წლის 23 დეკემბერს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა „ნიუ-იორკ თაიმსში“ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გამოცემაში 8 გვერდიანი ჩანართი გადასახადის გადამხდელთა ხარჯით იყიდა. მასში ნახსენებია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსია 50%-ით გაზარდა, რაც, დეპუტატის შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფაქტ-მეტრი გიორგი გაბაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ჩვენ პენსიების შესახებ ადრეც ვწერდით. აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან 2012 წლამდე ასაკით პენსიონერები სახელმწიფო პენსიაზე დანამატს სამუშაო სტაჟის მიხედვით, ორიდან ათ ლარამდე იღებდნენ. შესაბამისად, 2012 წელს ზოგიერთი პენსიონერისთვის პენსია 110 ლარს, ზოგიერთისთვის კი - 125 ლარს შეადგენდა. 2013 წლის აპრილში, პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის 125 ლარი, 2013 წლის სექტემბრიდან კი - 150 ლარი გახდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა, 2015 წლის სექტემბრიდან კი, ის 10 ლარით გაიზრდება. 2012 წელთან შედარებით, დღეის მდგომარეობით, პენსია დაახლოებით 36%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2015 წლის 1 სექტემბრიდან კი, 2012 წელთან შედარებით, ის 45%-ით გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის დონის გათვალისწინებით, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პენსიის 10 ლარიანი ზრდა პესნიონერის შემოსავალზე რეალურად არ აისახება. 2014 წლის 20 დეკემბერს „ნიუ-იორკ თაიმსში,“ სტატია სათაურით - „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია ეროვნულ ხედვას რეალობად აქცევს“ - გამოქვეყნდა. სტატია გაზეთში რეკლამისთვის განკუთვნილ გვერდზეა განთავსებული და 8 გვერდს იკავებს. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გარდა, სტატიაში საუბარია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პენსიები 50%-ით გაზარდა. სტატიასთან დაკავშირებით, „ნიუ-იორკ თაიმსი“ განმარტავს, რომ დანართი მომზადებულია სარეკლამო სააგენტო „Haddock and Associates Ltd“ მიერ და მის მომზადებაში „ნიუ-იორკ თაიმსის“ თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის № 2082 განკარგულებით, სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ, სს „საპარტნიორო ფონდმა,“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ,“ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა,“ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წელს ბრიტანული მედია კომპანიის „Haddock and Associates Ltd“-სგან „ნიუ-იორკ თაიმსში“ დამოუკიდებელი ჩანართის განთავსების უფლება შეისყიდეს. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო“-ს გარდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, გაწეული ხარჯები ზემოთხსენებულმა ორგანიზაციებმა საკუთარი ბიუჯეტით აანაზღაურეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება კი, 2014 წლის ბიუჯეტიდან მოხდა.
ჩვენ "ნიურ-იორკ თაიმსში" განთავსებული სარეკლამო სტატიის ღირებულებითაც დავინტერესდით, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ მათთვის ეს ცნობილი არ არის.
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა გიორგი გაბაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. დეპუტატი მართალია, როდესაც „ნიურკ-თაიმსში“ განთავსებული სარეკლამო სტატიის შესახებ საუბრობს, თუმცა ფაქტ-მეტრისთვის ამ ეტაპზე უცნობია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუსტად რა ოდენობის თანხის ანაზღაურება მოხდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს შესახებ სარეკლამო სტატიებისთვის შესაბამისი ხარჯები ყოველწლიურად არის გათვალისწინებული. შესაბამისად, სსიპ „საქართველოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში მოხდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის აპრილში, პენსიები 36%-ით გაიზარდა. შესაბამისად, „ნიუ იორკ თაიმსში“ სტატიის გამოქვეყნების დროს პენსიები სწორედ ამდენით იყო გაზრდილი და არა 50%-ით. 2015 წლის 1 სექტემბრიდან კი, 2012 წელთან შედარებით, პენსია 45%-ით იქნება გაზრდილი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება: „საქართველოს მთავრობა 8 გვერდიან ჩანართებს ყიდულობს გადამხდელთა ხარჯით „ნიუ-იორკ თაიმსში“ და ამერიკულ პრესაში იუწყება, რომ თურმე საქართველოში პენსიები 50%-ით გაზრდილა,“ არის მეტწილად სიმართლე.