წლის 10 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. საჯარო ფინანსების ეფექტიანობის ზრდის, სახელმწიფო ფინანსების უკეთესი აღრიცხვისა და ბიუჯეტის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ამ რეფორმის განხორციელება და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხაზინის ერთიან სისტემაზე გადასვლა ევროკავშირთან გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულების მოთხოვნაა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა. საკანონმდებლო ცვლილებით საბიუჯეტო რეგულირების სფერო გაფართოვდა. შესაბამისად, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, 2015 წლის 1 იანვრიდან ყველა დონის ბიუჯეტი და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოექცა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, ერთიან სახაზინო სისტემაში ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ხელისუფლების მიერ დაარსებული, ან მათთან ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის და არაკომერციული იურდიული პირები ხაზინის ერთიან სისტემაში უნდა შესულიყო. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში თვითმმართველი ერთეულების ჩართვას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი აბესაძე აკრიტიკებდა.აბესაძის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციები თვითმმართველობების დამოუკიდებლობას შეზღუდავს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საბოლოო ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ები, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდნენ და სახაზინო სისტემის ერთიან მომსახურებაზე აღარ გადავიდნენ. აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვდნენ ეროვნული მარეგულირებლებიც. აღსანიშნავია, რომ სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს უფლება ექნებათ, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში ანგარიში იქონიონ, რომელზეც ხაზინაში შესულ ჭარბ ფულს გადაიტანენ. ამ ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები მათი შემოსავალი იქნება და ისინი ამ თანხას საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგავენ. აღნიშნული ცვლილებები კანონპროექტში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნების შემდეგ შევიდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან, საბიუჯეტო დახმარების ნაწილში არსებული რეფორმების სამოქმედო გეგმის ნაწილს წარმოადგენს. მსგავსი სამოქმედო გეგმები ევროკავშირთან, მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებობს. დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერის ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირთან, ის ღონისძიებები განიხილება, რომელთა გატარებაც შესაბამის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნითაა საჭირო. აღნიშნულის გათვალისწინებით ხდება სამოქმედო გეგმების შემუშავებაც. ევროკავშირთან საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM III) ფარგლებში არსებული საბიუჯეტო დახმარების სამოქმედო გეგმის შესაბამისად,საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სამოქმედო გეგმა ყოველწლიურად მტკიცდება, რომლის თანახმადაც, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმოყვანა და მათი საბიუჯეტო პროცესების სახელმწიფო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მართვაა გათვალისწინებული.
დასკვნა 2014
წლის 12 დეკემბერს პარლამენტმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ახალი კანონპროექტით, საბიუჯეტო რეგულირების სფერო გაფართოვდა. ამასთან, საჯარო ფინანსების ეფექტურობის ზრდის მიზნით, ყველა დონის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, ერთიან სახაზინო სისტემაში მოექცა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ განსხვავებით კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტისა, ადგილობრივ თვითმმართველობებს კომერციულ ბანკებში ანგარიშის ქონის უფლება დარჩათ. გარდა ამისა, ერთიან სახაზინო სისტემაში მარეგულირებელი კომისია და ხელისუფლების მიერ შექმნილი ან მათდამი ანგარიშვალდებული სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები არ მოექცნენ, რადგან ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები გაითვალისწინა.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ერთიან სახაზინო სისტემაში მოქცევა ევროკავშირთან საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM III) ფარგლებში არსებული საბიუჯეტო დახმარების სამოქმედო გეგმის მიხედვით მოხდა. ერთიანი სახაზინო კოდის სისტემის დანერგვის მიზანი ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაა, რისი მოთხოვნაც ევროკავშირთან, მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებობს.
შესაბამისად, გიორგი კაკაურიძის განცხადება: "ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ხაზინის ერთიან სისტემაზე გადასვლას მოითხოვს," არის სიმართლე.