წლის 5 თებერვალს, "მაესტროს" ეთერში, კომპანია "ნატახტარის" დირექტორმა კორპორაციულ საკითხებში, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ლუდის აქციზის გაძვირებასა და ამ კუთხით ევროკავშირის ბაზარზე არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში ლუდის აქციზის გაძვირებაზე საუბარი არ არის.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ითხოვს თუ არა ლუდის აქციზის გაძვირებას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება.
2015 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე, ალაოს ლუდზე, სპირტიან სასმელებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს. 1 იანვრიდან თამბაქოს აქციზის განაკვეთი უკვე გაიზარდა (ფაქტ-მეტრი ამ თემაზე უკვე წერდა),ხოლო ალაოს ლუდსა და სხვა ტიპის ალკოჰოლურ სასმელებზე რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, 1 ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 40 თეთრს შეადგენდა.აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ალაოს ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ღირებულება ორმაგდებოდა, თუმცა, შემდგომში ფინანსთა სამინისტრომ აქციზის ღირებულება 50%-ით გაზარდა. შესაბამისად, 1 მარტიდან ალაოს ლუდზე აქციზის ღირებულება 60 თეთრი იქნება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 22-ე დანართში საქართველოსა და ევროკავშირის საგადასახადო კანონმდებლობის ეტაპობრივი და არა დაუყოვნებლივი ჰარმონიზაციის შესახებაა საუბარი.ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ალკოჰოლური სასმელის აქციზისა და განაკვეთის სისტემის ჰარმონიზაცია ევროპული საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის 83-ე დირექტივის შესაბამისად უნდა მოხდეს. ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის 3 წლიან პერიოდს გამოყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას უფლებას აძლევს ფიზიკური პირების მიერ, პირადი მოხმარებისთვის მცირე რაოდენობით დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელზე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ გაავრცელოს.
ევროპული საბჭოს 1992 წლის დირექტივა 92/83/EECალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურების ჰარმონიზაციის შესახებ:
- განსაზღვრავს ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა კატეგორიებს (ლუდი, ღვინო, ფერმენტირებული სასმელები ლუდისა და ღვინის გარდა, შუალედური პროდუქტები და ეთილის ალკოჰოლი);
- განსაზღვრავს სტრუქტურას, რომლის მიხედვითაც იანგარიშება სააქციზო გადასახადი;
- შემოაქვს შემცირებული გადასახადები მცირე ლუდსახარშებისთვის, მცირე სახდელი ქარხნებისთვის, გარკვეული სასმელებისთვის;
- შემოაქვს სპეციალური დებულებები ესპანეთის გარკვეული რეგიონებისთვის;
- უშვებს გამონაკლისებს გაერთიანებულ სამეფოში "შავი" ლუდისთვის და ანგოსტურასთვის;
- შემოაქვს ზოგადი გამონაკლისი იმ ალკოჰოლისთვის, რომელიც სასმელად არ მოიხმარება.
ევრო, ან ალკოჰოლის ხარისხის ჰექტოლიტრზე 1.87 ევრო.
დღეისთვის, ევროკავშირის ბაზარზე ალაოს ლუდის აქციზის ღირებულება ზემოაღნიშნული 2 დირექტივით განისაზღვრება. შესაბამისად, სტანდარტული ლუდის აქციზის გადასახადი 100 ლიტრზე დაახლოებით 7.4 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ორივე დირექტივა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლებას აძლევს საჭიროებიდან გამომდინარე აქციზის გადასახადი შეამცირონ, თუმცა, არანაკლებ დაწესებული მინიმალური ზღვარის 50%-ისა.
შედარებისთვის, საქართველოში ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, 1 ლიტრ ლუდზე აქციზის ღირებულება 40 თეთრს შეადგენს, ხოლო 100 ლიტრზე - 40 ლარს, რაც ევროკავშირში არსებულ ღირებულებაზე დაახლოებით 2-ჯერ მეტია. 1 მარტის შემდეგ აქციზის ღირებულება 100 ლიტრ ლუდზე 60 ლარი იქნება. როგორც ვხედავთ, ევროკავშირის დირექტივები აქციზის ღირებულების არათუ გაზრდას არ ითხოვს, არამედ გარკვეულ შემთხვევაში (მათ შორის ჩვენ შემთხვევაში) შემცირების შესაძლებლობასაც კი ითვალისწინებს.
საკითხის შესწავლისას ჩვენ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილსაც დავუკავშირდით. მისი განცხადებით, კანონპროექტი მწარმოებლებთან კონსულტაციის გარეშე მომზადდა და ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მხოლოდ კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მოხდა, თუმცა, სამინისტროს მათ მიერ შეთავაზებული არცერთი წინადადება არ გაუთვალისწინებია. "ნატახტარის" კორპორაციული დირექტორის შეფასებით, ლუდზე აქციზის ზრდა მნიშვნელოვნად დააზარალებს ადგილობრივ მწარმოებლებს და მასზე მოთხოვნასაც შეამცირებს. აქციზის ღირებულების ზრდა, დამატებითი ღირებულების გადასახადსაც გაზრდის. ერთ-ერთ მოსალოდნელ რისკად ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ლუდის ბაზრის შემცირებას ასახელებს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდება ლუდის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც DCFTA-ის ძალაში შესვლის და ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას იმპორტის გადასახადის გაუქმების შემდეგ გაჩნდა.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, 2006-2009 წლებში ლუდის ბაზრის ღირებულება 70-დან 100 მილიონამდე გაიზარდა. 2010 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ აქციზის გადასახადი 20-დან 40 თეთრამდე გაზარდა, რის შედეგადაც 2010-2011 წლებში ბაზრის მოცულობა 12%-ით შემცირდა, თუმცა, 2011 წლის შემდეგ კვლავ 100 მილიონი შეადგინა. "ნატახტარის" კორპორაციული დირექტორის შეფასებით, აქციზის კიდევ ერთხელ გაძვირება ლუდის ბაზრის განვითარების პერსპექტივას მნიშვნელოვანად დააზარალებს, იმის გათვალისწინებით, რომ ლუდის ბაზრის დაახლოებით 97%-ს ადგილობრივი წარმოების ლუდი შეადგენს.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, მთავრობას მაინც შეუძლია გარკვეულწილად შეამციროს აქციზის ღირებულების ზრდით მიყენებული ზარალი და თავის თავზე აიღოს სააქციზო მარკირების ხარჯები, ასევე დაიწყოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები 1996 წელს დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ბოლომდე ასამოქმედებლად, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზერბაიჯანში ქართული წარმოების ლუდის იმპორტის გადასახადს.
დასკვნა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ნამდვილად ითვალისწინებს, თუმცა ამისთვის გონივრულ, საშუალოდ 3 ან 5 წლიან ვადას გამოყოფს.
ასოცირების შეთანხმება ნამდვილად ავალდებულებს საქართველოს ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურების ჰარმონიზაციას, ისიც არა დაუყოვნებლივ, არამედ 3 წლიან ვადაში. ევროპული საბჭოს არცერთი დირექტივა საქართველოსგან ლუდზე აქციზის გადასახადის გაძვირებას არ მოითხოვს, რადგან საქართველოში ლუდის აქციზის ღირებულება ევროკავშირში არსებულს ფასს დაახლოებით ორჯერ უკვე აღემატება. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსგან ლუდზე აქციზის ღირებულების არა ზრდას, არამედ ევროპული საბჭოს დირექტივის თანახმად, ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას მოითხოვს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადება არის სიმართლე.