მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, ფაქტ-მეტრის რუბრიკის - „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში მკითხველმა ცოტნე გიორგაძემ, ფინანსთა მინისტრის განცხადების გადამოწმება გვთხოვა.
2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: „არცერთი განსაკუთრებით მაღალი პრემია პროკურატურაში არ გაცემულა”.ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
პრემიებთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრს რამდენიმე სტატია უკვე გამოქვეყნებული აქვს (იხილეთ ბმულები: 1, 2),თუმცა უშუალოდ პროკურატურაში გაცემული პრემიების შესახებ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ პროკურატურიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას გავეცანით.
2013 და 2014 (6 თვის მონაცემები) წლებში გაცემული პრემიების შესახებ IDFI-ის მიერ მოპოვებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2013 წელს, ჯამურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებს პრემიის სახით 1 646 027 ლარი აქვთ მიღებული, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში – 852 731 ლარი. პროკურატურა თითოეული თანამდებობის პირზე (სახელისა და გვარების მიხედვით) გაცემული პრემიების ოდენობას არ ასაჯაროებს. რაც შეეხება პროკურატურის სხვა თანამშრომლებს, ჯამში, 2013 წელს მათ პრემიის სახით 4 254 830 ლარი აიღეს, ხოლო 2014 წლის პირველ ნახევარში - 3 114 115 ლარი.მთლიანობაში, თანამდებობის პირებზე და სხვა თანამშრომლებზე 2012, 2013 და 2014 წლებში გაცემული პრემიების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
საქართველო მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა:„საქართველოს პროკურატურაში სულ 827 მუშაკი, მათ შორის - 50 თანამდებობის პირი, 392 პროკურორი, 84 გამომძიებელი, 18 სტაჟიორი, 283 სპეციალისტი, მრჩეველი და დამხმარე მოსამსახურე მუშაობს. 2014 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით საშუალო დარიცხული თვიური პრემიის ოდენობა საქართველოს პროკურატურაში თანამდებობის პირზე დაახლოებით 2 842 ლარს შეადგენს. თანამდებობის პირზე თვიურად დარიცხული ყველაზე მაღალი ერთჯერადი პრემია 7 530 ლარს შეადგენს.
საქართველოს პროკურატურის რიგითი თანამშრომლებისთვის დარიცხული პრემიის საერთო ოდენობა უპირველეს ყოვლისა განპირობებულია 2014 წელს პროკურატურის მუშაკთა რაოდენობის ზრდით (2012 წელს სულ იყო 664 მუშაკი, 2013 წელს - 721). 2014 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით, საშუალო დარიცხული თვიური პრემიის ოდენობა საქართველოს პროკურატურაში რიგით თანამშრომლებზე (პროკურორი, გამომძიებელი, სტაჟიორი) შეადგენს დაახლოებით 1 050 ლარს. რიგით თანამშრომელზე თვიურად დარიცხული ყველაზე მაღალი ერთჯერადი პრემია 5 215 ლარია“.
პროკურატურაში გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, სხვა სახელმწიფო უწყებებში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობასაც შევადარეთ. 2013 წელს საქართველოს პროკურატურაში თანამდებობის პირებზე სულ 1 642 027 ლარი გაიცა, რაც საშუალოდ თვეში 2736 ლარს შეადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2013 წელს 108 თანამდებობის პირებზე გაცემულია 1 325 776 ლარის პრემია და დანამატი, რაც ყოველთვიურად, საშუალოდ 1 022 ლარს წარმოადგენს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, 2013 წელს 44 თანამდებობის პირზე გაცემულია 1 070 738 ლარის პრემია და დანამატი – ყოველთვიურად, საშუალოდ 2 027 ლარი. როგორც ვხედავთ, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობრივ პირებთან შედარებით, პროკურატურაში თანამდებობს პირებზე თვეში საშუალოდ 1 700 ლარით მეტი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შედარებით - 700 ლარით მეტი პრემია გაცემულა.მეტი სიცხადისთვის, ფაქტ-მეტრი თანამდებობის პირებზე (სახელი და გვარების მიხედვით) გაცემული პრემიების ოდენობით დაინტერესდა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შესაბამისი კითხვით მიმართა. პროკურატურაში დაადასტურეს, რომ წერილი 19 სექტემბერს მიიღეს, თუმცა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პროკურატურიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. შესაბამისად, კითხვები პასუხგაუცემელი რჩება და ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
დასკვნაროგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 2013 და 2014 (6 თვე) წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში უფრო მეტი პრემია გაიცა ვიდრე 2012 წელს. პროკურატურა პრემიის ოდენობის ზრდას პროკურატურაში მუშაკთა რაოდენობის მატებით ხსნის. ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირებზე (სახელებისა და გვარების მიხედვით) გაიცა პრემიები და რა ოდენობით, თუმცა, ეს ინფორმაცია პროკურატურამ არ მოგვაწოდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოს პროკურატურაში გაცემული პრემიების რაოდენობა, ნამდვილად შეიგვიძლია შევაფასოთ როგორც მაღალი, რასაც სხვა სახელმწიფო უწყებებში გაცემულ პრემიების რაოდენობასთან შედარებაც ადასტურებს.
აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ფაქტ-მეტრი ამა თუ იმ უწყებაში წარმატებული შრომის შესაბამისად წახალისების მომხრეა და ნამდვილად არ ეწინააღმდეგება თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემას. თუმცა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების ღიაობა და საჯაროობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურამ არ გამოავლინა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: „არცერთი განსაკუთრებით მაღალი პრემია პროკურატურაში არ გაცემულა“, არის მეტწილად მცდარი.