2014

წლის 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს შემდეგი კითხვა დაუსვა: „გულწრფელად რომ გითხრათ, დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ადეკვატურად მიიჩნევთ იმ სოლიდურ თანხებს, რომელსაც მინისტრები საკუთარ თავს და ასევე ხელქვეითებს უწერდნენ... შთაბეჭდილება დარჩა და მე გთხოვთ, რომ დააზუსტოთ“. პასუხად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „პრემიების თემა რომ დავასრულოთ... გასულ წელს მინისტრების ხელფასი იყო 6 300 ლარი, მე იანვრის თვეში შევამცირე 1300 ლარით, ახლა აქვთ მინიმალური 5 000 ლარი. არანაირი სხვა დანამატი, პრემია მინისტრებს არ აქვთ“.

ფაქტ-მეტრი განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა. მიუხედავად ჟურნალისტის კითხვისა, პრემიერმა პასუხში აქცენტი მხოლოდ მინისტრების ხელფასებზე გააკეთა. შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა არა მხოლოდ მინისტრების, არამედ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების პრემირების საკითხიც გადაამოწმა.

საქართველოს კანონი - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას და საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრივ გამოყენებას ადგენს. ამასთან, მინისტრების ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, დანამატსა და პრემიას (კანონი

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ მუხ. 37).

თანამდებობრივი სარგოს მოცულობა დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის #43 ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 3 540 ლარია, საშემოსავლოს დაქვითვით კი 2 832 ლარი. რაც შეეხება მინისტრის ხელფასებზე ყოველთვიურ დანამატებს, მისი დადგენის უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს (საქართველოს მთავრობის #54 დადგენილება, მუხ. 5). სწორედ აღნიშნული უფლებამოსილება გამოიყენა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და 2013 წლის მარტიდან მინისტრებს (მათ შორის სახელმწიფო მინისტრებს) თითოეულ თვეში სახელფასო დანამატის სახით ფიქსირებული 4 335 ლარი დაუწესა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი მინისტრებზე პრემიების მოუწესრიგებელი გაცემის შეწყვეტა იყო. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს (3 540 ლარი) ფიქსირებული დანამატი (4 335 ლარი) დაემატა და სულ მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარი (საშემოსავლოს დაქვითვით 6 300 ლარი) გახდა.

მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერის ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა

და თვეში განსაზღვრული დანამატის ოდენობა 2 710 ლარამდე შეამცირა. ამდენად, ხელფასების შემცირება სახელფასო დანამატის კომპონენტში მოხდა, ყოველთვიური სარგო კი ისევ 3 540 ლარი (საშემოსავლოს დაქვითვით 2 832 ლარი) დარჩა. შესაბამისად, მინისტრების ხელფასი დანამატთან ერთად 6 250 ლარია (საშემოსავლო დაქვითვით 5 000 ლარი).

რაც შეეხება პრემიას, ის საჯარო მოსამსახურის ფინანასური წახალისების ფორმას წარმოადგენს და კონკრეტული საჯარო მოსამსახურის მიმართ არის მიმართული. საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს მის ზუსტ დეფინიციას, გაცემის მარეგულირებელ წესებს და დადგენილ ოდენობას.

აღსანიშნავია, რომ იმავე პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს პრემიების საკითხის მოგვარება უკვე დაევალა. მთავრობის 26 ივნისის სხდომის შემდეგ, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ განმარტა,

რომ დადგენილება, რომელიც პრემიების გაცემის წესს, მაქსიმალურ ზღვარს და პრემიების გამცემ პირთა წრეს განსაზღვრავს, შემუშავდა. მთავრობამ დადგენილება ტექნიკური შენიშვნებით მიიღო და პირველი ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროს პრეზენტაციაზე ერთიანი კონცეფცია იქნება წარმოდგენილი. ნინო კობახიძის განცხადებით, დადგენილებით განისაზღვრება და პასუხი გაეცემა, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში მიღება, დაწინაურება, რანგირება, გათავისუფლება. დადგენილების თანახმად, კვარტალში ერთხელ, ხელფასის არა უმეტეს 100%-იანი ოდენობის გაცემის უფლება უწყების ხელმძღვანელს (ზემდგომი თანამდებობის პირს) აქვს, ხოლო იმ უწყებებში, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარებიან, პრემიის გაცემა პრემიერთან შეთანხმებით განხორციელდება. ამ საკითხზე კონტროლი კი სახელმწიფო ხაზინას დაევალება.

რაც შეეხება უშუალოდ მინისტრების პრემირების საკითხს, ფაქტ-მეტრმა „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე“

არსებული მონაცემები გადაამოწმა. საიტზე თითოეული სამინისტროს მიერ დარიცხული შრომის ანაზღაურების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ოფიციალურად მიწოდებული დოკუმენტებია განთავსებული. მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მარტის თვის შემდეგ, მინისტრების მიერ პრემიის მიღების ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ პრემიერისთვის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა არამხოლოდ მინისტრების, არამედ მინისტრის მოადგილეების პრემიებსაც შეეხებოდა, თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება მხოლოდ მინისტრების ხელფასებსა და პრემიებზე გაამახვილა და ითხოვა, რომ ამით „პრემიების თემა დაესრულებინათ“. ფაქტ-მეტრმა მინისტრების დაქვემდებარებაში მყოფ პირთა მიმართ გაცემული პრემიები და ასევე პრემიების გაცემის განსხვავებული, დაურეგულირებელი პრაქტიკაც გადაამოწმა.

სამინისტროებიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ IDFI-ის მიერ პრემიების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია უპასუხოდ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სოფლის მეურნეობის სამისტროდან მოწოდებულია მხოლოდ გაცემული თანამდებობრივი სარგოების რაოდენობრივი მონაცემები. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, მათ მიერ მიწოდებულ იქნა ნაწილობრივი (საერთო ჯამური) მონაცემები. ამ მონაცემებიდან კი 2013 წლის მანძილზე გაცემული პრემიების რაოდენობის დადგენა ინდივიდუალურად მინისტრის მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებზე შეუძლებელია. გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, დიასპორის საკითხებში განმარტეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია „პერსონალური მონაცემების“ ნიშნებს შეიცავს და შეკითხვა მისი გაცემის დასაშვებობასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეგზავნა. ინფორმაცია გამოთხოვილი არ იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან, რომელსაც შრომის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხის ოდენობების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე აქვს განთავსებული. დანარჩენ სამინისტროებში მინისტრების მოადგილეებზე 2013 წლის მანძილზე გაცემული პრემიების რაოდენობა კი (ჯამურად) ასე გამოიყურება:

 

 

I მოადგილე

 

I მოადგილე

 

მოადგილე

 

მოადგილე

 

 

მოადგილე

 

მოადგილე

 

მოადგილე

 

სულ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

8 505

-

4 080

4 080

4080

(

დეპარტ. უფროსი)

9 330

-

30 075

ენერგეტიკის სამინისტრო

-

-

65 280

65 280

55 520

-

-

186 080

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

16 975

(8 თვე)

-

7 500

(4 თვე)

12 845

(8 თვე)

        -         -        -

37 320

 

იუსტიციის სამინისტრო

57 520

55 973

54 419

54 419

1 272

(1 თვე)

6 720

(1 თვე)

-

230 323

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

34 962

-

36 678

35 997

27 716

-

-

135 353

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

7 196

(2 თვე)

-

6 589

(2 თვე)

6 589

(2 თვე)

6 589

(2 თვე)

-

-

26 963

საგარეო საქმეთა სამინისტრო

-

-

165 548

-

-

-

-

165 548

სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო

47 200

-

35 360

59 840

3 120

(1 თვე)

35 360

 

-

180 880

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

20 720

(7 თვე)

-

20 300

(7 თვე)

2 720

(1 თვე)

2 720

1 თვე)

-

-

46 460

სპორტისა და აალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

25 060

-

4 820

(2 თვე)

26 320

19 770

(7 თვე)

-

-

75 970

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის

40 175

-

36 505

-

-

-

-

76 680

სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

33 150

-

-

-

-

-

-

33 150

როგორც ვხედავთ, სხვადასხვა სამინისტროში მინისტრის მოადგილეების მიმართ პრემიებისა და დანამატების გაცემის ერთიანი რეგულაცია დღემდე არ არსებობს, რის შედეგადაც, ზოგიერთ შემთხვევაში პრემიის ოდენობა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სამინისტროში მოადგილეების მიმართ დანამატების გაცემის სისტემა არ მოქმედებს, ხოლო თავდაცვის სამინისტროში პრემიების გაცემის ფაქტი 2013 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. მინისტრის მოადგილეები  თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურად დანამატებსაც იღებდნენ.

დასკვნა

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, თითოეულ თვეში თანამდებობრივი სარგოს ოდენობა მინისტრებისათვის 3 540 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით 2 832 ლარს) შეადგენს.

თანამდებობრივი სარგოს გარდა, მინისტრების შრომის ანაზღაურება დანამატსაც მოიცავს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის იანვრის ბრძანებით, 4 335 ლარიდან და 2 710 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებით უკვე ფიქსირებულ თანამდებობრივ სარგოს (3 540 ლარი), ასევე ფიქსირებული სახელფასო დანამატი (2 710 ლარი) დაემატა. საბოლოოდ კი მინისტრების (სახელმწიფო მინისტრების) თანამდებობრივი სარგო საშემოსავლოს დაქვითვით ასაღები 6 300 ლარიდან 5 000 ლარამდე შემცირდა. ამასთან, გარდა ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატისა, სხვა დანამატი არ არსებობს.

რაც შეეხება პრემიას, „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე“ არსებული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მარტის თვის შემდეგ მინისტრების მიმართ პრემიების გაცემის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ყურადღება მხოლოდ მინისტრების ხელფასებსა და პრემიებზე გაამახვილა, ჟურნალისტის შეკითხვა ასევე მინისტრების დაქვემდებარებაში მყოფ პირთა პრემიებსაც ეხებოდა. გადამოწმებული ინფორმაციით, ფინანსური წახალისების შემთხვევები და მრავალჯერადი პრემიების გაცემის ფაქტები მინისტრთა მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთა მიმართ კვლავაც გრძელდება.

სამინისტროებში დღემდე არ არსებობს პრემირების ერთიანი, დადგენილი სტანდარტები, რის შედეგადაც ადგილი აქვს ფინანსური წახალისების განსხვავებულ პრაქტიკას. ასევე, დაურეგულირებელია პრემიების გაცემის განსაზღვრული ოდენობა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 4 ივნისის პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრემირების საკითხის რეგულირება ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა. აღნიშნული რეგულაცია უკვე შემუშავებულია, რომელშიც გაწერილი იქნება პრემიების გაცემის წესი, სიხშირე და ოდენობა. კონცეფცია პირველი ივლისის პრეზენტაციაზე იქნება წარმოდგენილი.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „პრემიების თემა რომ დავასრულოთ... გასულ წელს მინისტრების ხელფასი იყო 6 300 ლარი, მე იანვრის თვეში შევამცირე 1300 ლარით, ახლა აქვთ მინიმალური 5 000 ლარი. არანაირი სხვა დანამატი, პრემია მინისტრებსარ აქვთ“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი