გასული წლის 14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში კერძო ინვესტიციები 36%-ით გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების რაოდენობა 2013 წელთან შედარებით 2-ჯერ, ხოლო 2012 წელთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
ფინანსთა მინისტრი თავის განცხადებაში ქვეყანაში განხორციელებულ შიდა ინვესტიციებს (და არა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს) გულისხმობდა, რაც სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებს მოიცავს. ინვესტიციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის მშპ-ს ზრდაზე, რამდენადაც ინვესტირებული თანხები ძირითადად ახალი საწარმოების გახსნაზე, არსებულის გაფართოებასა და ტექნოლოგიურ განახლებაზე იხარჯება. სახელმწიფო ინვესტიციები, მეტწილად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებია, რაც ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
გასული წლის პირველ ნახევარში, საქართველოში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა3 766 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. რაც შეეხება კერძო ინვესტიციებს, 2014 წლის პირველ ნახევარში მისი მოცულობა 3 418 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 2 603 მლნ ლარი იყო. შესაბამისად, 2014 წლის პირველ ნახევარში კერძო ინვესტიციები 31%-ით არის გაზრდილი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კერძო ინვესტიციები 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 9.3%-ით შემცირდა.
გრაფიკი 1 გვიჩვენებს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების სტრუქტურას. როგორც გრაფიკიდან ჩანს, მთლიანი ინვესტიციების ზრდასთან ერთად სახელმწიფო ინვესტიციების წილი მცირდება. სახელმწიფო ინვესტიციების წილის შემცირება არა მხოლოდ კერძო ინვესტიციების ზრდის, არამედ სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პროექტების შემცირების შედეგიცაა. სახელმწიფო ინვესტიციები2013 წელს, 2012 წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის პირველ სამ კვარტალში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.
სახელმწიფო ინვესტიციების წილის შემცირება და კერძო სექტორის წამყვანი როლი ქვეყნის მთლიან ინვესტიციებში სასურველია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინვესტიციები ძირითადად საერთო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯებია, როგორიცაა გზების, პორტების და სხვა საზოგადოებრივი და საერთო ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა. ასევე უნდა ითქვას კერძო ინვესტიციების მზარდი წილის დადებით ეფექტზეც, რამდენადაც აღნიშნული ინვესტიციების წყარო ძირითადად ქვეყნის შიგნით არსებული დანაზოგებია. შესაბამისად, კერძო ინვესტიციების ზრდა შიდა დანაზოგების ზრდაზე მიუთითებს.
გრაფიკი 1:
კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურირაც შეეხება სოფლის მეურნეობას, 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ სხვადასხვა პროექტები განახორციელა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტები მეტწილად აგროსექტორში კრედიტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული. ეროვნული ბანკის მონაცემებით,
2014 წლის პირველ ცხრა თვეში კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემულმა სესხებმა 198 მლნ ლარს გადააჭარბა. 2012 წლის ანალოგიური მონაცემი დაახლოებით 41 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს სოფლის მეურნეობაზე გაცემულმა სესხებმა 94 მლნ ლარს გადააჭარბა. შესაბამისად, 2014 წელს სოფლის მეურნეობაში გაცემული სესხები 2013 წელთან შედარებით 2-ჯერ, ხოლო 2012 წელთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა.
სესხების ზრდის პარალელურად საინტერესოა, თუ როგორ გაიზარდა სოფლის მეურნეობაში საწარმოთა რიცხვი და პროდუქციის გამოშვება. 2013 წელს სოფლის მეურნეობა 11%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა. თუმცა, 2014 წლის პირველ სამ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის ტემპი 1.3%-მდე დაეცა. ასევე, გასული წლის 6 თვის მონაცემებით სოფლის მეურნეობაში მოქმედი საწარმოების რიცხვმა 477 შეადგინა.
გრაფიკი 2:
სოფლის მეურნეობა
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური2014
წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა მე-3 კვარტლის შიდა ინვესტიციების მაჩვენებელიც, რომელმაც 2 280 მლნ ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. ჯამში, 2014 წლის 9 თვეში განხორიელებული შიდა ინვესტიციები 6 046 მლნ ლარს გაუტოლდა და 2013 წლის 9 თვეს 30%-ით, ხოლო 2012 წლის 9 თვეს 10%-ით გადააჭარბა.
დასკვნა 2014
წლის პირველ ნახევარში, ქვეყანაში მთლიანი ინვესტიციები 32%-ით, ხოლო კერძო ინვესტიციები 31%-ით გაიზარდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობაზე გაცემულ სესხებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის პირველ ცხრა თვეში სოფლის მეურნეობაზე დაახლოებით 198 მილიონი ლარის სესხი გაიცა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მონაცემს 2-ჯერ, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება. თუმცა, 2014 წლის პირველ სამ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის ტემპი 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-მდე დაეცა.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2013 წელს ინვესტიციები შემცირდა და 2014 წლის მაჩვენებელს 2012 წელს თუ შევადარებთ, პროცენტული ზრდის ტემპი გაცილებით ნაკლები გამოდის.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.