2014 წლის 22 აგვისტოს, BBC-ის რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში,

საქართველოს სახელწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის სასჯელის შემსუბუქების საკითხს შეეხო. მისი განცხადებით, ზოგიერთი პირისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა დაწესდეს. ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა: "ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზაციის პროცესში. იქ, დღის წესრიგში, მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სწორედ ამ მიმართულებით [სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შეცვლა]".

ფაქტ-მეტრი პაატა ზაქარეიშვილის აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი

ასოცირების ხელშეკრულების თანმხლები დოკუმენტია და იმ რეკომენდაციებისგან შედგება, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედების მიზნით შემდეგი სამი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

აღნიშნული დოკუმენტი მართლაც შეიცავს ნაწილს, სადაც საქართველოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონია ნახსენები. კერძოდ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნაწილში, ერთ-ერთი რეკომენდაცია შემდეგი სახითაა ფორმულირებული: "ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი".

მინისტრმა თავის ინტერვიუში ასევე განაცხადა: "იმის გამო, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვრის ამ მონაკვეთს კვეთენ, არ იციან, რომ ხვდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კანონი მათ მომართ უფრო ლიბერალური და ლოიალური უნდა იყოს". ზაქარეიშვილი სწორედ ამ არგუმენტს იყენებს დაგეგმილი ცვლილების გასამართლებლად, რომელმაც მინისტრის პოზიციით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის ნაცვლად ადმინისტრაციული ჯარიმა (კანონის დეკრიმინალიზაცია) უნდა დააწესოს. „ ... очень важно, чтобы нарушение грузино-российской государственной границы на отрезке Краснодарского края, в Сочи, в Адлере, чтобы оно не считалось уголовно наказуемым,“ - განაცხადა ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც ვხედავთ, მინისტრი რუსეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ საუბრობს, მაშინ როცა ასოცირების დღის წესრიგში მხოლოდ ადმინისტრაციულ საზღვარზეა საუბარი. ამასთან, ასოცირების დღის წესრიგი მხოლოდ ზემოთაღნიშნული ზოგადი ფრაზით შემოიფარგლება და აღარაფერს ამბობს, თუ რა მიმართულებით უნდა გადაიხედოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი, რათა მან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ვაჭრობას, მოგზაურობასა და ინვესტიციების წახალისებას შეუწყოს ხელი.

"

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანა ჯერ კიდევ 2013 წელს იგეგმებოდა. ოპონენტების პოზიციით, დაგეგმილი ცვლილებებით კანონი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმებს აწესებდა. კერძოდ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდებოდა ადმინისტრაციული დანაშაული, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულად რჩებოდა. თავის მხრივ, მთავრობა უარყოფდა ახალი სამართლებრივი რეჟიმების დაწესებას და იმ ფაქტით აპელირებდა, რომ სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვრის უკანონო გადაკვეთა განსხვავებული მუხლებით რეგულირდება.

ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე ორ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აწესებს, ვინაიდან ერთი და იმავე დანაშაულს განსხვავებული კვალიფიკაცია ენიჭება (იმისდა მიხედვით საქართველოს ოკუპირებულ თუ არაოკუპირებულ ნაწილშია დანაშაული ჩადენილი). პარლამენტმა მაშინ ამ კანონპროექტის განხილვა განუსაზღველი ვადით გადადო, თუმცა პაატა ზაქარეიშვილმა ზემოხსენებულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე უკვე  ამ ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცება მოხდებოდა.

ფაქტ-მეტრმა, ადრე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაც გაანალიზა, რომელიც ასევე საქართველოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. ქეთევან ციხელაშვილი მაშინ შემოთავაზებულ ცვლილებებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის რეკომენდაციით ხსნიდა. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტიც

ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტიციების წახალისების მიზნით კანონის გადახედვაზე საუბრობს და არანაირ კონკრეტულ რეკომენდაციას არ იძლევა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის დროს სისხლის სამართლის სასჯელი ადმინისტრაციული სასჯელი შეიცვალოს.

ასევე, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში 2013 წლის თებერვალში შევიდა. მაშინ როდესაც ასოცირების დღის წესრიგი მხოლოდ 2014 წლის ივნისში დამტკიცდა. აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში

არაფერია ნათქვამი ევროკავშირის რეკომენდაციებზე ან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტიციების წახალისებაზე. თავისთავად ცხადია, რომ ასოცირების დღის წესრიგი ვერ იქნებოდა აღნიშნული ცვლილების ინიცირების მიზეზი.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრს მიაჩნია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრის განცხადება სრულად არ ასახავს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგით განსაზღვრული რეკომენდაციის შინაარს და წარმოადგენს მის ვიწრო ინტერპრეტაციას. ასოცირების დღის წესრიგში საუბარია ადმინისტრაციული სასაზღვროს ზოლის გასწვრივ ვაჭრობის, მოგზაურობის და ინვესტიციების წახალისებისთვის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ადმინისტრაციული სასჯელის კვალიფიკაციის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას. ამასთან, კანონპროექტი ცვლილებების განხორციელების თაობაზე პარლამენტში ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებამდე გაცილებით ადრე შევიდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება: "ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზაციის პროცესში. იქ, დღის წესრიგში, მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი სწორედ ამ მიმართულებით [სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შეცვლა]," არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი