2014 წლის 28 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა. მან თამბაქოს აქციზის ღირებულების შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით, აქციზის გადასახადის გაძვირება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიითაა განპირობებული.
ფაქტ-მეტრი გიორგი კაკაურიძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
2015 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი ძვირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 2013 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, თამბაქოს აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ერთ კოლოფ (20 ღერი) ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 15 თეთრიდან 20 თეთრამდე გაიზარდა.აქციზის გაზრდის შედეგად სიგარეტზე ფასებმა მოიმატა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით იზრდება. გარდა ამისა, კანონპროექტით, 2015 წლის 1 ივლისიდან ე.წ. „შერეული სისტემა“ შემოდის. აღნიშნული მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის (20 ღერი) აქციზის განაკვეთი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი იქნება.
2013 წლის 30 ივნისს საქართველოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიის მთავარი მიზანი ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებაა. სტრატეგიის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით, საქართველომ, მსოფლიოს სხვა 178 ქვეყანასთან ერთად, აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. ამით, საქართველომ ნათლად მიანიშნა, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა დანერგილი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მეექვსე თავში თამბაქოს საფასურის გაზრდაზე მართლაც არის საუბარი, თუმცა რა ოდენობით გაზრდიან კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები აქციზის გადასახადს, დაკონკრეტებული არაა.
თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის (გვ. 20) მიხედვით, თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებელ ერთ-ერთ ღონისძიებად გადასახადების თანდათანობით გაზრდაა წარმოდგენილი, თუმცა ქვეყნის ინტერესებისა და საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის 304–ე დადგენილებით, 2013-2018 წლებში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტით, თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად, სხვა ღონისძიებებთან ერთად, თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდაც განისაზღვრა.
ფაქტ-მეტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კუთხით არსებული ვალდებულებებიც გადაამოწმა.
თამბაქოს აქციზის ტარიფის შესახებ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშიც არისსაუბარი. კერძოდ, შეთანხმების 283-ე მუხლში ვკითხულობთ: „მხარეები გააძლიერებენ თავიანთ თანამშრომლობას და განახორციელებენ პოლიტიკის ჰარმონიზაციას აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ. ეს თანამშრომლობა მოიცავს თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ტარიფების ეტაპობრივ დაახლოებას, რეგიონულ კონტექსტში შესაძლებლობების გათვალისწინებით და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო–კონვენციის შესაბამისად. ამ მიზნით, მხარეები შეეცდებიან გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა რეგიონული კონტექსტის ფარგლებში“. ასევე, შეთანხმების 22-ე დანართში განმარტებულია, რა ვადებში და რომელი დირექტივები უნდა შეასრულოს საქართველომ. კერძოდ, 2011 წლის 21 ივნისის საბჭოს 2011/64/EU დირექტივა წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ.ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში, გარდა შემდეგი მუხლებისა: 7 (2), 8, 9, 10, 11, 12, 14 (1), 14 (2), 14 (4), 18 და 19. 2011 წლის 21 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დირექტივა წარმოებული თამბაქოს აქციზის სტრუქტურისა და ოდენობის შესახებ. დირექტივით, თამბაქოს სახეობების დაბეგვრის ზოგადი პრინციპები შემუშავდა. კერძოდ, მინიმალური სააქციზო გადასახადი ერთი კოლოფი სიგარეტის შეწონილი საშუალო ფასის 57%-ს შეადგენს. გარდა ამისა, დირექტივა აქციზის მინიმალურ ოდენობას ითვალისწინებს (64 ევრო 1000 სიგარეტზე). ტექსტის მეშვიდე მუხლის პირველი ქვეთავის მიხედვით, ევროკავშირში წარმოებული და მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული სიგარეტები პროდუქციის ღირებულების პროპორციულ სააქციზო გადასახადს (ad valorem) ექვემდებარება.ის მაქსიმალური კომერციული ფასის მიხედვით გამოითვლება, რომელიც საბაჟო გადასახადს და ერთეული პროდუქტის მიხედვით დათვლილ სპეციალურ სააქციზო გადასახადს მოიცავს. ამავე მუხლის მესამე ქვეთავში კი ვკითხულობთ, რომ სტრუქტურების ჰარმონიზაციის საბოლოო დონეზე, ყველა წევრ სახელმწიფოში შეფარდება, ერთის მხრივ სპეციალურ სააქციზო გადასახადს, მეორე მხრივ კი, ad valorem სააქციზო გადასახადსა და მიმოქცევის გადასახადს შორის უნდა გათანაბრდეს იმგვარად, რომ საბაზრო ფასების დიაპაზონი სამართლიანად ასახავდეს მწარმოებლების მიწოდების ფასს. ასევე, მეოთხე ქვეთავის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში ევროკავშირი წევრ ქვეყანას უფლებას აძლევს მინიმალური სააქციზო გადასახადი დააწესოს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ შემუშავებული დირექტივების მეათე თავში საუბარია იმ წევრი ქვეყნების შესახებ, რომელთა შიდა ბაზრის თავისებურებების გამო გამონაკლისი დაუშვეს და 2017 წლის 31 დეკემბრამდე ახალ რეგულაციებზე ეტაპობრივად გადასვლის საშუალება მისცეს.
ფაქტ-მეტრმა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს აქციზის ფასებიც გადაამოწმა. შედარებისთვის, სომხეთში თამბაქოს აქციზის გადასახადი იმპორტირებულ ფილტრიან 1000 ღერ სიგარეტზე 34 ლარია, ხოლო ადგილობრივი წარმოების იმავე რაოდენობის სიგარეტზე კი - 29 ლარი. რუსეთში 2015 წლიდან 1000 ღერ ფილტრიან სიგარეტზე გადასახადი დაახლოებით 37 ლარი იქნება, თურქეთში 1000 ღერ სიგარეტზე გადასახადი 109 ლარს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ყველა სახეობის თამბაქო მისი საშუალო ღირებულების 12,5%–ით იბეგრება. საქართველო ამ დროისათვის რეგიონში აქციზის ყველაზე დაბალი გადასახადით არ გამოირჩევა, რადგან 1000 ღერი ფილტრიან სიგარეტზე გადასახადი 37,5 ლარია, 2015 წლის 1 იანვრიდან ეს მაჩვენებელი 45 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 1 ივლისიდან ე.წ. „შერეული სისტემის“ ამოქმედება თამბაქოს აქციზისა და შესაბამისად სიგარეტის ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდას გამოიწვევს.
როგორც ვხედავთ, თამბაქოს აქციზის გადასახადის ცვლილების გამო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით (გარდა თურქეთისა), საქართველოში თამბაქოს ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის მოხვედრის რისკებს ზრდის.
დასკვნა
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია და საქართველოს მთავრობის თამბაქოს კონტროლის 5 წლიანი სტრატეგია მართლაც ითვალისწინებს თამბაქოს აქციზის გადასახადის ზრდას, თუმცა აქციზის გადასახადის ყოველწლიურ ზრდას არცერთ დოკუმენტი არ ითვალისწინებს. ასოცირების ხელშეკრულებაში საუბარია თამბაქოს აქციზის სტრუქტურისა და განაკვეთის წესის ეტაპობრივი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 წლიან პერიოდში დაახლოების შესახებ და არა ყოველწლიურად თამბაქოს აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ, როგორც ამას მინისტრის მოადგილე აღნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ის დირექტივები, რომლებიც აქციზის გადასახადის ოდენობის ზრდას ეხება, საქართველოსთვის ამ ეტაპზე სავალდებულო არაა. ევროკავშირი საქართველოსგან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მყისიერად შესრულებას არ მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ის კანონმდებლობის დაახლოებისათვის 5 წლიან ვადას გამოჰყოფს, ხოლო აქციზის გადასახადთან დაკავშირებით კი, სპეციალური გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრიდან და 1 ივლისიდან თამბაქოს აქციზზე გადასახადის გაზრდა ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენს.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, ფაქტ–მეტრი ასკვნის, რომ გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.