2015 წლის 5 თებერვალს, "მაესტროს" ეთერში, კომპანია "ნატახტარის" დირექტორმა კორპორაციულ საკითხებში, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ლუდის აქციზის გაძვირებასა და ამ კუთხით ევროკავშირის ბაზარზე არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში ლუდის აქციზის გაძვირებაზე საუბარი არ არის.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ითხოვს თუ არა ლუდის აქციზის გაძვირებას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება.
2015 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე, ალაოს ლუდზე, სპირტიან სასმელებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს. 1 იანვრიდან თამბაქოს აქციზის განაკვეთი უკვე გაიზარდა (ფაქტ-მეტრი ამ თემაზე უკვე წერდა), ხოლო ალაოს ლუდსა და სხვა ტიპის ალკოჰოლურ სასმელებზე რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, 1 ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 40 თეთრს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ალაოს ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ღირებულება ორმაგდებოდა, თუმცა, შემდგომში ფინანსთა სამინისტრომ აქციზის ღირებულება 50%-ით გაზარდა. შესაბამისად, 1 მარტიდან ალაოს ლუდზე აქციზის ღირებულება 60 თეთრი იქნება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 22-ე დანართში საქართველოსა და ევროკავშირის საგადასახადო კანონმდებლობის ეტაპობრივი და არა დაუყოვნებლივი ჰარმონიზაციის შესახებაა საუბარი.
ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ალკოჰოლური სასმელის აქციზისა და განაკვეთის სისტემის ჰარმონიზაცია ევროპული საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის 83-ე დირექტივის შესაბამისად უნდა მოხდეს. ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის 3 წლიან პერიოდს გამოყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას უფლებას აძლევს ფიზიკური პირების მიერ, პირადი მოხმარებისთვის მცირე რაოდენობით დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელზე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ გაავრცელოს.
ევროპული საბჭოს 1992 წლის დირექტივა 92/83/EEC ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურების ჰარმონიზაციის შესახებ:
- განსაზღვრავს ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა კატეგორიებს (ლუდი, ღვინო, ფერმენტირებული სასმელები ლუდისა და ღვინის გარდა, შუალედური პროდუქტები და ეთილის ალკოჰოლი);
- განსაზღვრავს სტრუქტურას, რომლის მიხედვითაც იანგარიშება სააქციზო გადასახადი;
- შემოაქვს შემცირებული გადასახადები მცირე ლუდსახარშებისთვის, მცირე სახდელი ქარხნებისთვის, გარკვეული სასმელებისთვის;
- შემოაქვს სპეციალური დებულებები ესპანეთის გარკვეული რეგიონებისთვის;
- უშვებს გამონაკლისებს გაერთიანებულ სამეფოში "შავი" ლუდისთვის და ანგოსტურასთვის;
- შემოაქვს ზოგადი გამონაკლისი იმ ალკოჰოლისთვის, რომელიც სასმელად არ მოიხმარება.