საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო თვეებში დაწყებული ლარის კურსის ვარდნა განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს აზარალებს, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული. ასეთი მოსახლეობის რაოდენობა კი, 530 ათასს შეადგენს.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და დეპუტატის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2014 წლის ბოლოს, ლარი დოლართან მიმართებაში 7.3%-ით გაუფასურდა. გასული წლის განმავლობაში, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში საშუალოდ 1.73-1.76-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ნოემბრის ბოლოს ლარმა გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში, ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა და 2015 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.26-მდე გაიზარდა.
ლარის გაუფასურება უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე, რამდენადაც საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და შესაბამისად კურსის ზრდა იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი დოლარში აქვს, ხოლო შემოსავალი ლარში, ლარის გაუფასურება სესხს უძვირებს, რადგან მათ უფრო მეტი ლარი სჭირდებათ სესხის დასაფარად საჭირო დოლარების შესაძენად.
საქართველოს ეროვნული ბანკის [1] ინფორმაციით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების რაოდენობამ 11 793 მლნ ლარი შეადგინა. რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მოცულობა 7 047 მლნ ლარი იყო, რაც სესხების 60%-ია. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 42% ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს წარმოადგენს.
ცხრილი 1: ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები 01.12.2014
მლნ ლარი |
ეროვნული ვალუტით |
% ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხის მიმართ |
უცხოური ვალუტით |
% ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხის მიმართ |
სულ |
ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხი |
4745.5 |
40.2% |
7047 |
59.8% |
11793 |
ბანკთაშორისი სესხები |
94.4 |
100% |
0 |
0% |
94.4 |
იურიდიულ პირებზე |
1296.5 |
22% |
4588.2 |
78% |
5884.7 |
ფიზიკურ პირებზე |
3354.6 |
57.7% |
2458.9 |
42.3% |
5813.6 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფაქტ-მეტრმა ეროვნული ბანკს იმის გასარკვევად მიმართა, თუ რამდენ მოქალაქეს ჰქონდა დავალიანება უცხოურ ვალუტაში. ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცალკეული ვალუტებით დავალიანების შესახებ მათ სტატისტიკა არ მოეპოვებათ, შესაბამისად, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მაჩვენებელი მოიცავს როგორც დოლარში, ასევე ევროში და სხვა ვალუტებში გაცემულ სესხებს. ამასთან, ეროვნულ ბანკს მონაცემები მხოლოდ ახლადგაცემული საკრედიტო ხელშეკრულების რაოდენობაზე აქვს, რომლებიც, როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სესხებს მოიცავს. შესაბამისად, წლის განმავლობაში გაცემული სესხების ნაწილი მოკლევადიანია და იმავე წელს იფარება. 2014 წელს უცხოურ ვალუტაში 6 629 მლნ ლარის ოდენობის სესხი გაეცა, ხოლო დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობამ 447 806 შეადგინა.
ცხრილი 2: 2013-2014 წლებში უცხოურ ვალუტაში გაცემული თანხები და ხელშეკრულებების რაოდენობა
მლნ ლარი |
2013 |
2014 |
სესხი უცხოური ვალუტით |
6 191 |
6 629 |
საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობა |
49 8461 |
44 7806 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფაქტ-მეტრმა ეროვნული ბანკის მონაცემების საფუძველზე გადაწყვიტა მიახლოებით გამოეთვალა თუ რამდენ მოქალაქეს აქვს სესხი დოლარში. ამისთვის ჩვენ 2014 წელს გაცემულ ხელშეკრულებებთან ერთად 2012-2013 წლებში 5 000 ლარზე მაღალ თანხაზე გაცემული საკრედიტო ხელშეკრულების რაოდენობა დავაჯამეთ. მათი დაფარვის ვადა 2 წელზე მეტია. ასეთი ხელშეკრულებების რაოდენობამ 117 307 შეადგინა. გამომდინარე აქედან, სავარაუდოდ, 2014 წლის დეკემბრისთვის მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულების რაოდენობა 615 768 იქნებოდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012-2014 წლებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 97% რეზიდენტ პირებზე მოდიოდა. შესაბამისად, მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების 90%-ზე მეტი საქართველოს რეზიდენტებზე იქნებოდა გაცემული, რაც 500 000-ზე მეტია.
ცხრილი 3: 2012-2014 წლებში 5 000 ლარზე მაღალ თანხაში გაცემული კრედიტების რაოდენობა
სესხები უცხოური ვალუტით (ნაკადები) |
2012 |
2013 |
2014 |
სულ |
გაცემული თანხა (ათასი ლარი) |
4 910 484 |
5 934 591 |
6 629 167 |
17 474 242 |
საკრედიტო ხელშეკრულების რაოდენობა |
58 926 |
58 381 |
447 806 |
565 113 |
რეზიდენტებზე გაცემული საკრედიტო ხელშეკრულების რაოდენობა |
57 158 |
56 630 |
434 372 |
548 160 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დასკვნა
2014 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს რეზიდენტების დავალიანება უცხოურ ვალუტაში 7 047 მლნ ლარი იყო, საიდანაც 2 459 მლნ ლარი (42%) ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს წარმოადგენდა. 2014 წელს უცხოურ ვალუტაში 447 806 ახალი საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა.
ეროვნული ბანკს მხოლოდ წლის განმავლობაში ახლადგაცემულ საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობაზე აქვს ინფორმაცია. ამ ხელშეკრულებების ნაწილი მოკლევადიანია და წლის განმავლობაში იფარება, ნაწილი კი გრძელვადიანია და სესხის დაფარვის პერიოდი ერთ წელს აჭარბებს. შესაბამისად, იმის ზუსტად გარკვევა, თუ რამდენ მოქალაქეს ჰქონდა 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით დოლარში დავალიანება, შეუძლებელია. თუმცა, ფაქტ-მეტრის მიახლოებითი შეფასების მიხედვით, 2014 წლის პირველი დეკემბრისთვის, საქართველოს რეზიდენტებზე გაცემული სასესხო ხელშეკრულებების რაოდენობა 500 000-ს ნამდვილად აჭარბებდა. შესაბამისად, დეპუტატის პათოსი, რომ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სესხი გაუძვირა და მდგომარეობა გაურთულა, სიმართლეა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება: "530 ათას ჩვენს მოქალაქეს აქვს დოლარის კრედიტი ბანკში," არის სიმართლე.
[1] ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები მოიცავს რეზიდენტებზე (იურიდიულ პირებსა და შინამეურნეობებზე) ეროვნული და უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ნაშთებს.