მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად იწევს ქვემოთ. დღეს დაახლოებით 5%-ის პარამეტრშია საპროცენტო განაკვეთი, ერთწლიან სახაზინო ვალდებულებებზე მაქვს საუბარი“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა სახაზინო ვალდებულებების, იგივე ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით და ფინანსთა მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული, ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებია, რომელთაც განსხვავებული ვადიანობა გააჩნიათ. ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუქციონის სახით ხდება, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს. აუქციონში მონაწილეობას კომერციული ბანკები იღებენ.
საშინაო ვალის აღება სწორედ სახაზინო ფასიანი ქაღალდების მეშვეობით ხდება. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზედაყრდნობით გავაანალიზეთ, თუ რა საპროცენტო განაკვეთში იღებს სახელმწიფო საშინაო ვალს და რამდენად შემცირდა ის.
გრაფიკი 1: 12
თვიანი სახაზინო ვალდებულებების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2013–2014 წლებში
როგორც ვხედავთ, 2014 წელს სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი იანვრიდან აპრილის ჩათვლით ზრდადი იყო, მაისის თვიდან ნოემბრის ჩათვლით კი, საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა 2013 წელსაც. წლევანდელი მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია.
2014 წელს, 2 წლიანი, 5 წლიანი და 10 წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენცია მეორე კვარტლიდან შეინიშნება. ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა სახელმწიფო საშინაო ვალის მაჩვენებლებით. მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით, საშინაო ვალი 2 509 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, მხოლოდ ფასიანი ქაღალდებით აღებული საშინაო ვალის ნაშთი (ე.წ. ისტორიული ვალის გარეშე) 1 857 მლნ ლარს შეადგენს.ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშიანაო ვალის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, საშინაო ვალის ყველაზე მაღალი ზრდა 2014 წელს დაფიქსირდა.
გრაფიკი 2:
სახელმწიფოს საშინაო ვალი (მლნ. ლარებში)
დასკვნა 2014
წლის მეორე კვარტლიდან 12 თვიანი სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთმა შემცირება დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 12 თვიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი 5.8% – 5.6% შეადგენს. მართალია არსებული საპროცენტო განაკვეთი მიმდინარე წლის სხვა მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ეს მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 1.4%-ით აღემატება. ამასთან, საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აჭარბებს მინისტრის მიერ დასახელებულ ციფრს – 5%-ს.
აღსანიშნავია, რომ სახაზინო ვალდებულებების და სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეშვეობით ხდება საშინაო ვალის აღება. ბოლო წლების (2009-2014) სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს საშინაო ვალის ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადება: „ერთწლიან სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად იწევს ქვემოთ. საპროცენტო განაკვეთი დღეს დაახლოებით 5%-ის პარამეტრშია,“ არის ნახევრად სიმართლე.