იტვირთება

2014 წლის 26 სექტემბერს, გადაცემა “რეაქციაში” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ საქართველოში შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებასა და პოლიციის მუშობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან განაცხადა: "ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება გახლავთ სწორედ სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც, განსხვავებით სააკაშვილისეური რეიდებისაგან, რომელიც ჩარჩენილი იყო პოლიციის შესახებ კანონში, არ ემსახურება რეპრესიას. ჩვენ ევროპულ სტანდარტს, ანუ მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, სადაც ადამიანის უფლებებს მაქსიმალურად ვიცავთ. დღეს ეს მინისტრის ბრძანებით ხდება, წინათ ეს არ იყო".

ფაქტ-მეტრმა ლევან იზორიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2013 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა “პოლიციის შესახებ” ახალი კანონი მიიღო. კანონის მიღების შედეგად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს “პოლიციის შესახებ” 1993 წელს მიღებული კანონი. ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს 2013 წლის 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბრის შემდეგ მოქმედი “პოლიციის შესახებ” კანონონები და მათში გაწერილი საპოლიციო ღონისძიებები შეადარა.

კანონის ახალი რედაქციით შეიცვალა როგორც პოლიციის უფლებამოსილებები, ისე კანონის ცალკეული თავები და მთლიანად კანონის სტრუქტურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს ახალ კანონს მთელი რიგი საპოლიციო ღონისძიებები დაემატა. 2013 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, “პოლიციის შესახებ” კანონში არსებული საპოლიციო ღონისძიებები პოლიციის მოვალეობებისა და უფლებების მუხლში იყო ჩამოთვლილი. აღნიშნული მუხლების თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილი იყო შეეზღუდა პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის უფლება, განეხორციელებინა ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები. ამასთან, ცალკე მუხლად იყო გამოყოფილი პოლიციელის მიერ პირის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლება, რომელიც დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზანს ემსახურებოდა. მე-91 მუხლის თანახმად, პოლიციელს უფლებამოსილება ჰქონდა პირი შეეჩერებინა, თუ არსებობდა გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. მსგავს გადაწყვეტილებას პოლიციელი იღებდა სრულიად დამოუკიდებლად, კონკრეტულ მომენტში საკუთარ განსჯაზე დაყრდნობით.

“პოლიციის შესახებ” კანონის ახალი რედაქციის თანახმად, სხვადასხვა ახალი საპოლიციო ღონისძიებები განისაზღვრა, როგორიცაა: პირის გამოკითხვა, პირის იდენტიფიკაცია, პირის მოწვევა, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური შემოწმება/დათვალიერება და სპეციალური საპოლიციო კონტროლი. იმისათვის, რომ ძველ და ახალ მექანიზმებს შორის განსხვავება დავინახოთ, ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ თითოეული საპოლიციო ღონისძიება.

პირის გამოკითხვა არის საპოლიციო ღონისძიება, როდესაც კანონით ზუსტად და ამომწურავად ჩამოთვლილ შემთხვევებში პოლიციას შეუძლია შეაჩეროს პირი, გამოკითხოს პერსონალური მონაცემები და მას პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა მოსთხოვოს. პირის იდენტიფიკაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც განსაკუთრებულ შემთხვევებში პოლიციას შეუძლია ჩაატაროს პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებები, როგორიცაა ანაბეჭდების აღება, ხმის ჩაწერა, ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება და ა.შ. პოლიციას ასევე აქვს უფლება, გასაუბრების მიზნით, შეტყობინებით მიიწვიოს პირი პოლიციაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, ან იგი აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად. ზედაპირული შემოწმება, ისევე როგორც სპეციალური შემოწმება, გულისხმობს პირის ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე, ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. დათვალიერება კი, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობს. სპეციალურ და ზედაპირულ შემოწმებასა და დათვალიერებას შორის ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სპეციალური შემოწმება და დათვალიერება სპეციალურ რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტარდება.

სხვა ახალ საპოლიციო ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური საპოლიციო კონტროლი. ეს არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე, განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, განხორციელებული შემოწმება. მსგავსი შემოწმების ჩატარება შესაძლებელია, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული. სპეციალური საპოლიციო კონტროლი მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზეპირი განკარგულების საფუძველზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს.

სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის სრულიად ახალი ღონისძიება, რომელიც „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის რედაქციით დამკვიდრდა. კანონის ძველ რედაქციაში საერთოდ არ არსებობდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის მექანიზმი. არსებობდა მხოლოდ შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ღონისძიება, რომელიც კანონის ახალ რედაქციაშიც გვხვდება.

სპეციალური საპოლიციო კონტროლისა და სხვა ახალი საპოლიციო ღონისძიებების შემოღებას აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “EMC”. არასამთავრობოები სახიფათოდ მიიჩნევდნენ პოლიციის მხრიდან ასეთი ინტენსივობის პრევენციული ფუნქციების განხორციელებას.

დასკვნა

2013 წლის 4 ოქტომბერს “პოლიციის შესახებ” ახალი კანონი ამოქმედდა. კანონის თანახმად, სხვადასხვა ახალი საპოლიციო ღონისძიებები შემოვიდა. ამ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიებაა. აღნიშნული ღონისძიება ნამდვილად ხორციელდება მინისტრის განკარგულების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, „პოლიციის შესახებ“ კანონის ძველი რედაქციის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლი და მისი მსგავსი მექანიზმი (ე.წ. „რეიდები“) ადრე საერთოდ არ არსებობდა. პოლიციელს მხოლოდ პირის გაჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლებამოსილება ჰქონდა. შესაბამისად, ლევან იზორიას კონტექსტი მცდარია, როდესაც ის აცხადებს, რომ „პოლიციის შესახებ“ ძველი კანონის მოქმედების ფარგლებში ჩატარებული "რეიდები" რეპრესიების მიზანს ემსახურებოდა. როგორც ირკვევა, 2013 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედ „პოლიციის შესახებ“ კანონში საერთოდ არ იყო მსგავსი საპოლიციო ღონისძიება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან იზორიას განცხადება არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3138 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი