხში გასარკვევად, ფაქტ-მეტრი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს სამცხე-ჯავახეთში, სედა მელქუმიანს ესაუბრა. მისი განცხადებით, ახალქალაქის რაიონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის პასპორტებს ფლობს. ახალი რეგულაციებით კი, ისინი ვალდებულნი არიან დატოვონ საქართველო, ან ბინადრობის, ან/და მოქალაქეობის მისაღებად შესაბამის უწყებებს მიმართონ. პრობლემა ისაა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, როგორც მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან, ისე მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ხშირად დაუსაბუთებელ უარყოფით პასუხს იღებენ. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ძალიან ხშირია ოჯახის ერთიანობის პრინციპის დარღვევის შემთხვევები.
რეგიონში ამ კუთხით არსებულ მწვავე პრობლემაზე მეტყველებს ღია წყაროებში გამოქვეყნებული სხვადასხვა სტატიაც. მაგალითად, 2015 წლის 2 თებერვალს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარემ, არნოლდ სტეპანიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი სავიზო რეგულაციების შემოღების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, უფლება არ აქვთ 90 დღეზე მეტ ხანს გაჩერდნენ საქართველოში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი იძულებული ხდებიან დატოვონ საქართველო და მომდევნო 90 დღის განმავლობაში სხვა სახელმწიფოში, ოჯახებისაგან მოშორებით იცხოვრონ. საიმიგრაციო პოლიტიკის უარყოფით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება ახალქალაქის რაიონის დეპუტატმა სამველ პეტროსიანმაც, რომლის განცხადებითაც "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების დისკრიმინაციას წარმოადგენს.
დასკვნა
2014 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". აღნიშნულ კანონში მოგვიანებით ცვლილებები შევიდა, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული გამონაკლისები დაუშვა, თუმცა, მდგომარეობის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად არც ეს ცვლილებები აღმოჩნდა საკმარისი.
უცხო ქვეყნის მოქალაქემ ვიზის მისაღებად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს უნდა მიმართოს. საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და ის 90 დღით განისაზღვრა. ყოფნის ვადა საზღვრის გადმოკვეთის პირველი დღიდან აითვლება. 90 დღის გასვლის შემდეგ, თუ შესაბამის დოკუმენტს ვერ მოიპოვებენ, მათ საქართველო უნდა დატოვონ და მომდევნო 90 დღის განმავლობაში ვეღარ შემოვლენ. ძველი კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა ითვლებოდა საზღვრის ბოლო გადმოკვეთის დღიდან და ეს ნორმა განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იყო მნიშვნელოვანი. ყოფნის ვადის ამოწურვისთანავე, ისინი კვეთდნენ საზღვარს და უფლება ჰქონდათ მაშინვე დაბრუნებულიყვნენ საქართველოში.
აღნიშნულმა რეგულაციებმა საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ფლობს რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის პასპორტებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.