მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტებისთვის გადასარიცხ გრანტებზე გაამახვილა. მან აღნიშნა: „სტუდენტების გრანტები აქამდე, რამდენადაც მე მახსოვს, კვარტალში ერთხელ გადაირიცხებოდა. რა მოხდა წელს?! არასოდეს ეს თანხები არ დაგვიანებულა. კვარტლის დასაწყისში, შუაში ან ბოლოში შეიძლება გადარიცხულიყო ეს თანხები, მაგრამ გადაცილება არასდროს არ მომხდარა...  წლევანდელი გრანტების თანხები, 16 მილიონი ლარი... თქვენ გადარიცხული არ გაქვთ“.

ფაქტ-მეტრი სერგო რატიანის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

სერგო რატიანმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით გააკეთა. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, აგრეთვე დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პუნქტით, 37 683 700 ლარი იყო გათვალისწინებული. რაც შეეხება ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებელს, ის 21 715 200 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმის შესრულებას 16 მილიონი ლარი დააკლდა, ანუ გეგმა 57.6%-ით შესრულდა.

ცხრილი 1: 2014

წლის ბიუჯეტში სახელმწიფო სასწავლო გრანტების 6 თვის გეგმისა და შესრულების მაჩვენებლები

სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო, დოქტორანტურის პროგრამები და ახალგაზრდების წახალისება

6 თვის  გეგმა

შესრულება

შესრულება (%)

სხვაობა

37.7

(მლნ)

21.7

(მლნ)

57.6%

-15.9

(მლნ)

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

საინტერესოა ბიუჯეტის 2014 წლის 9 თვის შესრულების ანგარიშიც. ხსენებული ანგარიშის მიხედვით, გეგმა 58 095 000 ლარს უდრიდა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 49 087 800 შეადგინა, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის გეგმა 9 მილიონი ლარით ნაკლებით, ანუ 84.5%-ით შესრულდა.

ცხრილი 2: 2014

წლის ბიუჯეტში სახელმწიფო სასწავლო გრანტების 9 თვის გეგმისა და შესრულების მაჩვენებლები

სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო, დოქტორანტურის პროგრამები და ახალგაზრდების წახალისება

9 თვის  გეგმა

შესრულება

შესრულება %

სხვაობა

58. 0

(მლნ)

49.0

(მლნ)

84.5%

-9.0

(მლნ)

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

ფაქტ-მეტრმა გასული წლების სტატისტიკაც გამოიკვლია. წლების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების კუთხით გამოყოფილი თანხების 6 და 9 თვის გეგმა და შესრულების მაჩვენებლები ასეთია:

ცხრილი 3: 2011, 2012, 2013

წლის ბიუჯეტში სახელმწიფო სასწავლო გრანტების 6 და 9 თვის გეგმის და შესრულების მაჩვენებლები

წელი

6

თვის  გეგმა

(მლნ)

შესრულება

(მლნ – %)

სხვაობა

(მლნ)

9 თვის გეგმა

(მლნ)

შესრულება

(მლნ – %)

სხვაობა

(მლნ)

2011

19.1

17.7

(92.7 %)

-1.4

28.3

26.8

(94.8 %)

-1.5

2012

27.2

22.4

(82.5 %)

-4.8

52.8

48.1

(91.0 %)

-4.7

2013

34.41

15.7

(45.6 %)

–18.96

45.7

41.5

(90.8 %)

-4.2

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ბიუჯეტში სასწავლო გრანტების კუთხით, გეგმასა და შესრულებას შორის სხვაობა ყოველწლიურად ფიქსირდებოდა და 2014 წლის ბიუჯეტის 6 და 9 თვის შესრულების ანგარიშები ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. სახელმწიფო სასწავლო გრანტების კუთხით, შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 და 2014 წლის 6 თვის გეგმის შესრულებაში ფიქსირდება. თუმცა, 9 თვის მიხედვით შეუსრულებლობის პროცენტული მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში შემცირებულია.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, ის, რომ გრანტების კუთხით ბიუჯეტის 6 თვის გეგმის შესრულების ნაწილში ნაკლებობა ფიქსირდება, პრობლემას არ წარმოადგენს და უნივერსიტეტები კუთვნილ გრანტებს მეოთხე კვარტლის დასრულებამდე სრულად მიიღებენ. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ აფერხებს ეს უნივერსიტეტების სამუშაო პროცესს, განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები თანხის გადარიცხვის მექანიზმთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან და ძირითად ხარჯებსაც, როგორც წესი, წლის ბოლოსთვის გეგმავენ. შესაბამისად, სამინისტროს თანახმად, ეს არ აფერხებს უნივერსიტეტის საქმიანობას და რაც მთავარია, არც სტუდენტებს უქმნის პრობლემას.

სახელმწიფო სასწავლო გრანტების შესახებ ინფორმაცია ჩვენ უშუალოდ უნივერსიტეტებთანაც გადავამოწმეთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიმარტეს, რომ სახელწიფოს მხრიდან სტუდენტებისთვის განკუთვნილი საგრანტო თანხის დაგვიანებით გადმორიცხვა უშუალოდ სტუდენტზე არ აისახება და ეს მის სტატუსზე გავლენას არ ახდენს. თუმცა, გარკვეული თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში, შესაძლოა უნივერსიტეტს დაგეგმილი ხარჯების გაწევის კუთხით შეფერხება შეექმნას, რისთვისაც თანხის მობილიზება სხვა რეზერვიდან მოუწევს. მაგრამ, როგორც წესი, მსგავსი პროცესი უნივერსიტეტს რაიმე სერიოზული ტიპის პრობლემას არ უქმნის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ საგრანტო თანხის  დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან წლის ბოლოსთვის სრულად ხდება.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ამ დრომდე თავისუფალ უნივერსიტეტში საგრანტო თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხება არ ყოფილა და თანხა, წესით, მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად უნდა გადაირიცხოს. მისივე განმარტებით, რეალური პრობლემა მაშინ შეიქმნება, თუ სახელმწიფო გეგმით გათვლილ გრანტებს წლის ბოლომდე საერთოდ არ გადმორიცხავს და ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა. ეს კი იმ ღონიძიებების განხორციელებას შეაფერხებს, რაც უნივერსიტეტს აღნიშნული თანხის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი.

  დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტის 6 და 9 თვის გეგმისა და შესრულების მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ნამდვილად არსებობს. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, გეგმის შესრულებას 16 მილიონი ლარი დააკლდა, 9 თვის მონაცემებით კი - 9 მილიონი ლარი. თუმცა, კვლევის შედეგად ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნულს უნივერსიტეტების საქმიანობა არ შეუფერხებია და არც სტუდენტებზე მოუხდენია უარყოფითი გავლენა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით წლის განმავლობაში გაწერილი საგრანტო თანხები უნივერსიტეტებს დეკემბრის ბოლომდე სრულად ჩაერიცხებათ. შესაბამისად, დეპუტატის მიერ აღნიშნული ფაქტის დრამატიზება ცალსახად არასწორია. გარდა ამისა, გეგმასა და რეალურ შესრულებას შორის (6 და 9 თვის მონაცემებით) სხვაობა წინა წლებშიც  ფიქსირდებოდა და 2014 წელი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი ასკვნის, რომ დეპუტატ სერგო რატიანის განცხადება: „სტუდენტების წლევანდელი გრანტების თანხები, 16 მილიონი ლარი, გადარიცხული არ გაქვთ,“ არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი